Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 30 დეკემბერი 2010


დღეს გამოქვეყნებულ ინტერვიუებში კვლავაც გრძელდება ოპოზიციაში დაწყებული დაპირისპირების გარჩევა. “ახალი თაობა”, ინტერვიუ სოზარ სუბართან: “ქალბატონი ნინო ბურჯანაძე ხშირად ამბობს, რომ მან იცის ისეთი რაღაცები, რომ თუ ალაპარაკდება, ბევრ უხერხულობას შეუქმნის მიხეილ სააკაშვილს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. ამის ნაცვლად, ერთ მშვენიერ დღეს მან დაიწყო დაუსაბუთებელი კომპრომატების გამოქვეყნება ოპოზიციურ პარტიებზე და ოპოზიციის ლიდერებზე, იმ ადამიანებზე, რომლებსაც თავის კონკურენტებად თვლის”, - აცხადებს სოზარ სუბარი “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

“ყველა სიახლე”, ნინო ბურჯანაძე: “არ ვაპირებდი ამ დისკუსიაში ჩართვას, მაგრამ არ მოისვენეს. დიდი შეცდომა დაუშვა ეროსი კიწმარიშვილმა, რომ გამოვარდა და ათასი სისულელე ილაპარაკა იმ პირველი სტატიის შემდეგ, სადაც მოყვანილი ფაქტები უცხო არავისთვის იყო. შეგნებულად ხომ არ გახვია ამ ცეცხლში გაჩეჩილაძე, ან იქნებ, იმედი ჰქონდათ, რომ ხმას არ ამოვიღებდი?”. ბურჯანაძესთან ინტერვიუ “ყველა სიახლეში” ქვეყნდება. ამავე გაზეთში იბეჭდება ინტერვიუ კოკა გუნცაძესთანაც, რომელიც ამბობს: “სწორედ იმიტომ წამოიწყო ეს ბინძური თამაში ბურჯანაძემ, თავისი, როგორც პოლიტიკოსის, მარცხი რომ გადაეფარა“.

“რეზონანსი” ვრცელ სტატიას უძღვნის კომპანია “მაესტროს” ირგვლივ შექმნილ ვითარებას, სათაურით - “ალტერნატიული ინფორმაციის ბოლო კუნძული საფრთხეშია”. “რეზონანსში” წაიკითხავთ ახალგორის მცხოვრებთა პრობლემებზეც. გაზეთი წერს აგრეთვე იმის შესახებ, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლის სხვა ადგილას გადატანა იგეგმება. დღევანდელ “რეზონანსში” ქვეყნდება ვრცელი ინტერვიუ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ ნიკოლოზ რურუასთან.

დღევანდელი პრესა აღწერს წინასაახალწლო განწყობას, თუმცა არცთუ იშვიათად ეს განწყობა სევდიანია. “24 საათში” რამდენიმე სტატია ქვეყნდება პროექტზე - “იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციო-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონში”. ერთ-ერთი ეხება ფოცხოეწერში ჩასახლებული დევნილების პრობლემებს. “როგორც თავად ამბობენ, დიახ, მიიღეს ფერადად გარემონტებული ბინები, თითო საწოლით და ერთჯერადი სასურსათო დახმარებით, მოგვიანებით ასევე თითო კუბმეტრი შეშა - უღუმელოდ(?) და ექვსი კილოგრამი ფქვილი ოჯახზე”, - წერს ავტორი და დევნილთა დასაქმების პრობლემასაც დეტალურად აღწერს.

“საქართველოს რესპუბლიკაში” გაზეთის ნიუ-იორკელი კორესპონდენტი ამერიკაში არალეგალურად მცხოვრებ და მძიმე სამუშაოთი დასაქმებულ ქართველ იმიგრანტებზე წერს, სათაურით - “არახალი წელი”. ერთ-ერთი რესპონდენტი იხსენებს: “წინა წელს, ზუსტად 31 დეკემბერს, მეგობარი შევცვალე ორი დღით. მოსავლელი ბებო მშვიდი იყო, ვაჭამე, დავბანე, დავაწვინე. თან ცრემლები მახრჩობდა. თვალწინ ჩემი სახლის ჟანგიანი ღობე და დედაჩემის შეკერილი წინსაფარი მედგა”. “საქართველოს რესპუბლიკის” ნიუ-იორკელ კორესპონდენტი მეორე რესპონდენტზე ჰყვება, რომელსაც მიკროინსულტი ჰქონდა, რის შემდეგაც ათ დღეში ისევ სამუშაოს დაუბრუნდა: “ბოლომდე არ იმკურნალა. ამ სამსახურის შოვნაში ხომ დიდი ფული გადავიხადე, როგორ დავკარგოო, სად წავიდე მერეო? ყოველთვის ახსოვს, რომ საქართველოში ცხრა ადამიანი ჰყავს სარჩენი. არა, სექტემბრიდან უკვე - 8. სექტემბერში მეუღლე ავთვისებიანი სიმსივნით გარდაეცვალა”, - წერს ქართველ იმიგრანტზე “საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG