Accessibility links

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველო არსებობისთვის იბრძვის


პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ საქართველო არსებობისთვის იბრძვის. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კურსანტების მიერ ფიცის დადების ცერემონიაზე გამოსვლისას სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ”ომი გამოგვიცხადა ბევრად უფრო დიდმა სახელმწიფომ, რომელსაც ქვეყნის მნიშვნელოვანი ტერიტორია ოკუპირებული აქვს და ყოველდღიურად ემუქრება საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და თავისუფლებას”. ამავე გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო ხანს მომხდარი დივერსიების გამოსაძიებლად საქართველომ ოკუპანტთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა, მაგრამ მისმა ”უკმეხმა” პასუხმა კიდევ უფრო განამტკიცა ვარაუდი, თუ ვის მიერ იყო ორგანიზებული ეს აქტები საქართველოს მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ. ”ეს ძალა და კონკრეტულად მისი ლიდერი სპეციალიზდება პოლიტიკურ ძალადობაში და მის სახელს უკავშირებენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მომხდარ პოლიტიკურ მკვლელობებს”, - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. მისივე თქმით, ”მტრის ისტერიულ მუქარაზე საქართველოს პასუხი უნდა იყოს სიმშვიდე, ცივსისხლიანობა, სიფხიზლე და პროფესიონალიზმი”. პრეზიდენტის განცხადებითვე, საქართველოში ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი ინსტიტუტია შეიარაღებული ძალები, რომლის განვითარება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის გადარჩენისთვის, ეკონომიკური გაძლიერებისა და მომავლისთვის.
XS
SM
MD
LG