Accessibility links

logo-print
რომ არ ყოფილიყო ავღანური სამხედრო მისია, 2010 წელი საქართველოს არმიისათვის, შესაძლოა, ბევრით არაფრით ყოფილიყო გამორჩეული. მთელი მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს არმია იშვიათად ჩანდა ტელეეკრანებზე და საჯარო შეხვედრებზე. სამაგიეროდ, სამუშაო ვითარებაში მიმდინარეობდა მონოტონური საორგანიზაციო-საშტატო რესტრუქტურიზაცია, გეგმიური სწავლებები, სამობილიზაციო და საკადრო შესაძლებლობების ოპტიმიზაცია, საგანმანათლებლო სისტემის მოდერნიზება, სარეზერვო ბანაკების მოწყობა, რათა არმიის ხელმძღვანელობა მომზადებული შეხვედროდა იმ გამოწვევას, რასაც გასული წლის ბოლოს, ზუსტად 26 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული „ქუდზე კაცის“ პოლიტიკა გულისხმობდა.

„ქუდზე კაციც და, თუ საჭიროა, ქუდზე ქალი უნდა იყოს მზად. თითოეული ქართული ოჯახი, თითოეული ქუჩა, რაიონი, კვარტალი, სოფელი, ქალაქი, თითოეული დასახლებული პუნქტი და თითოეული სახლი და ოჯახი უნდა იქცეს წინააღმდეგობის და საქართველოს თავისუფლებისთვის აშენებულ ციხესიმაგრედ გარდაქმნილ ბასტიონად”,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გასული წლის ბოლოს, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ახალი შენობის გახსნის დროს.

მაგრამ ქუდზე კაცის და, მით უფრო, ქუდზე ქალის დაძახება 2010 წელს საქართველოს არ დასჭირდა. ობიექტური მიზეზების გამო ვერ განხორციელდა ვერც საყოველთაო-სავალდებულო რეზერვის მომზადების ფორმაზე გადასვლა, მიუხედავად ხელისუფლებისა და საპარლამენტო უმრავლესობის მცდელობისა, რომ კანონით გაეხადათ ვალდებული 50 წლამდე ასაკის ყველა ჯანმრთელი მამაკაცი, წელიწადში ერთხელ 45 დღით გაევლო სამხედრო შეკრება.

საყოველთაო რეზერვის აკვიატებულ იდეას აჯობა საღმა აზრმა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ მოამზადო მხოლოდ იმდენი სამხედრო სპეციალისტი, რამდენზეც ბიუჯეტი გაგწვდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებ მასობრივ, მაგრამ მშიერ, გაუწვრთნელ და გამოუსადეგარ რეზერვისტებს, როგორებიც იყვნენ ე.წ. „პარტიზანები“ საბჭოთა პერიოდში, რომლებზეც დიდი ფული კეთდებოდა, მაგრამ საქმე ფუჭდებოდა. საბოლოო ჯამში, საქართველოში მოიძებნა რეზერვის მომზადების ასეთი ფორმულა: საკუთარი სარეზერვო ძალის მომზადება დაევალათ უშუალოდ სამხედრო ნაწილებს და არა ეროვნულ გვარდიას, რომელსაც ამიერიდან სამხედრო ფუნქცია აღარ ექნება.

„გვარდიის დეპარტამენტი უნდა აღიჭურვოს სამოქალაქო თავდაცვის ფუნქციებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გვყავდეს არა ისეთი გვარდიის სარდლობა, როგორიც აქამდე არსებობდა, არამედ უნდა გვქონდეს სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტი. უშუალოდ სამხედრო რეზერვის სისტემას, რომელსაც აქამდე გვარდიის დეპარტამენტი ქმნიდა, უკვე ქმნის შეიარაღებული ძალების სახმელეთო სარდლობა. მოქმედი ბრიგადები და ბატალიონები თვითონ ამზადებენ რეზერვისტებს, რაც ხარისხობრივად უფრო კვალიფიციური მომზადებაა და უფრო დიდ შედეგს მისცემს როგორც სამხედრო დანაყოფს, ისე რეზერვისტებს“, – განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ოქტომბრის ბოლოს.

კარგია თუ არა ეროვნული გვარდიის ფუნქციების ასეთი გაყოფა? ან რატომ მოამზადებს საკუთარ რეზერვს უფრო უკეთესად სახმელეთო ჯარების სარდლობა, რომელსაც ისედაც უამრავი ფუნქცია აქვს ჩამოკიდებული - სახმელეთო ქვედანაყოფების მართვით დაწყებული და ავიაციით დამთავრებული?

ასეთ მნიშვნელოვან სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოში საზოგადოებრივი მსჯელობა აღარ იმართება. ყველაფერს წყვეტს ორკაციანი ვერტიკალი - პრეზიდენტი + თავდაცვის მინისტრი. საქართველოს პარლამენტმა სულ მთლად აიღო ხელი ძალოვანი უწყებების კონტროლზე. საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ ერთხმად ამტკიცებს თავდაცვის მინისტრის და საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივებს, იქნება ეს არმიის რაოდენობის გაზრდა, ბიუჯეტის დამტკიცება თუ ავღანეთში სამხედრო ქვედანაყოფის გაგზავნა.

საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ნოემბერში ერთსულოვნად დაუჭირა მხარი ავღანეთში, ქაბულში, ჯერ ერთი ასეულის, შემდეგ კი, აპრილში, 750 კაციანი გაძლიერებული ბატალიონის გაგზავნას ჰელმანდის პროვინციაში. 31-ე ბატალიონი ჰელმანდში სწორედ იმ დროს გადაისროლეს, როდესაც იქ თალიბების წინააღმდეგ კოალიციის გადამწყვეტი ოპერაცია იწყებოდა. ქართველი ჯარისკაცები პირდაპირ ჩაებნენ საბრძოლო ოპერაციაში. ექვსი თვის განმავლობაში ქართულმა ბატალიონმა 5 ჯარისკაცი დაკარგა, 12 სამხედრო მოსამსახურე კი დაიჭრა. ყველაზე სისხლისმღვრელი ქართული ქვედანაყოფისათვის აღმოჩნდა 30 სექტემბერი, როდესაც ნაღმზე აფეთქების შედეგად ერთბაშად 4 სამხედრო დაიღუპა.

31-ე ბატალიონი უკვე საქართველოშია და ომისგან მიყენებულ ჭრილობებს იშუშებს. ჰელმანდის პროვინციაში მათ ნაცვლად 32-ე ქვეითი ბატალიონი გაემგზავრა, რომელსაც ახალი წლისა და შობის აღნიშვნა შორეულ ავღანეთში საბრძოლო ვითარებაში მოუწევს. კოალიციაში შემავალი კათოლიკური ქვეყნების ქვედანაყოფებს შობა ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატებისა და კოალიციური ძალების მთავარსარდალმა დევიდ პეტრეუსმა მიულოცა. „ჩემთვის არ არსებობს სხვა ადგილი, სადაც უფრო უკეთესი იყოს შობის შეხვედრა, ვიდრე თქვენს გვერდით ყოფნაა“, - მიმართა ავღანეთში მყოფ ჯარისკაცებს გენერალმა პეტრეუსმა.
ამერიკელი გენერლის ამ სიტყვებს გაიმეორებდა, ალბათ, ყველა ის ადამიანი, რომელთა ახლობელსაც საბრძოლო მორიგეობაზე იარაღით ყოფნა უწევს მაშინ, როდესაც სხვები ვზეიმობთ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG