Accessibility links

ქართველ უხუცესთა საბჭო აფხაზ უხუცესებს საახალწლო მილოცვას უგზავნის


დაახლოებით თვე-ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც აფხაზეთის ქართველ უხუცესთა საბჭომ პირველი მიმართვა გაავრცელა აფხაზეთის უხუცესთა საბჭოსადმი, რომელსაც გამოხმაურება ჯერჯერობით არ მოჰყოლია. ამჯერად ქართველი უხუცესები აფხაზ უხუცესებს საახალწლო მილოცვას უგზავნიან და იმედს გამოთქვამენ, რომ მათგან პასუხს ამჯერად მაინც მიიღებენ. როგორც მიმართვის ავტორები ფიქრობენ, მხოლოდ სახალხო დიალოგის მეშვეობით შეიძლება აღდგეს აფხაზებსა და ქართველებს შორის დაკარგული ურთიერთობა. ისინი აფხაზ უხუცესებთან შეხვედრას ითხოვენ: შევხვდეთ პირისპირ, შუამავლების გარეშე და ერთად ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ აღვადგინოთ ურთიერთობა და ერთობლივი მშვიდობიანი თანაცხოვრებაო.

მას შემდეგ, რაც თვე-ნახევრის წინ ქართველ უხუცესთა საბჭომ პირველი მიმართვა გაავრცელა, რადიო თავისუფლება აფხაზეთის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარეს კონსტანტინე ოზგანს დაუკავშირდა. მისი თქმით, ისინი ქართველ უხუცესთა საბჭოს წევრებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდებიან, თუკი საუბრის თემა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება იქნება.

უნდა ვცადოთ ყველა გზა, რაც საბოლოო შერიგებამდე მიგვიყვანს. ჩვენთან ხანდახან გაისმის, რომ დავკარგეთ ტერიტორიები. ჩემი აზრით, ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, დავკარგეთ ჩვენი სისხლი და ხორცი, აფხაზები ...
ქართველთა მიმართვის ტექსტი კი სრულიად სხვა შინაარსისაა და ასე იწყება: „ძვირფასო მეგობრებო, ძმებო! ომის პოლიტიკამ მიიყვანა ქართველი და აფხაზი ხალხები საერთო ტრაგედიამდე, ათასობით უდანაშაულო ადამიანის დაღუპვამდე. სიძულვილს არავისთვის მოაქვს სიკეთე, მით უმეტეს, აფხაზებისა და ქართველებისათვის.“

ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ მივმართოთ ჩვენს აფხაზ ძმებს, მივულოცოთ ახალი წელი და იმედი ვიქონიოთ, რომ მათგან შემხვედრ პასუხს მივიღებთ, ამბობს, კონსტანტინე მარშავა, აფხაზეთის ქართველ უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე: “გვინდა მივულოცოთ ჩვენს აფხაზ მეგობრებს, ნათესავებს, მეზობლებს დამდეგი 2011 წელი, მინდა მშვიდობა და სიყვარული ყოფილიყოს. იმ ცხოვრების აღდგენა მინდა ვუსურვო ორივე მხარეს, რომელი ცხოვრებითაც გვიცხოვრია ჩვენც და ჩვენს წინაპრებსაც. რა გვაქვს ჩვენ გასასხვისებელი? ჩვენი სურვილია, აღვადგინოთ მისვლა-მოსვლა, ვნახოთ ნათესავები, ახლობლები, მამა-პაპის საფლავები... გვენატრება სასაფლაოსთან მისვლა, მათი დატირება”, - ამბობ კონსტანტინე მარშავა.

აფხაზეთში დარჩენილი აფხაზი და ქართველი მეგობრების გრძელი სია უჭირავს ხელში მამანტი ჯოლიას, უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს. ცდილობს ჩამოთვლისას არავინ გამორჩეს: ”რა დამავიწყებს გულწრფელ მეგობრობას აფხაზი და ქართველი ხალხის შესანიშნავ შვილებთან: შოთა ჭოლოკუასთან, რუშნი კორტავასთან, ალექსანდრე ჭამბასთან, რაულ კორტავასთან...”

მე ვამაყობ, რომ ჩემს ძარღვებში აფხაზური სისხლიც ჩქეფს და გული მტკივა, რომ ორი ერი ერთმანეთს გავემიჯნეთ და ძმებმა ვხოცეთ ერთმანეთიო, -ამბობს მამანტი ჯოლია. 18 წლის შემდეგ, ჩვენ ახლა ვცდილობთ აღვადგინოთ ურთიერთნდობა და კავშირი ძველ მეგობრებს შორისო, ამბობს ის: ”უნდა ვცადოთ ყველა გზა, რაც საბოლოო შერიგებამდე მიგვიყვანს. ჩვენთან ხანდახან გაისმის, რომ დავკარგეთ ტერიტორიები. ჩემი აზრით, ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, დავკარგეთ ჩვენი სისხლი და ხორცი, აფხაზები. ეს კი უფრო მეტია, ვიდრე ტერიტორია. დროა დავივიწყოთ მწარე გაკვეთილები, თანდათანობით აღვადგინოთ ძველი, მეგობრული ურთიერთობები. ვიცი, რომ ეს ძალიან ძნელია, მაგრამ მჯერა, რომ ამით აღვასრულებთ აფხაზი და ქართველი ხალხების წინაპართა სანუკვარ ოცნებას ჩვენი ერთად ყოფნისა”, - ამბობს მამანტი ჯოლია.

აფხაზებისა და ქართველების შუღლს ხალხთა დიპლომატია უშველისო, ამბობს მირიან ჯალაღონია, უხუცესთა საბჭოს წევრი, და აფხაზეთიდან მეგობრის ერთ სატელეფონო ზარს იხსენებს: ”ერთმა მეგობარმა დამირეკა, როგორ გვენატრებიო, მაგრამ მითხრა, ექსკურსიაზე თუ ჩამოხვალო. მე ვუთხარი, ექსკურსია რად გვინდა, ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ-მეთქი და ასეც უნდა იყოს.”

იმ ოთახში, საიდანაც ქართველი უხუცესები აფხაზი უხუცესებისათვის ხმის მიწვდენას ცდილობენ, ცივა, ძალიან ცივა. მათ არ იციან, ეს საახალწლო მილოცვა მიუვა თუ არა აფხაზებს, ჯერჯერობით არც ის იციან, ამ საახალწლო მილოცვას მაინც თუ მოჰყვება იქიდან გამოხმაურება. ამბობენ, რომ წრფელი გულით სწამთ მათი ყურადღებისა და იმედოვნებენ, რომ ისინი აუცილებლად გამოეხმაურებიან, მანამდე კი კადრებს იდგენენ წარსულიდან, იმდროინდელ კადრებს, როცა ომი არ იყო, როცა მზე ზღვაში აფხაზებისა და ქართველებისათვის ერთნაირად ჩადიოდა: ”მეგრული ჯარგვალი რომ მქონდა, აი, ის მენატრება, მენატრება მეზობლები, აფხაზი მეგობრები, მენატრება სანაპირო. მახსოვს, ყოველ დილით, სანაპიროზე ვგროვდებოდით აფხაზები და ქართველები და ერთად ვსვამდით ყავას, მერე კი სამსახურებში მივდიოდით”, - იხსენებს მირიან ჯალაღონია.
XS
SM
MD
LG