Accessibility links

logo-print
როდესაც პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი მინსკში უმოწყალოდ უსწორდებოდა საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეფონით დაურეკა ალექსანდრ ლუკაშენკოს და მას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

საქართველოს ლიდერი, რომელიც ოთხი წლის წინათ ბელორუსიის დემოკრატიულ ოპოზიციას უჭერდა მხარს დიქტატორ ლუკაშენკოს წინააღმდეგ, დღეს ერთი სიტყვითაც არ გამოსარჩლებია საპატიმროებში გამომწყვდეულ ოპოზიციის ლიდერებსა და ჟურნალისტებს, რომლებსაც ბელორუსიის რეჟიმი ხანგრძლივი პატიმრობით ემუქრება. მეტიც, სააკაშვილის ამ ერთი მძიმე ზარის გამო საქართველო აღმოჩნდა მარგინალურ კომპანიაში - ვენესუელასთან, ყაზახეთთან, თურქმენეთთან, ტაჯიკეთთან, აზერბაიჯანთან, ჩინეთთან, ირანსა და თვითგამოცხადებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად, რომელთა ლიდერებმა ლუკაშენკოს ასევე მიულოცეს გამარჯვება; მაშინ, როდესაც დემოკრატიული სამყაროს წარმომადგენლები ჯერჯერობით თავს იკავებენ ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ცნობისგან.

არნახულმა ძალადობამ ბელორუსიაში დასავლეთს საბოლოოდ გაუქარწყლა ისეთად საკმაოდ სუსტი იმედი ლუკაშენკოს სასიკეთო მეტამორფოზისა. ლუკაშენკოს ბრძანებით დემონსტრაციის დარბევისა და ოპონენტების დაპატიმრების შემდეგ ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ „ბელორუსიასთან ურთიერთობას გადასინჯავენ“.

მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბელორუსიის პრეზიდენტს დასავლეთისაგან კიდევ უფრო ღრმა პოლიტიკური იზოლაცია ელის. სამაგიეროდ, ამ რთულ ვითარებაში მეგობარ ალექსანდრს გამოუჩნდნენ ქომაგები იმ პოლიტიკური ლიდერების სახით, რომლებისთვისაც ასევე არ არის უცხო დიქტატი, არჩევნების გაყალბება, პოლიტიკური ოპონენტების დევნა-შევიწროება ან, ზოგ შემთხვევაში, სულაც მათი ფიზიკური განადგურება. სამწუხაროდ, ამ გაუგებრობაში აღმოჩნდა საქართველოს პრეზიდენტიც. თუმცა, მისი ამ ნაბიჯის გასამართლებლად მისი თანამოაზრეები და ექსპერტთა ნაწილი შეგვახსენებენ, რომ სააკაშვილის საქციელს აქვს სულ სხვა და, ამ ხალხის მტკიცებით, სახელმწიფო ინტერესებით ნაკარნახევი მოტივაცია: „ბელორუსიამ პრინციპული პოზიცია დაიკავა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხში. ასეთ ფონზე ბუნებრივი და ნორმალურია, რომ ბელორუსიის პრეზიდენტმა ჩვენი მხრიდან მილოცვა მიიღო.“

ასეთი ლოგიკით ამართლებს ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი და ექსპერტი მიხეილ სააკაშვილის მიერ განხორციელებულ მისალოც ზარს ბელორუსიის ლიდერის პირად ნომერზე.

არ დავმალავ, დაახლოებით ანალოგიური არგუმენტით ვცდილობ საქართველოს ლიდერის გამართლებას იმ ჩემს ბელორუს კოლეგებთან, რომლებიც ამ დღეებში ინტერნეტის საშუალებით მიტრიალებენ ერთსა და იმავე შეკითხვებს: რატომ ქართველი მეთვალყურეები? რატომ ბუბა კიკაბიძე? რატომ მიხეილ სააკაშვილი? ქართველი მეთვალყურეები, რომლებიც თვალს ხუჭავდნენ არჩევნების პროცესში მომხდარ დარღვევებზე; ბუბა კიკაბიძე, რომელიც მინსკში მღეროდა მაშინ, როცა პოლიციის „სპეცნაზი“ მშვიდობიან მომიტინგეებს სცემდა; და მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო მილოცვა - ეს ყველაფერი ბელორუსიის საზოგადოების პროგრესული ნაწილის თვალში არის არა უბრალო დამთხვევა, არამედ ლუკაშენკოს მხარდამჭერი, გააზრებული სტრატეგიის შემადგენელი ნაწილები.

