Accessibility links

logo-print

ხოდორკოვსკი მეორე სასამართლო პროცესზე დამნაშავედ ცნეს


მიხაილ ხოდორკოვსკის მხარდამჭერეთა საპროტესტო აციის დაშლა

მიხაილ ხოდორკოვსკის მხარდამჭერეთა საპროტესტო აციის დაშლა

მოსკოვის სასამართლომ უკვე პატიმრობაში მყოფი ნავთობის ყოფილი მაგნატი, მიხეილ ხოდორკოვსკი, კიდევ სხვა ბოროტმოქმედებაში - გაფლანგვასა და ფულის გათეთრებაში - ცნო დამნაშავედ. ამ სასამართლო პროცესს ბევრი ქვეყნის ავტორიტარული რეჟიმის ერთგვარ გამოცდად აღიქვამდა. ხოდორკოვსკის პირველ სასჯელს ვადა მომავალ წელს ეწურებოდა - ახლა კი, ახალი განაჩენის გამო, მას კიდევ რამდენიმე წელი მოუწევს ციხეში ყოფნა.

მოსკოვში გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ მიხეილ ხოდორკოვსკი და მისი ბიზნესპარტნიორი, პლატონ ლებედევი, დამნაშავედ ცნო მათი საკუთარი ნავთობკომპანიისგან მილიარდობით დოლარის მოპარვაში.

იმას, თუ კიდევ რამდენი წლით მიესაჯათ პატიმრებს თავისუფლების აღკვეთა, მას შემდეგ გავიგებთ, რაც მოსამართლე მთელი განაჩენის წაკითხვას დაამთავრებს. ეს პროცესი შეიძლება რამდენიმე დღე გაგრძელდეს. გავრცელებული ვარაუდით, ერთ დროს რუსეთის უმდიდრესი ოლიგარქი ციხეში, სულ მცირე, რუსეთის შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში - ანუ 2012 წლის განმავლობაში - დარჩება. ხოდორკოვსკის პირველ სასჯელს ვადა მომავალ წელს ეწურებოდა.

სასამართლო დარბაზის გარეთ ხოდორკოვსკის მომხრეებმა აქცია გამართეს. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ხოდორკოვსკის წინააღმდეგ ბრალდებებს პოლიტიკური სარჩული უდევს. აქციას დაახლოებით 1,500 პირი შეუერთდა. მონაწილეები სკანდირებდნენ: „თავისუფლება“ და „სირცხვილიო“. პოლიციამ აქციის, სულ მცირე, 20 მონაწილე დააპატიმრა.

როგორც სასამართლო დარბაზში მყოფმა რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის კორესპონდენტმა გვაცნობა, ვერდიქტის გამოცხადებისას ხოდორკოვსკი და ლებედევი მშვიდად ისხდნენ თავიანთ შემინულ საკანში. სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით, ხოდორკოვსკის ხანდაზმულმა მამამ, ბორისმა, განაჩენი ხელებში თავჩარგულმა მოისმინა.

ხოდორკოვსკი უკვე იხდის რვაწლიან სასჯელს თაღლითობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით. ის 2003 წელს დააპატიმრეს.

მას შემდეგ მას დამატებით დანაშაულებში დაედო ბრალი - კერძოდ, თავისივე კომპანია „იუკოსისგან“ 25 მილიარდი დოლარის მოპარვაში და ფულის გათეთრებაში. ამ ბრალდებების გახმაურებამ სულ რამდენიმე თვით გაუსწრო 2007 წლის იმ პერიოდს, როცა მას, შესაძლოა, შეწყალება შეხებოდა. გავრცელებული ვარაუდით, ხოდორკოვსკის და ლებედევს ბრალდება მიზანმიმართულად წაუყენეს, რათა ციხეში დაეტოვებინათ - შესაძლოა, 2017 წლამდე.

მეორე პროცესის ვერდიქტი მიმდინარე თვის დასაწყისში უნდა წაეკითხათ, მაგრამ მისი გამოცხადება რამდენიმე დღით გადადეს. ბევრის რწმენით, ეს საზოგადოების მხრიდან ყურადღების მინიმალიზაციის მიზნით მოხდა - ივარაუდეს, რომ წინასაახალწლო დღეებში ხალხს ნაკლებად ეცლებოდა ხოდორკოვსკის პროცესისთვის.

სასამართლოს მხრიდან განსასჯელთა დამნაშავედ ცნობის შემდეგ ხოდორკოვსკის ადვოკატმა, ვადიმ კლიუვგანმა, ჟურნალისტებს შემდეგი განცხადებით მიმართა: „სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას თავისუფალი და დამოუკიდებელი რომ ყოფილიყო, გამამართლებელი განაჩენის გარდა სხვას ვერაფერს გამოიტანდა. რასაც ვისმენთ, წარმოადგენს, რასაკვირველია, არა პირდაპირ, მაგრამ ირიბ დადასტურებას, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო არ იყო თავისუფალი. ცხადია, განაჩენის სრულად გამოცხადების შემდეგ ჩვენ მას გავასაჩივრებთ.“

