Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვსკი თუ ვენეციური?


მოსკოვსკის დასახლება
მოსკოვსკის დასახლება
ახალ წელს ცხინვალის ქუჩებში თოვლი არა, მაგრამ წყალი საკმარისზე მეტი იქნება. გარეუბან მოსკოვსკის საკანალიზაციო სისტემა მწყობრიდან გამოვიდა - რამდენიმე დღეა დახეთქილი მილებიდან წყლის ნიაღვრები პირდაპირ ქუჩებში მოედინება.

მოსკოვსკის დასახლება აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის ჩრდილოეთით, სოფელ თამარაშენის ტერიტორიაზე გაშენდა. ის მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის, საჩუქარი იყო ცხინვალელებისთვის და მიკრორაიონის დასახელებაც აქედან გამომდინარე შეირჩა. იქ აშენებულ კორპუსებში ჯერ დაზარალებული მოსახლეობის შესახლება დასრულებულიც არ არის, საყოფაცხოვრებო პრობლემებმა კი უკვე იჩინა თავი.

ცხინვალელები ამბობენ, რომ საკანალიზაციო სისტემა უხარისხოდ გაკეთდა. ქალაქის ადმინისტრაციაში ადგილობრივ ჟურნალისტებს აუხსნეს, რომ რუსმა მშენებლებმა საკანალიზაციო მილები ნორმალურად ვერ გადააბეს, რამაც მოგვიანებით მთელი სისტემის დაზიანება გამოიწვია. ცხინვალის ხელმძღვანელებმა პრობლემის შესახებ იციან, მაგრამ მის აღმოფხვრას არ ჩქარობენ. ისინი ამბობენ, რომ ჯერ კიდევ დასახლების მშენებლობის დროს გამოთქვამდნენ რუსი მშენებლების მიმართ პრეტენზიებს, მაგრამ არავინ მოუსმინა, ახლა კი წყალი მიედინება როგორც გზებზე, ისე ტროტუარებზე. დაიტბორა სარდაფები და წყალმა სადარბაზოებშიც შეაღწია. მიკრორაიონ მოსკოვსკის მცხოვრები ალინა თომაევა ამბობს, რომ შვილებს სათამაშოდ გარეთ ვეღარ უშვებს, დასახლებიდან ცხინვალში გაუთხვრელად ჩასვლა კი შეუძლებელია.

დასახლების მცხოვრებლებმა საკუთარი ინიციატივით პატარა ხიდები ააგეს, რომ როგორმე უსაფრთხოდ და სუფთად მიაღწონ ქალაქამდე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ესეც ვერ შველით. როგორც ცხინვალის სახლთმმართველობის მთავარი ინჟინერი რობერტ ყულუმბეგოვი ამბობს, პრობლემის მოგვარებას ახალი წლის სადღესასწაულო დღეების შემდეგ დაიწყებენ.

მიკრორაიონის მცხოვრებლებს ისღა დარჩენიათ, სადღესასწაულო დღეების დასრულებას დაელოდონ. მანამდე კი მათ რეზინის კალოშების ყიდვა მოუწევთ დასახლებიდან რომ მშრალად გამოვიდნენ. მოსკოვსკის მცხოვრებლები უკმაყოფილებას არ მალავენ და ამბობენ, რომ იქ გაჩენილი მდინარეების გამო ჯობია მიკრორაიონს სახელი შეუცვალონ და მას ვენეციური უწოდონ.
XS
SM
MD
LG