მაგრამ მეც და ყველა ის ადამიანიც, ვისაც „ნორმალური და ბუნებრივი“ ჰგონია დიქტატორი პრეზიდენტის აღიარება მისგან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის არაღიარების სანაცვლოდ, შესაძლოა, ვუშვებდეთ ერთ ფუნდამენტურ შეცდომას, რისთვისაც მომავალში იქნებ კიდევ უფრო მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა მოგვიხდეს, ვიდრე დროებით ოკუპირებული ტერიტორიების სახით გადავიხადეთ იმისათვის, რომ უფრო დავახლოვებოდით ევროპულ სივრცეს.

ეს საფასური კი, შესაძლოა, იყოს დასავლეთის მხარდაჭერის საბედისწერო დაკარგვა მაშინ, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ, როგორც იქნა, დააღწია თავი საერთაშორისო იზოლაციას.

ვგულისხმობ იმას, რომ ევროკავშირი, ნატო, შეერთებული შტატები და ყველა ის სახელმწიფო თუ ინსტიტუტი, რომელიც, ფართო გაგებით, დასავლეთთან და დასავლურ ფასეულობებთან ასოცირდება, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ და ეს განწყობა, როგორც ხელისუფლება ამტკიცებს, არათუ არ ნელდება, არამედ, პირიქით, ძლიერდება.

მეორე მხარეს კი არიან რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა და ნაურუ, რომლებმაც, მართალია, ცნეს სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი, მაგრამ შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების მტკიცე პოზიციის გამო, ამაზე გაიყინა რუსეთის მიერ გამოგონილი ახალი სახელმწიფოების აღიარების ტალღა.

მოკლედ, ერთ მხარეს არიან ევროკავშირი და ნატო, რომელთაც საქართველოს მიმართ, ცხადია, მოთხოვნებიც აქვთ: ტოტალიტარული მემკვიდრეობისგან გათავისუფლება, საზოგადოებისათვის უსაფრთხოების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბება, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, სიტყვის თავისუფლების და საკუთრების უფლების დაცვა, კონკურენტუნარიანი საარჩევნო და ბიზნესგარემოს შექმნა და ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება. არც ერთი ეს მოთხოვნა არ არის საქართველოსათვის თავსმოხვეული, კაბალური, და არ შეიცავს კონსპიროლოგთა საყვარელი პოლიტიკური შანტაჟის ელემენტებს, თითქოს საქართველოსაგან ევროკავშირთან დაახლოების საფასურად ვინმე ითხოვდეს კულტურულ ტრადიციებზე ანდა საკუთარ იდენტობაზე უარის თქმას.

მეორე მხარეს კი არიან არაპროგნოზირებადი რეჟიმები, რომლებიც, რუსეთისაგან ეკონომიკური თუ ფინანსური დახმარების სანაცვლოდ, შესაძლოა, სამომავლოდ დათანხმდნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას, ანდა, პირიქით, პოლიტიკურ შანტაჟზე წავიდნენ და, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების სანაცვლოდ, საქართველოს ხელისუფლებას წაუყენონ მიუღებელი პირობები, როგორიცაა, მაგალითად, გაყალბებული არჩევნების გზით მოპოვებული გამარჯვების აღიარება, მათი პოლიტიკური კლანის კრიმინალური ინვესტიციებისა და მომსახურებისათვის სასათბურე პირობების შექმნა ქვეყნის შიდა ბაზარზე და ა.შ.

ისტორიულად საქართველოს ყოველთვის უწევდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის წინააღმდეგობრივი ინტერესების დაბალანსება. ეს ასე იქნება მომავალშიც. მაგრამ არის განსხვავება ინტერესთა ბალანსსა და ინტერესებზე სახიფათო თამაშს შორის.

ჰეიდარ ალიევის ძეგლი თბილისში, ან ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის ნაჩქარევად ნათქვამი მოლოცვა სახიფათო თამაშს უფრო წააგავს, რაც, საქართველოს, შესაძლოა, დასავლელი მეგობრების სიმწრით მოპოვებული კეთილგანწყობის დაკარგვის ფასად დაუჯდეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG