Accessibility links

”24 საათი” ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის დიკ მარტის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე წერს სტატიაში, სათაურით ”ფარული დიალოგი დე ფაქტო რეჟიმებთან”. საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორს სერგი კაპანაძეს გაზეთის კორესპონდენტისთვის უთქვამს: ”იმ დროისთვის, როდესაც დიკ მარტი საქართველოში იმყოფებოდა, ჩვენ მისი და მარიონეტული რეჟიმების შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ გაგვაჩნდაო” და დასძენს: ”ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან ამ საკითხზე ახლაც ვმუშაობთ. ჩვენ მარტის ამ მაბიკის მიმართ უკიდურესად მწვავე პოზიცია გვაქვს.” -

”ვერსიის” პირველ გვერდზე ლეიბორისტთა ერთ-ერთ ლიდერ ნესტან კირთაძესთან ინტერვიუდან ნაწყვეტია გამოტანილი. ინტერვიუში ის კათალიკოს-პატრიარქთან შეხვედრის შესახებ ჰყვება და ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემის მიმართ მის დამოკიდებულებას აღწერს: ”პატრიარქი განსაკუთრებით განრისხებული იყო იმის გამო, რომ გადაცემაში სრულიად დამამცირებელი ფორმით, შინაარსით, საშიში აქცენტებითა და ქვეტექსტებით შეეცადნენ აეგორებინათ ახალი ტალღა საქართველოს პატრიარქის, წმინდა სინოდისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. გეუბნებით, მინახავს პატრიარქი ღიმილიანიც, მოსიყვარულეც, მკაცრიც, ცრემლმორეულიც კი, მაგრამ ასეთი განრისხებული - არასოდეს”, - ამბობს ნესტან კირთაძე, რომელთან ინტერვიუსაც ”ვერსია” აქვეყნებს.

”ვერსიის” ჟურნალისტი შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე ირინა სარიშვილს ეკითხება. ის ამბობს: ”ოპოზიციაში კომპრომატების მოძიება ძნელი არავისზეა. ვისაც რაღაც არ ახსოვს, ხელისუფლება გაახსენებს. სირცხვილის გრძნობა მაინცდამაინც არც ხელისუფლებას აქვს და ამით დიდად არც ოპოზიციაშია ვინმე შეწუხებული. ამიტომ, თუ რამე გამორჩა ოპოზიციას, შეახსენებენ. ხელშეუხებელი არავინ დარჩება. ალბათ, ”ფორუმის” გარდა. ისიც იმიტომ, რომ ”ფორუმი” თავის საუკეთესო ბაზისს კარგი მოძრაობის შექმნისთვის ვერ იყენებს. საწყენია, რომ ამ დაბინძურებულ ვითარებაში თავის ადგილს ვერ პოულობს.”

”ასავალ-დასავალის” პუბლიკაციით წამოწყებული ამბის შესახებ პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილიც ლაპარაკობს ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში. ცისკარიშვილი თვლის, რომ ”ეს სკანდალი” ახლა მხოლოდ იწყება და ”ჯერ შორს არის პიკისგან”: ”შემიძლია მხოლოდ ვთქვა, რომ ეს არის გარკვეული ხარაკირი ოპოზიციური სპექტრის არცთუ მცირე ნაწილისთვის და, შესაძლოა, ეს სწორედ ის დათვური სამსახურია, რომელიც ქმარს ცოლისთვის არ უნდა გაეწია. ამაზე მეტს ამჟამად ვერ ვიტყვი. მით უმეტეს, ისევ ვამბობ, რომ არ ვარ დარწმუნებული, რომ უთუოდ დაადასტურებენ ყოველივეს, რაც წავიკითხეთ.”

”რეზონანსი” წერს, რომ ”ბურჯანაძე-გაჩეჩილაძის დებატები, სავარაუდოდ, ”საზოგადოებრივ მაუწყებელზე” შედგება”: ”როგორც გაჩეჩილაძის პრესსამსახურში აცხადებენ, დებატების გამართვის მზადყოფნა ჯერჯერობით მხოლოდ ”საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” და ”მაესტრომ” გამოთქვეს. თუკი იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ ტექნიკური მიზეზების გამო ”მაესტროს” მაუწყებლობა შეჩერებულია, დიდი ალბათობით, ეს დებატები სწორედ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერით გავა” - წაიკითხავთ ”რეზონანსში”, რომლის კორესპონდენტი დღევანდელ ნომერშივე სხვა სტატიაში წერს, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, ” ‘მაესტროს’, ფინანსური პრობლემები შეექმნა”.

”საქართველოს რესპუბლიკა” მკითხველს მოუწოდებს, გამოავლინოს ქართულ პოლიტიკაში 2010 წლის ”ყველაზე, ყველაზე, ყველაზე უფრო ქლესა, მედროვე და პატივმოყვარე” პოლიტიკოსები.
XS
SM
MD
LG