Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში გაიხსნა აფხაზთა პირველი ფორუმი


ბათუმის სახელმწიფო თეატრში დღეს გაიხსნა აფხაზთა პირველი ფორუმი. ფორუმი აჭარაში მცხოვრები აფხაზების ინიციატივით ტარდება. ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ფორუმში 500-მდე ადამიანი მონაწილეობს. მათ შორის არიან აგვისტოს ოკუპაციის შემდეგ აფხაზეთიდან გადმოსული აფხაზი ოჯახები, აფხაზეთიდან დევნილი ინტელიგენცია და სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელები. როგორც შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა ერთ-ერთმა უხუცესმა აფხაზმა ნუნუ ჩაუშბამ, ფორუმმა ქართველებსა და აფხაზებს შორის მედიატორის როლი უნდა შეასრულოს, რათა ერთად თანაცხოვრება მოხერხდეს. “ქართველები და აფხაზები ოდითგანვე ერთად მოდიოდნენ და ძალიან ცუდია დღეს რომ ერთმანეთს ვმტრობთ”, - აღნიშნა მან. ღონისძიების კიდევ ერთი მონაწილის, თამაზ ქუჩუბერიას თქმით, აფხაზეთის ტერიტორიაზე უნდა დასრულდეს ოკუპაცია, რათა აფხაზებს აზრის თავისუფლად გამოხატვის საშულება მიეცეთ. დღესვე ფორუმზე გაიმართება პრეზენტაცია რევაზ დიასამიძის წიგნისა, რომელიც მოჰაჯირობის დროს ჩამოსახლებული აფხაზების ისტორიას ასახავს. ღონისძიების ბოლოს ამავე ისტორიის შესახებ ნაჩვენები იქნება 25-წუთიანი დოკუმენტური ფილმი.
XS
SM
MD
LG