Accessibility links

logo-print
საქართველოს რამდენიმე რაიონში ტყეებს ისევ გაუჩნდა ხანძარი. იცვლება ადგილები, მაგრამ არ იცვლება სურათი - დღემდე ხანძრის არც ერთი ფაქტი გამოძიებული არ არის. ამჯერად ცეცხლს ებრძვიან ბაღდათის რაიონში, ფშავის ტერიტორიაზე, მოსახლეობამ აალებული ტყე ახალგორის რაიონშიც ნახა. ორიოდე დღის წინ ხანძარი უკვე ჩააქრეს რაჭაში.

ახალგორის ხანძარი ჩემთვის უცნობია, რაც შეეხება ამბროლაურისა და ონის ხანძრებს, რამდენიმე დღის წინ ჩავაქრეთ...
ბაღდათის რაიონი დღეს ხანძრების ეპიცენტრად შეიძლება ჩაითვალოს. თუ ფშავის ტერიტორიაზე ფოთოლი და ფიჩხი იწვის, ბაღდათში ცეცხლი წიწვოვან ტყეს უკიდია. არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია რა იწვის ახალგორში, იქ ტყიდან ამოსული კვამლი მიმდებარე სოფლის მოსახლეობამ დაინახა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ტყის დაცვის დეპარტამენტის უფროსს, ზურა ყელიხაშვილს, შუადღისათვის ახალგორის ხანძრის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა:

”ახალგორის ხანძარი ჩემთვის უცნობია, რაც შეეხება ამბროლაურისა და ონის ხანძრებს, რამდენიმე დღის წინ ჩავაქრეთ. ბარისახოსკენ არის ხანძარი და დღეს მოხდება მისი ლოკალიზება, ხოლო ბაღდათში ცოტა რთულადაა საქმე - მანდ უკვე წიწვოვან ტყეს უკიდია ცეცხლი და მისასვლელადაც რთული ადგილებია; ჯერჯერობით არც ვიცით, რა ფართობია დაზიანებული”.

კვლავაც უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები. თავად ყელიხაშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით ბოლო დროს საქართველოში მომხდარი არც ერთი ხანძრის გამომწვები მიზეზი გამოძიებული არ არის. შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც ერთი თვის წინ იწვოდა ტყეები ბაღდათისა და თელავის რაიონებში, ზემო სვანეთსა და სნოს ხეობაში.

რაც შეეხება აღმოსავლეთ მთიანეთში გაჩენილ ხანძარს, რადიო თავისუფლება დაუკავშირდა დუშეთის გამგებელ ლაშა ჯანაშვილს, რომელმაც გვითხრა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ბარისახოს ხანძრის შესახებ მთლად ზუსტი არ არის, რადგან ცეცხლი გამხმარ ფოთოლს ფშავის ტერიტორიაზე მოედო:

”ეგ ხანძარი ბარისახოს ტერიტორიაზე კი არ არის, არამედ ორწყალთან, ფშავის ტერიტორიაზე. ფოთოლს ეკიდა ცეცხლი და ახლაც ჩვენი ჯგუფები და სახანძროებიც ადგილზე არიან, მაგრამ მანქანით იქ ვერ გადაადგილდებიან, ფეხით უნდა ავიდნენ, რომ ცეცხლი ჩააქრონ”.

გარემოზე მიყენებული ზიანი და ის თანხები, რომლებიც აღდგენითი ღონისძიებებისთვისაა საჭირო, არასოდეს თანაბარი არ არის. ზიანი, შესაძლოა, იყოს, ვთქვათ, 1 მილიონი ლარი, მაგრამ ღონისძიებებისავის გამოიყოს 10 000 ლარი...
ახალგორის ხანძრის შესახებ ინფორმაცია სოფელ ოძისის მოსახლეობამ გაავრცელა. ეს სოფელი დუშეთის რაიონის გამგეობაში შედის.

მთავარი კითხვა, რომელიც ყოველი მორიგი ხანძრის შემდეგ ჩნდება, ისაა, თუ რატომ ვერ ხდება ხანძრის ფაქტების გამოძიება. ”მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელი, ეკოლოგი ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს, რომ, როგორც წესი, ამას არ სჭირდება ეკოლოგიური გამოძიება:

”ცხადდება ხოლმე, რომ ეს არის დაუდევრობა. ან ვიღაცამ დატოვა ცეცხლი, ან შეგნებულად ანთებენ ხოლმე საძოვრებზე, წვავენ ბალახს რაღაც სამეურნეო მიზნებისთვის და ასეთი გამოთქმაც არსებობს, რომ ”ცეცხლი გაექცათო”, რასაც შემდეგ ტყის ხანძარი მოჰყვება. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ დღემდე ერთი ფაქტიც ვერ გამოიძიეს. ეტყობა, ეს გარემოსდაცვითი დანაშაული არ ითვლება დანაშაულად და ამისთვის არ უნდათ ადამიანის დაჭერა...”

ირაკლი მაჭარაშვილი განმარტავს, რომ ზიანის რაოდენობის დადგენა მაშინ არის მნიშვნელოვანი, როდესაც მის ანაზღაურებას კონკრეტულ დამნაშავეს აკისრებ, თორემ ზიანის რაოდენობა ეკოსისტემის აღდგენის ღირებულებასთან არანაირ კავშირში არ არის:

”გარემოზე მიყენებული ზიანი და ის თანხები, რაც აღდგენითი ღონისძიებებისთვისაა საჭირო, არასოდეს თანაბარი არ არის.ზიანი, შესაძლოა, იყოს, ვთქვათ, 1 მილიონი ლარი, მაგრამ ღონისძიებებისავის გამოიყოს 10 000 ლარი. ამ თანხით საჭირო სამუშაოების ჩატარების მერეც კი პირველი სახით არ აღდგება, რაც განადგურდა, მაგრამ არ აღდგება არც იმ შემთხვევაში, ათი მილიონიც რომ დახარჯო”.

დაბოლოს, შეგახსენებთ, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო სააგენტოს მონაცემებით, წელს ზაფხულის განმავლობაში გაჩენილმა ხანძრებმა 430 ჰექტარი ფართობის ტყის მასივი გაანადგურა. ოფიციალური მონაცემებით, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ცეცხლის სტიქიამ 2 ათას 500 ჰექტარი ტყის ფართობი შეიწირა.
XS
SM
MD
LG