Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პერევის საკითხის რუსული შეფასება და საქართველოს პროტესტი


რუსი სამხედროები სოფელ პერევშის შესასვლელში, 2009 წელი.
რუსი სამხედროები სოფელ პერევშის შესასვლელში, 2009 წელი.
თბილისი კიდევ ერთხელ აპროტესტებს მოსკოვის შეფასებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რაც რუსეთის საგარეო უწყების 2010 წლის ანგარიშშია ასახული. საქმე ისაა, რომ საგარეო პოლიტიკის ძირითადი მოვლენების შეჯამებისას, მოსკოვი ჯიუტად იმეორებს ძველ შეფასებას, რომ, თითქოს, სოფელ პერევიდან გასვლით მან ბოლომდე შეასრულა 2008 წლის ომის შემდეგ ხელმოწერილი შეთანხმებები. ამ განცხადებაში თბილისისთვის საყურადღებოა ისიც, რომ რუსეთი არ აპირებს სათანადოდ უპასუხოს საქართველოს ცალმხრივ სამშვიდობო ინიციატივას.

რუსეთის საგარეო პოლიტიკის 2010 წლის ძირითადი მოვლენების 24-პუნქტიან შემაჯამებელ ანგარიშში საქართველო მე-9 პუნქტში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების კონტექსტშია მოხსენიებული. სწორედ ამ პუნქტშია შეფასებული საჩხერის რაიონის სოფელ პერევიდან გასვლის ფაქტიც, რომლის ანონსირებაც მოსკოვმა 14 ოქტომბერს, ჟენევის დისკუსიის მე-13 რაუნდის მსვლელობისას მოახდინა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე 27 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ:

”სოფელ პერევიდან - საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვარზე არსებული სადავო ტერიტორიიდან - რუსეთის სასაზღვრო საგუშაგოს გაყვანით ოქტომბერში აღინიშნა რუსეთის მიერ მედვედევ-სარკოზის შეთანხმებების შესრულების საკითხის საბოლოო დახურვა”.

რუსეთის საგარეო უწყების ანგარიშში ასახული ეს შეფასება ნამდვილად არ წარმოადგენს სიახლეს, რადგანაც ზუსტად ასეთივე შინაარსის შეფასებები ისმოდა მოსკოვიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც 18 ოქტომბერს რუსი ოკუპანტები სოფელ პერევიდან გავიდნენ. ერთადერთი სიახლე, რომელზედაც 27 დეკემბრის ანგარიშთან მიმართებით შეგვიძლია ვილაპარაკოთ, არის ის, რომ პერევის საკითხის შეფასებისას რუსეთმა არც ამ ეტაპზე გაითვალისწინა საერთაშორისო საზოგადოების განსხვავებული პოზიცია.
გავიხსენოთ, რომ, მართალია, საქართველოს ოკუპირებული სოფლის - პერევის - დატოვებისთვის მოსკოვმა საერთაშორისო თანამეგობრობისგან არაერთი მადლობა მიიღო, მაგრამ თანდათან სულ უფრო აშკარა გახდა ისიც, რომ დასავლეთი არ იზიარებს მოსკოვის პოზიციას და 2008 წლის აგვისტოს 6-პუნქტიან შეთანხმებას ბოლომდე შესრულებულად არ მიიჩნევს.

პირველი ასეთი განცხადება გააკეთა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა. 19 ოქტომბრის განცხადებაში მან 2008 წლის აგვისტოს შეთანხმების ბოლომდე შესრულების ”მოუთმენელი მოლოდინი” გამოხატა. ამის შემდეგ, მალევე, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მარკ ტონერმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ობამას ადმინისტრაცია რუსეთისგან იმ პოზიციებზე დაბრუნებას მოელის, რომელზეც ის აგვისტოს ომამდე იდგა.

პირველ ნაბიჯებს მოჰყვა სულ უფრო მეტი საერთაშორისო დონის განცხადება თუ დოკუმენტი, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებენ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროკავშირის შუამავლობით ნაკისრი ვალდებულებები. ასეთივე მოწოდებას ასახავს, მაგალითად, ნატოს ლისაბონის სამიტზე 20 ნოემბერს მიღებული დეკლარაციაც.

საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის, ნიკა ჩიტაძისთვის, ცხადია, რომ რუსეთი მიზანმიმართულად მისდევს, ასე ვთქვათ, ”წაყრუებისა” და ”იგნორირების” პოლიტიკას, რადგანაც მას ”რეალური არგუმენტები არ გააჩნია”. ამ კონტექსტში ანალიტიკოსი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ რუსეთმა საერთაშორისო ვალდებულებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების აღიარებამდე მოაწერა ხელი და, შესაბამისად, ამ ტერიტორიებიდან გასვლაც იკისრა:

”რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში „ავიწყდებათ“ ის ფაქტი, რომ 12 აგვისტოს, როდესაც ხელი მოეწერა ამ ხელშეკრულებას, რუსეთს ჯერ კიდევ არ ჰქონდა აღიარებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა. ეს აღიარება მოხდა 26 აგვისტოს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ”.

რუსეთის საგარეო უწყების წლიურ ანგარიშში პერევთან დაკავშირებით გამეორებული შეფასება ხელახლა გააპროტესტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და 28 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში გაიხსენა ისიც, რომ ”საერთაშორისო თანამეგობრობამაც სრულიად გარკვევით მიუთითა რუსეთს აღნიშნული შეთანხმების სრული იმპლემენტაციის აუცილებლობის თაობაზე”.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ცხადია ისიც, რომ ”რუსეთი არ აპირებს უპასუხოს საქართველოს ცალმხრივ ინიციატივას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და კვლავაც გააგრძელებს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების უხეში დარღვევის, საერთაშორისო თანამეგობრობის სამართლიანი მოთხოვნების დემონსტრაციული იგნორირების პოლიტიკას”.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG