Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბჭოთა მემკვიდრეობის გააზრების გზები


რუსეთის კომუნისტების მანიფესტაცია
რუსეთის კომუნისტების მანიფესტაცია
საბჭოთა მემკვიდრეობის გააზრება, როგორც ჩანს, სულ უფრო აქტუალური ხდება ქართულ კულტურულ-პოლიტიკურ სივრცეში. ქვეყანაში სერიოზული დისკუსია დაიწყო იმაზე, თუ როგორ შეიძლება შევისწავლოთ, შევაფასოთ და გადავაფასოთ წარსული. ერთ-ერთი ასეთი დისკუსია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში გაიმართა.

დიახ, ეს ის შემთხვევაა, როცა კულტურა და პოლიტიკა (და კიდევ ისტორია) უკვე იმდენად გადაჯაჭვულია, რომ საზღვრის დადგენა შეუძლებელი ხდება, რაც, თავის მხრივ, ამძაფრებს და, გარკვეული თვალსაზრისით, გადაუჭრელს ტოვებს პრობლემას. ქვეყანაში გრძელდება დისკუსია კანონპროექტზე, რომელიც საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვას ითვალისწინებს. ეს საქართველოს ხელისუფლების, შეიძლება ითქვას, ”პოლიტიკური ჟესტია”, რომელსაც საზოგადოების ერთი ნაწილის სერიოზული უკმაყოფილება მოჰყვა.

ისტორიკოსებს, ხელოვნებათმცოდნეებს ეჭვი აქვთ, რომ კანონპროექტი ზიანს მიაყენებს, პირველ რიგში, კულტურულ მემკვიდრეობას, მეოცე საუკუნის ქართულ საბჭოთა ხელოვნებას... თუმცა ამ კანონის ოპონენტებს რომ დავესესხოთ და ვთქვათ, რომ ეს ”ბარბაროსობაა”, იმას რომ მივაღწიოთ, რომ საბჭოთა კულტურული მემკვიდრეობის ფასეულობასა და ღირსებებზე სპეციალისტებმა - და არა პოლიტიკოსოებმა - იმსჯელონ, საბჭოთა მემკვიდრეობის გააზრების პრობლემა მაინც დარჩება.

ცოტაც და 20 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი აღარ არის, მაგრამ ქართული საზოგადოება ჯერ ვერ შეთანხმებულა, ”რა ვუყოთ” ჩვენს წარსულს, როგორ შევძლოთ მისი გააზრება ზედმეტი ემოციების, წინასწარი განწყობებისა და აკვიატებული აზრების გარეშე.

გაგახსენებთ, რომ წელს მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით შეიქმნა ისტორიული სიმართლის დამდგენი კომისია, რომელმაც იურიდიული და ისტორიული შეფასება უნდა მისცეს ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებს, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებს.

კომისია, რომელშიც მეცნიერები და ექსპერტები გაერთიანდნენ, რუსეთის 200-წლიანი აგრესიის შესახებ ფუნდამენტურ ნაშრომსაც შექმნის, რომელიც რამდენიმე ენაზე ითარგმნება. კომისიას კენტის უნივერსიტეტის დოქტორანტი ვასილ რუხაძე და ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ხელმძღვანელობენ. ამ დღეებში თორნიკე შარაშენიძემ მონაწილეობა მიიღო ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიაში, რომელიც საბჭოთა მემკვიდრეობის გააზრების გზებს მიეძღვნა. თორნიკე შარაშენიძის თქმით, მოხსენება მოიცავს საკმაოდ მოზრდილ პერიოდს - გიორგიევსკის ტრაქტატიდან მოყოლებული და დამთავრებული 1990 წლით:

”ძალიან ხშირად მომისმენია სპეკულაციები. ამბობდნენ, რომ კომისია ისტორიას გააყალბებს, იტყვის, რომ 2008 წელს ომი მოვიგეთ... მაგრამ ასეთი თემატიკა ჩვენს კომისიას არ ჰქონია. ჩვენი მიზანი იყო, უბრალოდ, დაგვეწერა ლაკონიური მოხსენება ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე... მოგვიანებით ეს ითარგმნება ინგლისურად, რათა ნებისმიერ მსურველს შეეძლოს გაეცნოს ქართულ-რუსული ურთიერთობების ჩვენეულ ხედვას”.

სწორედ სიტყვა ”ჩვენეულმა” გაამძაფრა დისკუსია ბიოლის ფონდში. შესაძლებელია თუ არა ისტორია დაიწეროს ”ჩვენეული ხედვით”, ე.ი. გარკვეული პოზიციიდან? როგორ ავიცილოთ თავიდან სუბიექტური ხედვა?

ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ესტონეთის ელჩმა საქართველოში თომას ლუკმა. მან გვიჩვენა წიგნები, რომლებიც ესტონეთში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გამოიცა და გვითხრა, რომ ამ კრებულებზე (მრავალტომეულზე), ფაქტობრივად, მთელი ინსტიტუტი მუშაობდა და ისიც დააყოლა, რომ ისტორიკოსები - მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის, როგორ იყო ოკუპირებული ესტონეთი საბჭოთა რუსეთის მიერ, ცდილობდნენ დაყრდნობოდნენ მხოლოდ ფაქტებს და მაქსიმალურად განთავისუფლებულიყვნენ ემოციებისგან. საეჭვოა ეს მოხერხდეს საქართველოში. ბოლოს და ბოლოს, 2008 წლის შემდეგ მხოლოდ ორი წელი გავიდა, ისტორიული სამართლიანობის შემსწავლელი კომისია პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და, ბუნებრივია, პოლიტიკური მხარე კომისიის დასკვნაში წამყვანი იქნებოდა. აქ ისიც მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მხოლოდ ახლა იწყებს განვითარებას სოვეტოლოგია, როგორც მეცნიერება. ქართული საბჭოთა წარსული კი საბჭოთა წარსულის ნაწილია - ისტორიულ სიმართლეს კი, მოგეხსენებათ, მუდმივად მალავდნენ საბჭოთა კავშირში. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა. მისი თქმით, სტალინიზმის ფენომენის გააზრება წარმოუდგენელია საბჭოთა ეპოქის მითების შეფასებისა და გადაფასების გარეშე.

სტალინიზმი ბიოლის ფონდში გამართული დისკუსიის მთავარი თემა გახდა. ლაშა ბაქრაძემ, რომელიც დისკუსიაზე საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას წარმოადგენდა, გვითხრა, რომ რამდენად წარმატებულად თუ წარუმატებლადაც უნდა მოხდეს საბჭოთა წარსულის გააზრება, ფაქტია, რომ საზოგადოების ინტერესი საბჭოთა წარსულის მიმართ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

ლაშა ბაქრაძემ გვიამბო, რას აკეთებს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია - ახლახან ჩამოყალიბებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წევრთან, დავით ჯიშკარიანთან, ინტერვიუ დაახლოებით ერთი თვის წინ გადაიცა რადიო თავისუფლების ეთერში. ესაა წარსულის თვისებრივად ახალი კვლევა - კვლევა შეფასების გარეშე... თანაც, საზოგადოების მაქსიმალური ჩართვით კვლევის პროცესში. ამიტომაც ჰქვია ამ ორგანიზაციას ”ლაბორატორია”.

მოხსენებების დასრულების შემდეგ ბიოლის ფონდში ძალიან ცხარე დებატები გაიმართა. ფაქტობრივად, განსხვავებული თაობების ”ბრძოლა” ვიხილეთ... დისკუსიის დროს გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც სტალინისა და სტალინიზმის დაცვაც კი დაიწყეს. ქართველ ისტორიკოსებს, რომელთაც საბჭოთა წარსულის ახლებური გააზრება სურთ, როგორც ჩანს, ამ ადამიანების პოზიციის გათვალისწინებაც მოუწევთ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG