Accessibility links

logo-print
შესაძლოა, ბევრ თქვენგანს, ვინც ჩემს სტატიას წაიკითხავს, გსმენიათ, რომ არსებობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. მაგრამ არ ვიცი, გიფიქრიათ თუ არა, რომ ქარტია არსებობს პირადად თქვენთვის. დღეს სწორედ ამაზე ვისაუბრებთ: გჭირდებათ თუ არა თქვენ ქარტია და თუ გჭირდებათ – რისთვის?

გყავთ ჟურნალისტი, რომელსაც ენდობით? რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სიმართლედ მიგაჩნიათ? რას ემყარება თქვენი ნდობა?

ზოგადად, ცნობილია, რომ ნდობა ემყარება სტანდარტის დაცვას ხანგრძლივად. საქართველოში კი, ჩემი დაკვირვებით, ჟურნალისტის მიმართ ნდობა ემყარება ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა – რამდენად ხშირად ჩნდება ესა თუ ის ადამიანი ეთერში; რამდენად აქტიურად მიჰყავს ინტერვიუ თუ დებატები; რამდენად ემთხვევა მისი პოლიტიკური სიმპათიები თქვენსას.

მაგრამ ამ ფაქტორებს არაფერი აქვს საერთო პროფესიულ სტანდარტთან – ერთადერთ ფაქტორთან, რომელსაც ემყარება ჟურნალისტის მიმართ ნდობა თავისუფალი მედიის ქვეყნებში.

იცით თუ არა, რომ სამხედრო კონფლიქტის გაშუქებისას პროფესიული სტანდარტი მოითხოვს, მაყურებელი ვერ ხვდებოდეს, რომელი მხარის წარმომადგენელია ჟურნალისტი? გავიხსენოთ 2008 წლის ომის გაშუქება. რას ითხოვდა საზოგადოება ჟურნალისტებისგან – რუს ჯარისკაცებთან თამამ დაპირისპირებას თუ ისეთ სიუჟეტებს, სადაც ჩვენ ვერ მივხვდებოდით, კონფლიქტს რუსი ჟურნალისტი აშუქებდა, ოსი თუ ქართველი?

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ზოგადი ევროპული სტანდარტის პირმშოა. მეორე მხრივ, ქარტია არის საზოგადოებასა და ჟურნალისტებს შორის დადებული ნებაყოფლობითი ხელშეკრულება, რომლითაც ჟურნალისტები იღებენ სტანდარტის დაცვის ვალდებულებას; საზოგადოების ვალდებულება კი ის არის, რომ, როცა ეჭვი გაჩნდება, გადაამოწმოს, რამდენად ასრულებენ თავის პირობას ქარტიის ხელმომწერები.

ჯერჯერობით, საზოგადოება გულგრილია ამ ხელშეკრულების მიმართ. გასული ერთი წლის განმავლობაში ქარტიის საბჭომ სულ ხუთი განაცხადი განიხილა. არადა, ქართულ ჟურნალისტიკაში სტანდარტი განუზომლად ხშირად ირღვევა, ვიდრე ეს სტატისტიკა მოწმობს.

ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა: სჭირდება თუ არა საზოგადოებას ქარტია? სჭირდება თუ არა თითოეულ ჩვენგანს, რომ ჟურნალისტები სტანდარტს იცავდნენ? ზოგადად, სტანდარტის დაცვა საზოგადოებას აზღვევს არაზუსტი, არამართალი ინფორმაციის გავრცელებისგან, პროპაგანდისგან, განზრახ გაყალბებისგან, დისკრიმინაციისგან... თუ ჩვენთვის სულერთია, ჟურნალისტი მართალს გვიყვება თუ ტყუილს, ანგარებიანია თუ უანგარო თავის საქმიანობაში, მაშინ, ცხადია, სტანდარტს ფასი არ ადევს და სწორად იქცევიან ის ჟურნალისტები, რომლებიც ქარტიას არ ცნობენ.

მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რატომ არ იჩენს საზოგადოება ინტერესს ჟურნალისტების საქმიანობაში ტყუილისა და სიმართლის გამიჯვნის მიმართ – მართლა არ აინტერესებს, თუ არ იცის, რომ ზემოქმედების ბერკეტს ფლობს.

კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ ლიბერალურია და ჟურნალისტებს დიდ თავისუფლებას ანიჭებს. სტანდარტი კი გაცილებით მკაცრია. შეგიძლია, დაარღვიო სტანდარტი ისე, რომ არ დაარღვიო კანონი. შეგიძლია, გაავრცელო პროპაგანდა, იყო ანგარებიანი, ანგაჟირებული, შეცდომაში შეიყვანო საზოგადოება და, ამავდროულად, არ დაარღვიო კანონი.

ამიტომ, თავად საზოგადოების (და არა ქარტიის ხელმომწერი ჟურნალისტების) გადასაწყვეტია, რა სურს მას: მოსთხოვოს ჟურნალისტებს იმაზე მეტი, რასაც მათგან კანონი ითხოვს, თუ დაკმაყოფილდეს იმ მდგომარეობით, რაც ახლა გვაქვს.

ვიდრე გადავწყვეტდეთ, გვჭირდება თუ არა, ან რისთვის გვჭირდება ქარტია, უნდა ვიცოდეთ, რომ:

• ქართულ მედიასივრცეში არსებობს 180 ჟურნალისტი, რომელმაც ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სტანდარტის დაცვის შესახებ.

