Accessibility links

logo-print
საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს მთავარ პროკურორს და წინასწარი გამოძიების დაწყებას ითხოვს ქსნის მე-15 დაწესებულებაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ლაპარაკია ორი მოშიმშილე მსჯავრდებულის შესაძლო ცემისა და შიმშილობის აქციის იძულებითი შეწყვეტის შესახებ. სახალხო დამცველის რეკომენდაციას თან ახლავს მსჯავრდებულთა ახსნა-განმარტებები და გარეგნული დათვალიერების ოქმები, რომელთა მიხედვითაც მსჯავრდებულებს აღენიშნებათ სისხლჩაქცევები ზედა კიდურებსა და ზურგზე, ნახვრეტი ჭრილობები ტუჩებზე. რა მოხდა ქსნის მე-15 დაწესებულებაში?

მსჯავრდებულთა გადმოცემით, მათ ცემის შეეშინდათ და მიიყენეს თვითდაზიანება, კერძოდ, გადაიჭრეს ხელები. მსჯავრდებულთა გადმოცემით, სამედიცინო დახმარება გაეწიათ 30–40 წუთის შემდეგ, ისიც პატიმარი ექიმის დახმარებით ...
2010 წლის 21 დეკემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულმა ახსნა–განმარტება ჩამოართვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაბა ქსნის #15 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს გ. ო.–ს და შ. ნ.–ს, რომლებმაც, მათივე განმარტებით, 2010 წლის 16 დეკემბერს შიმშილობა გამოაცხადეს და პირი ამოიკერეს, რადგანაც არ ეძლეოდათ მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტები. პროტესტის ოფიციალურად დასაფიქსირებლად მსჯავრდებულებმა მიმართეს მორიგეს და ცვლის უფროსს, რათა, კანონის შესაბამისად, ინფორმაცია მიეწოდებინათ აღნიშნული დაწესებულების სოციალური სამსახურის მუშაკისთვის, თუმცა, როგორც სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ამბობს, მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა:

„ფაქტის დაფიქსირების მაგივრად, დაიწყო ზეწოლა ამ ორ პირზე, რათა შეეწყვიტათ შიმშილობა. ისინი ამბობენ, რომ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა; გარდა ამისა, ძალის გამოყენებით გაუხსნეს ამოკერილი პირი.“

სახალხო დამცველის რწმუნებულისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში განსასჯელები ამბობენ, რომ შიმშილობის ფაქტის დაუფიქსირებლობის გამო შელაპარაკება მოუვიდათ ცვლის უფროსთან, რომელიც მათ ცემით დაემუქრა:

„მსჯავრდებულთა გადმოცემით, მათ ცემის შეეშინდათ და მიიყენეს თვითდაზიანება, კერძოდ, გადაიჭრეს ხელები. მსჯავრდებულთა გადმოცემით, სამედიცინო დახმარება გაეწიათ 30–40 წუთის შემდეგ, ისიც პატიმარი ექიმის დახმარებით. შემდეგ ისინი აიყვანეს დირექტორის ოთახში, სადაც მათ დაემუქრნენ, რომ თუ არ შეწყვეტდნენ შიმშილობას, დაუმატებდნენ სასჯელს და ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. მსჯავრდებულები აღნიშნავენ, რომ მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.“

მსჯავრდებულთა თქმით, ამ ინციდენტს ადგილი ჰქონდა 16 დეკემბერს. ერთი დღის შემდეგ მათ კვლავ მოითხოვეს სოციალური სამსახურის თანამშრომელთან შეხვედრა, მაგრამ მის ნაცვლად მოშიმშილე პატიმრებთან საპყრობილის თანამშრომლები მივიდნენ და ფიზიკური ძალის გამოყენებით გაუხსნეს ამოკერილი პირები. სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ამბობს, რომ დათვალიერებისას პატიმრებს აღმოაჩნდათ დაზიანების კვალი, ნაჭდევებისა და სიხლჩაქცევების სახით.

დაბა ქსნის მე-15 დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის შესახებ განმარტებას არ იძლევა არც სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და არც სასჯელაღსრულებისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს პრესსამსახური. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ხათუნა იოსავა კი ამბობს, რომ სახალხო დამცველის წერილის საფუძველზე უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

უნდა ითქვას, რომ ქსნის დაწესებულება პირველად როდი მოხვდა პროკურატურისა და სახალხო დამცველის აპარატის თვალსაწიერში. 2010 წლის აგვისტოსა და სექტემბერში საპყრობილის ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა პატიმრების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG