Accessibility links

logo-print

აფხაზეთ–სამეგრელოს პირობით საზღვარზე წინასაახალწლოდ შეღავათები ვრცელდება


ენგურის ხიდი

ენგურის ხიდი

ენგურს გაღმა საგუშაგოზე, სადაც აფხაზი მესაზღვრეები იმყოფებიან, ზუგდიდში გადმომსვლელ გალელ პენსიონერებს, მოხუცებს და ავადმყოფებს შეღავათებს უწევენ. რადიო თავისუფლების რესპონდენტების ცნობით, აფხაზი სამხედროები ასეთ მოქალაქეებს ე.წ. საშვებს არ სთხოვენ და ეუბნებიან, რომ შეღავათი მხოლოდ წინასაახალწლო დღეებში ვრცელდება.

აფხაზი მესაზღვრეებისგან განსხვავებით, ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთას კატეგორიულად უკრძალავს გალელ მოსახლეობას რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლობა, რომელიც პირობითი საზღვრის მთელ პერიმეტრზეა ჩასაფრებული. სიდელი მამაკაცის ცნობით, ის ზუგდიდში ცენტრალური ხიდის გავლით გადმოვიდა. ე.წ. შემოვლით გზებზე რუსი სამხედროების გამოჩენისას აფხაზი სამხედროები ტყეში იმალებიან, რადგან, როგორც რესპონდენტი ჰყვება, მათ პირობითი საზღვრის გაკონტროლება ეკრძალებათ.
რაც შეეხება ე.წ. საშვებს, რომელსაც გასულ თვეებში გალის აფხაზური საპასპორტო განყოფილება გასცემდა და რუსი სამხედროები არ ცნობდნენ, ამჟამად მას, როგორც გალელი რესპონდენტი ამბობს, ახლად გახსნილი საკონტროლო გამშვები პუნქტი რუსი ოფიცრის ზედამხედველობით გასცემს.

რადიო თავისუფლების კიდევ ერთი ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფმა რუსული სასაზღვრო ძალების სარდლობამ დეკემბრის დასაწყისში გალის რაიონის ყველა სოფელს თითო ავტობუსი გადასცა, რომელიც გალის ბაზრის მიმართულებით კვირაში სამ რეისს ასრულებს. გალელი რესპონდენტების ცნობით, მგზავრობა 200 რუსული რუბლი ღირს, რაც ორჯერ აღემატება ზუგდიდი-გალის ავტობუსით მგზავრობის საფასურს.
XS
SM
MD
LG