ხოდორკოვსკის მომხრეები თვლიან, რომ პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის მიერ ახლახან გაკეთებული განცხადება ნათლად აჩვენებს, რომ სასამართლოს მართლაც ზემოდან აკონტროლებენ. ვერდიქტის გამოცხადებამდე სატელევიზიო გამოსვლაში პუტინმა თქვა, ხოდორკოვსკის დანაშაულები უკვე „დადასტურებულია სასამართლოს მიერო“, და ცნობილი ბარდის, ვლადიმირ ვისოცკის ფრაზა გაიხსენა საბჭოთა პერიოდის ერთი ფილმიდან. „ვლადიმირ ვისოცკის ცნობილი პერსონაჟის მსგავსად, მეც მიმაჩნია, რომ ქურდი ციხეში უნდა იჯდეს.“

ხოდორკოვსკის ადვოკატებმა პუტინი სასამართლოს საქმეებში პირდაპირ ჩარევაში დაადანაშაულეს. თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, რომელიც, მოგეხსენებათ, პუტინის პროტეჟეა და, ამასთან, ხშირად დებს ქვეყნის იურიდიული სისტემის გამოსწორების პირობას, პარასკევს მიცემულ ტელეინტერვიუში უარყო აზრი, რომ ხოდორკოვსკის განაჩენი კრემლში იქნა გამოტანილი: „არც პრეზიდენტს და არც სხვა ნებისმიერ ოფიციალურ პირს, ვინც სახელმწიფო სამსახურშია, არ აქვს უფლება ამ ან ნებისმიერ სხვა საქმეზე თავისი პოზიცია გამოხატოს განაჩენის გამოტანის მომენტამდე - იქნება ეს დანაშაულის დამამტკიცებელი თუ გამამართლებელი განაჩენი.“

მედვედევის ერთ-ერთმა მრჩეველმა პროცესამდე განაცხადა, ხოდორკოვსკი უნდა გათავისუფლდესო. მაგრამ ეს ბევრს თავიდანვე გამორიცხულად მიაჩნდა, ვინაიდან, მათი რწმენით, ხოდორკოვსკი, სინამდვილეში, სხვა მიზეზით ისჯება - იმის გამო, რომ პუტინს პოლიტიკური პრობლემები შეუქმნა ოპოზიციური პარტიების დაფინანსებით და იმ, ნავთობზე დაფუძნებული, ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ გალაშქრებით, რომელსაც პუტინი აშენებდა.

უკვე წლებია, რაც პუტინი საკუთარ მიღწევებს შორის კორუფციასთან ბრძოლას ასახელებს - კორუფციასთან, რომელიც, მისი თქმით, ხოდორკოვსკის და სხვა ოლიგარქებს ქვეყნის თავიანთ სასარგებლოდ განკარგვის საშუალებას აძლევდა. მაგრამ ხოდორკოვსკის მომხრეები აცხადებენ, რომ სწორედ მიმდინარე პროცესია იმის საზომი, თუ რეალურად რა ხდება ქვეყანაში - რომ პუტინმა კრემლი მოაქცია კორუმპირებული ბიუროკრატიული სისტემის სათავეში.

ხოდორკოვსკის 77 წლის დედამ, მარინა ხოდორკოვსკაიამ, ვერდიქტის გამოცხადებამდე თქვა, გამამტყუნებელი განაჩენი იმის დასტური იქნება, რომ მთავრობას პოლიტიკური საფრთხე „ყველაფერზე მეტად“ აშინებსო.

ხოდორკოვსკის საქმეს ყურადღებით აკვირდებიან საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები. „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ რუსეთის სასამართლოს ხოდორკოვსკისთვის სასჯელის მოხსნისკენ მოუწოდა.

ცხადია, ეს საქმე ქვეყნის ეკონომიკურ კლიმატზეც ახდენს გავლენას. როგორც კომპანია Prosperity Capital Management-ის მთავარმა ეკონომისტმა ლიან ჰალიგანმა სააგენტო „როიტერს“ უთხრა, ხოდორკოვსკის პროცესი რუსეთში პოტენციური ინვესტორებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. „[ხოდორკოვსკის შესახებ] საუბარი რუსეთში პოტენციურ ინვესტორებთან თითქმის ყოველ შეხვედრაზე გვხვდება. ისინი ხოდორკოვსკის საქმეს საკუთრების ჩამორთმევის პრაქტიკას უკავშირებენ იმ აზრით, რომ რუსეთში კანონის უზენაესობა საერთოდ არ მოქმედებს. და ძალიან ბევრი პირი ამ ქვეყანაში ინვესტიციას ამ მიზეზით არ დებს“, - ამბობს ეკონომისტი. თუმცა ჰალიგანი იქვე დასძენს, რომ ხოდორკოვსკის პროცესი ვერ შეაჩერებს მსხვილ, ინსტიტუციურ ინვესტორებს, რომლებიც რუსეთში უკვე მუშაობენ ან ამას სამომავლოდ გეგმავენ. სხვა თუ არაფერი, ამ ეკონომისტის ვარაუდით, რუსეთი ერთ დღეს ევროპის უდიდესი ეკონომიკა გახდება. ჰალიგანის აზრით, ხოდორკოვსკის პროცესი ფულის უფრო მცირე ნაკადებს დააბრკოლებს - ხალხი თავს შეიკავებს თავიანთი დანაზოგების რუსეთთან დაკავშირებულ ინიციატივებში ჩადებისგან.
XS
SM
MD
LG