Accessibility links

ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე პრესა დღესაც წერს. ”რეზონანსი” პრეზიდენტის პრეს-სპიკერს ეკითხება: ”ანუ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია არც ურყოფს და არც ადასტურებს შედგა თუ არა გაჩეჩილაძე-სააკაშვილს შორის გარიგება?”. მანანა მანჯგალაძის პასუხი: ”არა, მსგავსს არაფერს ვამბობ. რა უარყოფა-დადასტურებაზეა საუბარი მაშინ, როდესაც კომენტარს არ ვაკეთებთ ამ თემაზე?! ეს ჩვენი ინტერესის სფეროში არანაირად არ შედის. ეს საკითხი არ არის საინტერესო. ამით მორჩა ეს თემა.”

”ოპოზიციაში კაციჭამია ვირთაგვების გამოყვანის პროცესი დაიწყო!?.” - ასეთი სათაურით ”საქართველოს რესპუბლიკაში” ნახავთ ვრცელ სტატიას. ავტორი წერს: ”ჭაბუა ამირეჯიბის მიხედვით, ამას რკინის კასრი სჭირდება, რის მაგივრობასაც ქართული მედიასივრცე გასწევს წარმატებით, სადაც უკვე დაიწყო ჯერჯერობით ცალმხრივი ბრალდებები, რაც, იმედია, დაპირისპირებულ მხარეთა შორის ტელედებატებში გადაიზრდება. იმედია კი არა, საზოგადოებამ უნდა ვაიძულოთ პირდაპირ ეთერში დასხდნენ ნინო ბურჯანაძე თუ ლევან გაჩეჩილაძე და სხვა, ამ თემასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული, პირები და ჩვენ - მათ მიერ არაერთგზის გაბითურებული, მასხრად აგდებული ქართველი ხალხის - წინაშე ”იბაზრონ”, ვინ ვისზე რა თქვა, ვინ სად და ვისგან აიღო თუ ვერ აიღო ამ ყველაფრისთვის გასამრჯელოდ 30 ვერცხლი.”

”რეზონანსს” მივუბრუნდები, სადაც სტატიაში, სათაურით ”შენ შემოჰკარ” პარიზში მომხდარ ინციდენტზე წაიკითხავთ: ”პარიზში, ფეშენებელური სასტუმრო ”ჰაიატის” ფოიეში, რაღაც მოხდა. ქართული სააგენტოების ცნობით, ეს ”რაღაც” ირაკლი ოქრუაშვილის და დათა ახალაიას ჩხუბი იყო. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ამ ჩხუბის ორი ვარიანტი ვრცელდება, საიდანაც, ერთის თანახმად, ნაცემია ოქრუაშვილი, მეორის თანახმად კი - ახალაია.”

”ახალი თაობა” ლეიბორისტთა ერთ-ერთ ლიდერს, ნესტან კირთაძეს, 2010 წლის შეფასებას სთხოვს. კირთაძის პასუხი: ”ზოგადად, 2010 წელი საქართველოსთვის იყო სრული კაპიტულაციის წელი როგორც საგარეო, ისე საშინაო მიმართულებითა და მორალური კუთხით. ამ წელს ახალგაზრდა კაცმა ჯულიან ასანჟმა კაცობრიობას უთხრა - არაფერი დაიმალება, მე გაძლევთ ამის პირობასო, ანუ ბიბლიური ნორმა, არრაა დაფარული, რაიც არ გაცხადდების. პრაქტიკულად, ახალგაზრდა ბიჭმა თავისი პროფესიონალიზმით, სიმამაცითა და მორალური კატეგორიებით, თუნდაც, ბიზნეს-ინტერესებით, თუნდაც ყველა ინტრიგითაც კი თავდაყირა დააყენა ყველაფერი, მათ შორის მსოფლიო პოლიტიკური სისტემა, მისი ტენდენციები და მორალური კატეგორიები” - აცხადებს ნესტან კირთაძე. ის ფიქრობს, რომ სკანდალმა, რომელიც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ პერიოდს უკავშირდება, ”შეიძლება ბევრად შეცვალოს ქართული პოლიტიკური სივრცე და სინამდვილე.”

”24 საათი” წერს როგორც თსუ-ს რექტორის არჩევნებზე, აგრეთვე ხოდორკოვსკის საქმესა და ამერიკაში უამინდობაზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე. დღევანდელ ნომერში წაიკითხავთ ვრცელ წერილს ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმავალი წლის ამბებზე. თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი წერილს ასე ასრულებს: ”ახლა კი, ამ წუთებში, როდესაც თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, თეატრის საბალეტო დასი, ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით, და სიმფონიური ორკესტრი, ჯანლუკა მარჩიანოს დირიჟორობით, ემზადება ბათუმის საახალწლო გალა-კონცერტისთვის, სადაც მსმენელთა და მაყურებელთა წინაშე წარდგებიან თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ მომღერალთან - ანდრეა ბოჩელისთან და ქართველ და უცხოელ ვარსკვლავებთან ერთად.”
XS
SM
MD
LG