Accessibility links

ოკუპირებული გალის რაიონის სკოლის პედაგოგებს ხელფასს უხდის როგორც აფხაზეთის დე ფაქტო, ისე საქართველოს განათლების სამინისტრო. ამ უკანასკნელმა, როგორც ერთ-ერთი სოფლის სკოლის მასწავლებელმა რადიო თავისუფლებას შეატყობინა, თანხის ჩარიცხვა დააგვიანა.

გალელი პედაგოგის თქმით, კუთვნილი ხელფასი, რომელიც მათ კვარტალურად ერიცხებათ და რომელიც 600 ლარს შეადგენს, ორშაბათს უნდა მიეღოთ, მაგრამ ამ დრომდე ეს თანხა მათ საბანკო ანგარიშზე დარიცხული არ არის.

„სასწავლო წლის პირველი სემესტრი დავამთავრეთ. გვითხრეს, ხელფასები გასული კვირის ორშაბათს ჩაგერიცხებათო, მაგრამ ამ ორშაბათსაც არ ჩაირიცხა. გულდაწყვეტილები ვართ ამ ფაქტის გამო. გვინდოდა ახალი წლისთვის გამოგვეყენებინა ეს თანხა. ჩვენი მთავრობა ყურადღებას საერთოდ არ გვაქცევს“, - ამბობს გალელი პედაგოგი.

იმის გასარკვევად, თუ რატომ დაგვიანდა ოკუპირებული გალის რაიონის სკოლის მასწავლებლებზე ხელფასების გაცემა, რადიო თავისუფლება გალის განათლების რესურსცენტრს დაუკავშირდა. უწყების ხელმძღვანელი ნონა შონია ფიქრობს, რომ ეს დაგვიანება არ არის, რადგან, როგორც წესი, თანხის ჩარიცხვა ყოველი კვარტალის ბოლო კვირას ხდება.

„გუშინ საქართველოს განათლების სამინისტროში ვიყავი თათბირზე, სადაც მითხრეს, რომ ხელფასები აუცილებლად ჩაირიცხება. ახლა წუთი წუთზე ველოდები ინფორმაციას ხელფასების ჩარიცხვასთან დაკავშირებით. ასე რომ, მასწავლებლებს გავახარებთ დღესვე. აქვე მინდა ვისარგებლო შეთხვევით და დამდეგი ახალი წელი მივულოცო ოკუპირებული გალის რაიონის სკოლის პედაგოგებს, ტექნიკურ პერსონალს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს და ვუსურვო მშვიდობა და საქართველოს გამთლიანება“, - ამბობს ნონა შონია.

მიუხედავად იმისა, ხელფასები დღეს ჩაირიცხება თუ ხვალ, გალელი პედაგოგები ამბობენ, რომ ამ თანხას ისინი საახალწლოდ ვერ გამოიყენებენ, რადგან ოკუპირებული აფხაზეთიდან სამეგრელოში გადმოსვლას და უკან დაბრუნებას თითქმის მთელი დღე სჭირდება, ახალ წლამდე კი მხოლოდ ერთი დღე რჩება.
XS
SM
MD
LG