Accessibility links

logo-print

წითელი ჯვრის ზუგდიდის ოფისმა 2010 წელი შეაჯამა


წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი კახა ხასაია

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი კახა ხასაია

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრები ოჯახებისთვის ფულადი დახმარება მცირე ბიზნესის დასაწყებად ან უკვე არსებულის გასაუმჯობესებლად; ჯგუფური და ინდივიდუალური ბიზნესპროექტები ნაღმზე აფეთქებული ოჯახის წევრებისთვის და სხვა... - ეს მცირე ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომლებიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ზუგდიდის ოფისმა 2010 წელს განახორციელა.

როგორც ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელმა, კახა ხასაიამ, რადიო თავისუფლებას უთხრა, წითელმა ჯვარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ იმ დევნილთა რამდენიმე კომპაქტურ დასახლებაში გააკეთა რემონტი, რომლთაც სახელმწიფო სტრატეგია არ შეხებია.

2010 წელს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ზუგდიდის ოფისმა მუშაობა დაიწყო პროექტზე, რომელიც ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებისთვის ფსიქოლოგიურ და მატერიალურ დახმარებას გულისხმობს. გარდა ამისა, როგორც კომიტეტის პრესრელიზშია ნათქვამი, მიმდინარე წლის დეკემბერში, წითელი ჯვრის ეგიდით ჟენევაში მოეწყო საკოორდინაციო მექანიზმისთვის ახლად შექმნილი ჯგუფის ქართველი და აფხაზი მონაწილეების შეხვედრა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაცემებით, კონფლიქტის ორივე მხარეს 2000-მდე ადამიანს კვლავაც უგზო-უკლოდ დაკარგულად მიიჩნევენ და 18 წლის განმავლობაში ოჯახის წევრებმა მათზე არაფერი იციან.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქსენონი“, რომელიც კომიტეტთან ერთობლივ პროექტს ახორციელებს, უგზო-უკლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებს ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას უწევს. „ქსენონის“ ხელმძღვანელმა, ფსიქოლოგმა ნინო ჯანაშიამ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ ადამიანებში გაუსაძლის ტკივილს იწვევს მათი ოჯახის წევრის ბედ-იღბლის არცოდნა.

2011 წლიდან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ზუგდიდის ოფისი მიმდინარე წელს დაწყებულ ყველა პროექტს გააგრძელებს და, როგორც მედიასთან დღევანდელ შეხვედრაზე ითქვა, განსაკუთრებული ყურადღება უგზო-უკლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრების ფსიქოლოგიურ და მატერიალურ დახმარებას დაეთმობა.
XS
SM
MD
LG