• არსებობს 9-წევრიანი საბჭო, რომელიც ქარტიის ხელმომწერებმა აირჩიეს.

• დღეს საზოგადოების თითოეულ წევრს შეუძლია, ქარტიის საბჭოში შეიტანოს განაცხადი ამ 180 ჟურნალისტის მიერ მომზადებული მედიაპროდუქტის შესახებ და მიიღოს პასუხი – რამდენად შეესაბამება ესა თუ ის პროდუქტი სტანდარტს, ესე იგი, რამდენად სანდოა.

• საბჭოს აქვს წინადადება, რომ გაიზარდოს მისი მანდატი და საბჭოს მიეცეს შესაძლებლობა, საზოგადოების თითოეულ განაცხადს გამოეხმაუროს – იმის მიუხედავად, ვის ეკუთვნის მედიაპროდუქტი, ქარტიის ხელმომწერს თუ არახელმომწერს. მანდატის გაფართოების შემთხვევაში, საზოგადოების ნებისმიერი წევრი მიმართავს საბჭოს, როცა დაინტერესდება – დაარღვია თუ არა ჟურნალისტმა სტანდარტი. კითხვის დასასმელად აღარ ექნება მნიშვნელობა, ვინ არის ქარტიის ხელმომწერი და ვინ არა.

• ქარტიის ხელმომწერების მიმართ საბჭო გამოიტანს გადაწყვეტილებას, არახელმომწერების მიმართ კი განცხადებას გაავრცელებს. ამ ორ პროცედურას შორის ფორმალური და ფაქტობრივი განსხვავებაა, მაგრამ საზოგადოება ორივე შემთხვევაში მიიღებს საბჭოს პასუხს შეკითხვაზე – დაირღვა თუ არა სტანდარტი.

• დღემდე არაერთმა მოქალაქემ მიმართა საბჭოს თხოვნით, განეხილა არახელმომწერი ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული მასალა. მაგრამ საბჭო უარს ამბობს, გასცდეს მისთვის მინიჭებულ მანდატს.

დილემას ქმნის ორი პრინციპული საკითხის შეჯახება:

ან ქარტია უნდა იყოს ნებაყოფლობითი პროცესი, როდესაც ქარტიის საბჭოს აზრები სტანდარტის დაცვის შესახებ ეხება მხოლოდ ხელმომწერებს (ამ შემთხვევაში, საზოგადოება იზღუდება საბჭოსთან ურთიერთობაში, რადგან ხელმომწერები ჟურნალისტური კორპუსის უმცირეს ნაწილს შეადგენენ);

ან ქარტიის საბჭოს უნდა მიეცეს საშუალება, თავისი აზრი გამოთქვას ნებისმიერ მედიაპროდუქტზე, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში გაჩნდება შეკითხვები სანდოობის კუთხით (ამ შემთხვევაში, დაირღვევა ნებაყოფლობითობის პრინციპი და გამოვა, რომ საზოგადოება, ქარტიის მეშვეობით, ქარტიის უარმყოფ ჟურნალისტებსაც გააკონტროლებს).

დილემა გადაიჭრება ორი გზით:

ან საზოგადოება იტყვის, რომ მისთვის საბჭო საკმარისად კომპეტენტური და სანდოა, რათა მისი მოსაზრებები მოისმინოს სტანდარტთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.

ან საზოგადოება იტყვის, რომ საბჭოს ენდობა მხოლოდ ქარტიის ხელმომწერებთან დაკავშირებით, რადგან საბჭო სწორედ მათი არჩეულია.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ქარტიის ყრილობა (ხელმომწერი 180 ჟურნალისტის მონაწილეობით) არ არის ბოლომდე ლეგიტიმური, გადაწყვიტოს საკითხი საბჭოსთვის მანდატის გაფართოების ან უცვლელად დატოვების შესახებ. ეს პასუხისმგებლობა საზოგადოებამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ქარტია შეიქმნა, როგორც ნებაყოფლობითი გაერთიანება. საბჭოს მანდატის გაფართოება კი ერთგვარი ძალადობა იქნება იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც არ ცნობენ ქარტიას.

დასაშვებია თუ არა საზოგადოების მხრიდან ძალადობა ჟურნალისტებზე, რათა ისინი გახდნენ ანგარიშვალდებულნი; თუ ანგარიშვალდებულება ნებაყოფლობითია? აქვს თუ არა საზოგადოებას უფლება, ჟურნალისტს სიმართლის თქმა მოსთხოვოს; თუ მხოლოდ ჟურნალისტის საქმეა, რა ხარისხის ინფორმაციას გაავრცელებს? – სწორედ ეს პრინციპული საკითხი უნდა გადაწყდეს საზოგადოების მონაწილეობით. ორივე გადაწყვეტილება – საბჭოს ამჟამინდელი მანდატის შენარჩუნება ან გაფართოება – გადაარჩენს ქარტიას, როგორც სტანდარტის დამკვიდრების პროცესს, თუკი ეს ნამდვილად იქნება საზოგადოების ინფორმირებული, გააზრებული არჩევანი.

ქარტიის ყრილობა კი დაეთანხმება იმას, რასაც საზოგადოება აირჩევს. ეს ერთადერთია, რაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG