Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბერძნული მეტამორფოზა“ ნოტიდან ნოტამდე


თედო ჯაფარიძე და ჯეიმს შერი, "ჩეთჰემ ჰაუსის" წარმომადგენელი
თედო ჯაფარიძე და ჯეიმს შერი, "ჩეთჰემ ჰაუსის" წარმომადგენელი
„შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრის“ (ICBSS) გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა თედო ჯაფარიძეს 2011 წლის გაზაფხულამდე შეუნარჩუნდა, 2011 წელს კი საქართველომ მხარი აღარ დაუჭირა მის კანდიდატურას. იმაზე, თუ რატომ არ მიემხრნენ ჯაფარიძეს, სხვადასხვა ვარაუდი გამოითქვა. რადიო თავისუფლება იუწყებოდა, რომ პირად საუბარში საგარეო უწყების წარმომადგენლები არ მალავდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აღიზიანებდა თედო ჯაფარიძის მიერ დასავლეთის პრესაში ბოლო დროს გამოქვეყნებული პუბლიკაციები და კიდევ ის გარემოება, რომ მის ხელმეორედ არჩევას „შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრში” - სხვებთან ერთად - მხარს უჭერდა რუსეთის წარმომადგენელი.

როგორც უნდა იყოს, საკითხი გადაწყვეტილად ითვლებოდა, მაგრამ მოხდა ის, რომ 28 დეკემბერს ათენში საქართველოს საელჩომ საბერძნეთის დედაქალაქში დაფუძნებულ „შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრს“ გაუგზავნა წერილი, სადაც ვკითხულობთ: გვაქვს პატივი გაუწყოთ, რომ 31 დეკემბრიდან გაუქმდა ორი დიპლომატიური პასპორტი - ერთი თედო ჯაფარიძისა, მეორე კი მისი მეუღლისო.

ჩვენმა მსმენელმა იცის, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩის კანდიდატურას „შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრის“ (ICBSS) გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე საქართველოს მთავრობამ მხარი არ დაუჭირა. მთავრობის წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილი იყო არგუმენტიც, კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ, თავის დროზე თქვა, ჯაფარიძეს არა აქვს სამეცნიერო „ბეკგრაუნდი“, რაც ამ პოსტისთვისაა საჭიროო. ამით თითქოს ვითარება გაირკვა: „შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრმა“ გადაწყვეტილება მიიღო - ჯაფარიძე მხოლოდ დროებით დარჩა თანამდებობაზე და მომავალი გვიჩვენებდა, ვინ დაიკავებდა პოსტს და რა საქმეს ეწეოდა თედო ჯაფარიძე, რომ არა ზემოხსენებული ნოტა. რატომ უჩერებს დიპლომატიური პასპორტის მოქმედებას საქართველო თედო ჯაფარიძეს, რომელიც თანამდებობაზეა დროებით და რომლის პოსტზე დაბრუნება შეუძლებელია? როგორც თვითონ ჯაფარიძე განმარტავს, გადაწყვეტილების შეცვლა აღარ შეიძლება: მას კენჭი უყარა თორმეტივე ქვეყანამ, მათ შორის მხოლოდ ერთი, საქართველო, არ მიემხრო მის კანდიდატურას და ამით საკითხი საბოლოოდ გადაწყდა.

დიპლომატიური სტატუსი თედო ჯაფარიძეს ადრევე ჰქონდა. რადიო თავისუფლებას ხელთ აქვს იმავე საბერძნეთში საელჩოს 2007 წლის 6 აგვისტოს ნოტა, რომელიც საქართველოს დიპლომატიური უწყების შუამდგომლობაა ჯაფარიძის კანდიდატურის ამ თანამდებობაზე წარდგენისთვის. საელჩოს ნოტას თან აქვს დართული ჯაფარიძის ბიოგრაფია, სადაც, სხვათა შორის, წაიკითხავთ, რომ ჯაფარიძე აღიარებული მეცნიერი და მკვლევარია ( პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი). მანამდე კი წერია, რომ, თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, ჯაფარიძე მიიღებს დიპლომატიურ პასპორტს. აი, ამ ორ ნოტას შორის პერიოდში განვითარდა, როგორც თვითონ ჯაფარიძე ამბობს, „ბერძნული მეტამორფოზა“. თედო ჯაფარიძეს ვერ აუხსნია, რატომ დასჭირდათ დიპლომატიური პასპორტის გაუქმება მაშინ, როცა საქართველოს მთავრობამ გამოხატა პოზიცია და თედო ჯაფარიძის სურვილი, დარჩენილიყო ათენში, ვერ განხორციელდებოდა, მისი ხელმეორედ არჩევა ამ პოსტზე აღარ მოხდებოდა.

რა მოაქვს ასეთი საბუთის გაუქმებას? თედო ჯაფარიძის თქმით, დიპლომატიური პასპორტი ანიჭებს გარკვეულ უპირატესობას მის მფლობელს იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფება. მაგალითად, პირი არ იბეგრება და აქვს თავისუფლად მოგზაურობის უფლება, არ სჭირდება ვიზა. როცა დიპლომატიური პასპორტი უქმდება, უქმდება ეს პრივილეგიებიც, რასაც შეიძლება მოჰყვეს ტექნიკური სიძნელეები, როგორიცაა ვიზის აღება სხვადასხვა საელჩოში.

ეს ტექნიკური სიძნელე ისიც შეიძლება იყოს, რომ მოქალაქეს არ ჰქონდეს რიგითი პასპორტი. თუმცა, როგორც საბერძნეთში საქართველოს ელჩმა ირაკლი თავართქილაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, ეს არაა სირთულე - ყველა მოქალაქეს, მათ შორის თედო ჯაფარიძეს და მის მეუღლესაც, აქვთ ასეთი პასპორტები და რომც არ ჰქონდეთ, მათ, ისევე როგორც ყველა მოქალაქეს, აქვთ საშუალება საელჩოში ერთ დღეში მიიღონ ორდინარული პასპორტები.

თედო ჯაფარიძე ამბობს, რომ დიპლომატიური პასპორტი არ განსაზღვრავს ადამიანის სტატუსს და ავტორიტეტს. მას კარგად იცნობენ არაერთ ქვეყანაში. დღეს, როცა გავრცელდა ცნობა საელჩოს ნოტის შესახებ, რადიო თავისუფლებამ მიიღო წერილი, რომელსაც ხელს აწერს ბობ უოლში. ეს არის ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი და მოღვაწე, რომელმაც თავის დროზე სახელი გაითქვა „კეთილი ნების თამაშების“ მოწყობით, ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებული ღვაწლი აქვს 1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოში პირველი დასავლური ინვესტიციების ჩადებით და, ამდენად, ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარების გაწევით მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის დროს.

ბობ უოლში წერს: ჩვენ, ამერიკელები, მოწმენი ვიყავით ელჩ ჯაფარიძის დიპლომატიური უნარისა იმ წლებში, როცა ის ვაშინგტონში საქართველოს წარმოადგენდა. ის წლები საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისა იყო და ბატონი ჯაფარიძე უაღრესად დიდი პოპულარობით სარგებლობდა საქართველოსთვის ესოდენ მნიშვნელოვან ორ ქვეყანაში - შეერთებულ შტატებსა და კანადაში. უოლში ამბობს, გავბედავთ და ვიტყვით, რომ ძნელად თუ მოიძებნებოდა სხვა ელჩი, რომელიც ასე ეფექტიანად მუშაობას მოახერხებდა. საქართველოს წინაშე ელჩ ჯაფარიძის დამსახურება და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის განმტკიცებაში მის მიერ შეტანილი წვლილი არაერთხელ აღუნიშნავთ პრეზიდენტ კლინტონს, ელჩ პიკერინგს, სახელმწიფო მდივან ბეიკერს, სახელმწიფო მდივან შულცს, სახელმწიფო მდივან პაუელს, მდივნის მოადგილეებს არმიტაჯსა და ტელბოტს, შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს ჯონ შალიკაშვილს და სხვა ამერიკელ ლიდერებს. ის იყო ელჩი საქართველოს ისტორიაში ყველაზე კრიტიკულ პერიოდში, - ასე აფასებს თედო ჯაფარიძეს ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი და მოღვაწე.

თედო ჯაფარიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ საქმემ მას დაუბრუნა პოპულარობა, რომელიც 2004 წელს, თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, დაკარგა. ის ამბობს, ვიყავი „ჩადებული ნაფტალინში“, ვიჯექი ამ უმნიშვნელო ადგილზე, ათენში, ამ სამეცნიერო ცენტრში, და ვიქნებოდი ასეო. მაგრამ ამ ყველაფერმა - ჯერ „რუსეთის აგენტობამ“, შემდეგ ჩემმა „ბეკგრაუნდმა“, ამ საკითხზე მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ, რუსეთის მეცნიერთა მხარდაჭერამ და ახლა დიპლომატიური სტატუსის გაუქმებამ, ცნობადი სახე გამხადა ისევ, „რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობასაც და საგარეო საქმეთა სამინისტროსაც“. ამისთვის სხვები უამრავ სახსრებს ხარჯავენ - ამ „პიარისა“ და ცნობადობის აღსადგენადო, ამბობს თედო ჯაფარიძე, რომელიც დასძენს, ძალიან სამწუხაროა მხოლოდ, რომ ეს მოხდა ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისა და იმიჯის შელახვის ფონზეო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG