Accessibility links

logo-print

რა გაკეთდა ტურიზმის განვითარებისთვის 2010 წელს


ტურისტული სეზონი გუდაურში

ტურისტული სეზონი გუდაურში

2010 წლის განმავლობაში საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა. 2009 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებლის 38 პროცენტით გაუმჯობესებას ნიშნავს. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში გასულ სეზონს წარმატებულად მიიჩნევენ. სააგენტოს ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე კი შენიშნავს, რომ ტურიზმის სააგენტო 2011 წელსაც ”ამბიციური” რჩება და ტურისტთა რაოდენობის 3 მილიონამდე გაზრდას ვარაუდობს.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის ამბიციურ გეგმებში ტურისტთა რაოდენობის გაზრდისათვის აუცილებელი ისეთი ღონისძიებების განხორციელებაა ნაგულისხმები, როგორიცაა, მაგალითად, ტურისტული მომსახურების სფეროში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაცია, ტურიზმის განვითარებისათვის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და სხვა.

”ძირითადი ზრდა მომავალ წელს იქნება კვლავ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან და თუ წელს, ვთქვათ, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობამ შეადგინა დაახლოებით ნახევარი მილიონი, მომავალ წელს ვვარაუდობთ, რომ ამ ბაზრებიდან, სულ მცირე, 700 000 ტურისტს მოვიზიდავთ”, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ არჩილ კეკელიამ.

2010 წელს კი საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორებიდან რაოდენობრივად აზერბაიჯანელი ტურისტები ლიდერობენ. ვიზიტორების მხრივ, მეორე ადგილზეა თურქეთი, მესამე ადგილზე კი სომხეთი. ამ სახელმწიფოთა ხვედრითი წილი ბაზარზე 26-26 პროცენტს შეადგენს. ტურისტების ნაკადიდან ნახევარზე მეტი აჭარის რეგიონს სტუმრობდა. მთლიანობაში კი, 2010 წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 926 000-ზე მეტმა ტურისტმა დაისვენა, რაც 78 პროცენტით აღემატება 2009 წლის მონაცემებს.

2010 ტურისტული წლის შეფასებისას საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა ასევე სტატისტიკა იმ ქალაქების მიხედვით, რომლებიც ყველაზე მეტმა ტურისტმა მოინახულა. როგორც მოსალოდნელი იყო, 95 პროცენტით ლიდერობს თბილისი, მეორე ადგილზეა ბათუმი, მესამეზე კი მცხეთა. სიღნაღში ტურისტთა 8 პროცენტი ჩავიდა, ყვარელი კი, სადაც ტურისტული კომპლექსი პრაქტიკულად წლის მეორე ნახევარში შევიდა ექსპლუატაციაში, ტურისტთა საერთო რაოდენობის მხოლოდ ერთმა პროცენტმა მოინახულა.

2010 წელი ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ზოგადი შეფასებით, სწორედ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებით და ახალი ტურისტული ობიექტების მოწყობითა თუ გახსნით იყო მნიშვნელოვანი. მათ შორისაა ყვარლის ტბა, სამთო-სათხილამურო ცენტრი მესტიაში, მცხეთისა და ქუთაისის ისტორიული ნაწილების რეაბილიტაცია, სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეების განახლება და სხვა... 2010 ტურისტული წლის აქტივშია ასევე პრეზიდენტის ინიციატივა ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნისა და ინვესტორებისათვის განსაკუთრებული საგადასახადო შეღავათების დაწესების შესახებ. ამას გარდა, როგორც ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, მაია სიდამონიძე, აღნიშნავს, 2010 წელი გამორჩეული იყო უცხოეთში საქართველოს პოპულარიზებისათვის ჩატარებული სამუშაოების მასშტაბითაც:

”წელს საქართველოს პოპულარიზაციაზე ვმუშაობდით, რათა უცხოურ ბაზრებზე მისი როგორც პოპულარული ტურისტული მიმართულების დამკვიდრება მოვახდინოთ. ეს გამოიხატება არა მარტო საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობით, პრესტურებისა და ინფოტურების ორგანიზებით, არამედ სხვა სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიებითაც”.

ძნელია არ გაიზიარო ის აღმატებული განწყობა, რომელსაც ტურიზმის სააგენტო 2010 წლის შედეგების შეფასებისას ავლენს, ამბობს, თავის მხრივ, ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ისაკაძე:

”ინფრასტრუქტურა რეალურად ძალიან სერიოზულად ვითარდებოდა. ამაში საწყის ეტაპზე ლომის წილი ეკუთვნის თავად სახელმწიფოს, რომელიც გარკვეულწილად კატალიზატორის როლს ასრულებს ინფრასტრუქტურული და გარკვეული ობიექტების მოზიდვის თვალსაზრისით, და შემდგომ უკვე ამაში თავად ბიზნესიც ნელ-ნელა ერთვება. იმედი მაქვს, რომ ბიზნესი ამას სწრაფად და ადეკვატურად აჰყვება. რაც შეეხება ხარისხს და რაოდენობას, ქართველებს ზოგადად ძალიან ბევრი რამ გვაქვს სასწავლი ბიზნესთან, მომსახურებასთან, კლიენტებთან მიმართებაში და ამასაც, ალბათ, ნელ-ნელა დავხვეწთ; ამასაც შესაბამისი დრო დასჭირდება“.
XS
SM
MD
LG