Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტი კმაყოფილია ბარაკ ობამასთან თანამშრომლობით


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა დადებითად დაახასიათა თავისი ამერიკელი კოლეგა ბარაკ ობამა. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში მედვედევმა ობამას უწოდა „ლიდერი, რომელიც დაპირებებს ასრულებს“. ხუთშაბათს, გვიან საღამოს, ობამა და მედვედევი ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრნენ. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სენატმა რატიფიკაცია გაუკეთა START-ს - ხელშეკრულებას სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირების შესახებ. კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ რატიფიკაციის ფაქტმა „განამტკიცა რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთპატივისცემისა და კონსტრუქციული პარტნიორობისთვის გაწეული ძალისხმევით მიღწეული შედეგები“. ორი სახელმწიფოს მეთაურებმა მაღალი შეფასება მისცეს მოსკოვისა და ვაშინგტონის გაღრმავებული თანამშრომლობის შედეგებს. იმისთვის, რათა ძალაში შევიდეს, ხელშეკრელების რატიფიკაცია რუსეთის სახელმწიფო სათათბირომაც უნდა მოახდინოს. დღეს სათათბირომ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი START-ის ხელშეკრულების რატიფიკაციის შესახებ. მეორე მოსმენა იანვრის შუა რიცხვებისთვის არის დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG