Accessibility links

იკორთისა და თირის მონასტრები დანგრევის საფრთხის წინაშე


იკორთის ეკლესია

იკორთის ეკლესია

ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ისტორიული ძეგლები საგანგაშო მდგომარეობაშია. ამის გამო ოსმა ისტორიკოსებმა ხმაური არაერთხელ ატეხეს, მაგრამ მათ ყურადღებას არავინ აქცევს. დე ფაქტო რესპუბლიკის გასული წლის ბიუჯეტში ერთი ტაძრის რესტავრაციაც კი არ ყოფილა გათვალისწინებული. არც 2011 წელს იგეგმება რომელიმე ტაძრის აღდგენა.

ისტორიკოსები რესტავრაციას აღარც ითხოვენ, ისინი ახლა დე ფაქტო ხელისუფლებას დაზიანებული ძეგლების კონსერვაციისთვის სთხოვენ თანხის გამოყოფას. საგანგაშო მდგომარეობაში ქართული ხუროთმოძღვრების ცნობილი ძეგლები იკორთისა და თირის მონასტრებია. დე ფაქტო რესპუბლიკის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი, ნელი თაბუევა, ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ იკორთის ეკლესიას ბზარები გაუჩნდა, თირის მონასტერში კი წყალი ჩადის.

იკორთის ეკლესია ცხინვალიდან 35 კილომეტრით არის დაშორებული. ფეოდალურ ხანაში იკორთა იყო ქსნის ერისთავთა ერთ-ერთი რეზიდენცია შიდა ქართლში. გუმბათოვანი ტაძარი აგებულია 1172 წელს. იკორთის ტაძარში არიან დაკრძალული კახეთის აჯანყების (1659) ხელმძღვანელები:ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები.

თირის მონასტერი ცხინვალიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, 8 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ტაძარი XVII საუკუნის 80-იან წლებშია აგებული, რასაც ეკლესიის ჩრდილოეთის მინაშენის წარწერა გვამცნობს. თირის მონასტრის შემორჩენილ ნაგებობებიდან ღვთისმშობლის ეკლესია უძველესია და XIII საუკუნის II ნახევრით თარიღდება.

საკუთარი ხელისუფლების უყურადღებობით შეწუხებულმა ოსმა ისტორიკოსებმა დახმარებისთვის რუსეთის კულტურის სამინისტროს მიმართეს. ჯერ არ არის ცნობილი დაიწყებენ თუ არა რუსები ქართული ისტორიული ძეგლების აღდგენას, რომლებსაც ოსები საკუთარ ძეგლებად აცხადებენ. ნელი თაბუევა არც მალავს, რომ შედარებით უკეთესი მდგომარეობაა ახალგორის ძეგლებთან მიმართებაში, რადგან 2008 წლამდე საქართველოს ხელისუფლება მათ რესტავრაციას ყურადღებას აქცევდა.

„იქ (ახალგორში) ძეგლების მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე მთელ სამხრეთ ოსეთში. დაცვის და სისუფთავის თვალსაზრისითაც. იქაც კი არის ძეგლები, რომლებსაც კონსერვაცია სჭირდება, მაგრამ მთლიანობაში ლენინგორის რაიონში უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ცხინვალის, ზნაურისა და ჯავის რაიონებში“, – ამბობს ნელი თაბუევა.

ისტორიკოსი, რობერტ გაგლოევი, ამბობს, რომ თირის მონასტერი დანგრევის საფრთხის წინაშე დგას, ამიტომ მას ოსი მოხელეების გულგრილობა აკვირვებს.

„მე თავის დროზე თბილისში ვსწავლობდი და კარგად ვიცი მათი დამოკიდებულება. თუ დავაყენებთ 10 ჩვენს მოხელეს და 10 ჩვენს ეგრეთ წოდებულ მეზობელს, მაშინ ვნახავთ, რომ 10 ჩვენიანიდან 9 ხელებჩამოშვებული დაუწყებს ყურებას იმას, რაზეც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ, მაშინ როცა ქართველებიდან ეს მხოლოდ ორმა შეიძლება გააკეთოს. აი ასეთია მიდგომა“, – აცხადებს რობერტ გაგლოევი.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს ზუსტი ინფორმაცია აღარ აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ისტორიული ძეგლების მდგომარეობის შესახებ, რადგან ქართველ ისტორიკოსებს იქ შესვლის უფლება არა აქვთ. ნიკა ვაჩეიშვილის აზრით, საეჭვოა, რომ რუსებმა ქართულ ძეგლებს უპატრონონ.

ეკლესია-მონასტრების მდგომარეობა არც რუსეთისა და არც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს რომ დიდად არ აღელვებთ ამის შესახებ ადგილობრივი ისტორიკოსები უკვე დაუფარავად საუბრობენ. ცხინვალის, ჯავისა და ახალგორის ტერიტორიაზე რუსები ახლა სამხედრო ბაზებისა და აეროდრომების მშენებლობით არიან დაკავებულნი. აღსანიშნავია, რომ რეგიონში სამხედრო საავიაციო ტრანსპორტის ხშირი ფრენა ხუროთმოძღვრების ძეგლებს არანაკლებ აზიანებს.
XS
SM
MD
LG