Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა ინფლაციასთან ბრძოლას აპირებს


საქართველოს მთავრობის სხდომა სათაფლიის მღვიმეში
საქართველოს მთავრობის სხდომა სათაფლიის მღვიმეში
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დავალებით საქართველოს მთავრობამ უახლოესი ორი კვირის მანძილზე უნდა წარმოადგინოს ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა. ასეთი ვალდებულება მინისტრთა კაბინეტმა პრეზიდენტისგან ერთი კვირის წინ სათაფლიის მღვიმეში გამართულ მთავრობის სხდომაზე აიღო. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, წლიურმა ინფლაციამ 10 პროცენტს გადააჭარბა, რაც, ბანკის აზრით, ძირითადად, მსოფლიოში სურსათის გაძვირებითაა გამოწვეული.

წელს კვების პროდუქტები გაძვირდა - მათ შორის, საბაზისო კვების პროდუქტები: წიწიბურა, შაქარი, ხორბალი. ჯერ კიდევ გაურკვეველია მომავალი წლის მოსავლის ბედი. მე არ მინდა, ჩვენი ხალხი მოვატყუოთ. ინფლაციური პროცესები გაძლიერდება...
საქართველოს მოსახლეობის არცთუ უმნიშვნელო ნაწილი ბოლო დროს ხშირად უჩივის სამომხმარებლო ფასების მატებასა და ინფლაციას:

”რამდენად, არ ვიცი, მაგრამ რომ გაიზარდა, ამას ყველა ვხედავთ. არ ვიცი, ეს მთავრობის ბრალია, თუ დრომ მოიტანა. არ ვიცი, საით მივდივართ...”

”ყველაფერმა მოიმატა, პროდუქტის ფასებმა. ჩვენი ბიუჯეტი არ იზრდება...”

მოქალაქეთა წუხილს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც 17 დეკემბერს სათაფლიის მღვიმეში გამართულ მთავრობის სხდომაზე. პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში მზარდი ინფლაცია მსოფლიო ბაზარზე პირველადი მოხმარების პროდუქციის ფასების მატებამ გამოიწვია:

”ჩვენი მთავარი გამოწვევა დღეს არის არა ეკონომიკის ზრდა, რომელიც უდავოდ ძალზე მნიშვნელოვანია, არამედ ინფლაცია. ჩვენს ხალხს ყოველდღიურად "კბენს" ფასები. თუ ვიღაც პოპულისტურად გამოდის და ამბობს, რომ მთავრობამ გააძვირა ბენზინი და სხვა რამ, ამით ჩვენს ხალხს შეცდომაში ვერ შეიყვანენ. მთავრობას ბენზინი არა აქვს, თორემ უფასოდ დავარიგებდით. მსოფლიო ბაზარზე ძალიან ცუდი პროცესები მიმდინარეობს: ნავთობი ძვირდება, წელს კვების პროდუქტები გაძვირდა - მათ შორის, საბაზისო კვების პროდუქტები: წიწიბურა, შაქარი, ხორბალი. ჯერ კიდევ გაურკვეველია მომავალი წლის მოსავლის ბედი. მე არ მინდა, ჩვენი ხალხი მოვატყუოთ. ინფლაციური პროცესები გაძლიერდება...”

საქართველოს პრეზიდენტის ამ განცხადებას წინ უსწრებდა ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელშიც გაანალიზებულია საქართველოში მზარდი ინფლაციის მიზეზები. ეროვნული ბანკის აზრით, წლიურ თითქმის 11-პროცენტიან ინფლაციაში სურსათის გაძვირების წილი 9 პროცენტზე მეტია. და ასევე აღნიშნავენ, რომ მიმოქცევაში არსებული ფულის მასის ზრდის წლიური ტემპი კლების ტენდენციით ხასიათდება და მოსალოდნელია წლის ბოლოსთვის მისი კიდევ უფრო შემცირება. ექსპერტების აზრით, ასეთი განცხადებით ეროვნული ბანკი ცდილობს, ყველაფერი ხორბლის, შაქრისა და წიწიბურას გაძვირებას გადააბრალოს.

ეროვნული ბანკის მცდელობაში ეჭვს არავინ შეიტანდა, მაგალითად, მეზობელ სომხეთშიც ინფლაციის მსგავსი მაჩვენებელი რომ იყოს. ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” პრეზიდენტის პაატა შეშელიძის ინფორმაციით, სომხეთში ინფლაციის დონე მხოლოდ 7 პროცენტს აღწევს:

პაატა შეშელიძე, "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" პრეზიდენტი
”სომხეთში წელს ჩვენზე ნაკლებია ინფლაციას რასაც ეძახიან - ფასების ზრდა ჩვენზე ნაკლებია. არა მგონია, სომხეთში ხორბალს და შაქარს არ ხმარობენ და მათთვის სულ ერთია რა ფასები იქნება ამ პროდუქციაზე. ჩემი აზრით, ინფორმაცია, რომელიც გაავრცელა ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ აიტაცა, არასწორ ეკონომიკურ შეხედულებებს ეფუძნება”.

პაატა შეშელიძის აზრით, ინფლაციას ფულის მასის ზრდა იწვევს, რაც შემდეგ ფასების ზრდას განაპირობებს. მთავრობა კი პირიქით ფიქრობს და ინფლაციასთან ბრძოლას სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობითა და ტარიფების კომპენსირებით გეგმავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის, განცხადებით, მთავრობა უახლოეს 10 დღეში წარმოადგენს ფასების ზრდის პრობლემის შესამსუბუქებელ გეგმას:

იმისათვის, რომ ჩვენ ფასების საერთო დონის ზრდა შევამციროთ ან გონივრულ ფარგლებში მოვაქციოთ, საჭიროა მონეტარული პოლიტიკის არსებითი ცვლილება...
”დღეს ინფლაციის გამომწვევი მთავარი ფაქტორი - მთლიანად რეგიონში და არა მარტო საქართველოში - არის ხორბალსა და პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასების სერიოზული ზრდა. საერთოდ, რეგიონში გავრცელდა ეს ფასების ზრდა სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციაზეც. ჩვენს ბიუჯეტში ჩადებულია კონკრეტული პროგრამები. გარდა ამისა, გათვალისწინებული გვაქვს სარეზერვო ფონდები. მაქსიმუმ 10 დღეში მოგახსენებთ დამატებით რა პროგრამა შეგვიძლია შევიმუშაოთ, რომ ფასების ზრდის პრობლემა შევუმსუბუქოთ განსაკუთრებით გაჭირვებულ მოსახლეობას”.

უკვე ცნობილია ის პროგრამა, რასაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქვეყანაში ხორბლისა და სხვა მარცვლეული კულტურის მოსავლის გასაზრდელად გააკეთებს. ამასთან ერთად, ინფლაციის ზეგავლენის შესამცირებელი სხვა ღონისძიებების ამსახველი გეგმა მთავრობამ პრეზიდენტს უახლოეს ორ კვირაში უნდა წარუდგინოს. ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე ფიქრობს, რომ მთავრობის ძალისხმევა ნაკლებად ეფექტური იქნება, რადგან კომპენსაციებისა და სუბსიდირების ნაცვლად საჭიროა მონეტარული პოლიტიკის შეცვლა:

”იმისათვის, რომ ჩვენ ფასების საერთო დონის ზრდა შევამციროთ ან გონივრულ ფარგლებში მოვაქციოთ, საჭიროა მონეტარული პოლიტიკის არსებითი ცვლილება. მონეტარული პოლიტიკა, რომელიც ტარდება, ხელს უწყობს ინფლაციას და შემდეგ ამას მოჰყვება ფასების ზრდა”.

მთავრობა ასეთი ცვლილებების გატარებას ჯერჯერობით არ აპირებს და ინფლაციასთან ბრძოლას სოფლის მეურნეობის სუბსიდირებითა და ტარიფების კომპენსირების გზით გეგმავს.
XS
SM
MD
LG