Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო უწყების პროტესტი და კოკოითის გაფრთხილება


რუსული სამხედრო ბაზა ცხონვალში
რუსული სამხედრო ბაზა ცხონვალში
ცხინვალიდან ყოველ დღე სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ქართულ სოფლებში მცხოვრებლები შეშინებული არიან. რუსული და ოსური სამხედრო დაჯგუფებები უკვე მეორე კვირაა სამხედრო წვრთნებს ატარებენ. სროლისა და აფეთქებების გამო განსაკუთრებით ახალგორისა და ნიქოზის მოსახლეობაა შეწუხებული.

ოსურ-რუსული სამხედრო წვრთნების შესახებ სპეციალური განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, და მის მიერ ნაკისრ მრავალმხრივ და ორმხრივ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველა პუნქტს.

2010 წლის 26 დეკემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო კოლონა 40 ერთეული ჯავშანტექნიკის შემადგენლობით ცხინვალიდან ახალგორში შევიდა. 27 დეკემბერს 8 ერთეული ჯავშანტექნიკა განლაგდა სოფელ ახმაჯისთან, ქართული პოლიციის საგუშაგოს სიახლოვეს. მათ გააკეთეს ე.წ. „კვამლის ფარდა" და ჩაატარეს სამხედრო წვრთნები, რის შემდეგაც დაბრუნდნენ ახალგორში, სადაც ამჟამადაც იმყოფებიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მკაცრ პროტესტს რუსეთის მხარის აღნიშნული ქმედების თაობაზე, რომელიც საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, ასევე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების აშკარა დარღვევას წარმოადგენს. სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, აიძულოს რუსეთი შეწყვიტოს საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციისაკენ მიმართული პროვოკაციები, იკისროს ვალდებულება საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენების შესახებ და უმოკლეს ვადებში განახორციელოს საქართველოს ტერიტორიის სრული დეოკუპაცია.

არც რუსი სამხედროები და არც კოკოითის ხელისუფლება ამ პროტესტს ყურადღებას არ აქცევს და სწავლებებს აგრძელებენ. დე ფაქტო ლიდერს კი ახლა სხვა საზრუნავი აქვს. იგი თითქმის ყოველდღიურად სამართალდამცავი და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს მოუწოდებს, რომ საახალწლოდ ცეცხლსასრული იარაღიდან სროლის ფაქტები აღკვეთონ.

ოსმა მილიციელებმა ბაზრობებიდან და მაღაზიებიდან პიროტექნიკის ამოღებაც დაიწყეს, გამყიდველებს კი ადმინისტრაციულ ჯარიმებს აკისრებენ.

ცხინვალში დიდი რაოდენობით აღურიცხავი იარაღი ხალხშია გაბნეული. ეს პრობლემა კი მარტო კოკოითის ხელისუფლებას კი არა კრემლსაც აწუხებს. უკონტროლო იარაღი დე ფაქტო რესპუბლიკიდან რუსეთის ფედერაციაში გაედინება.

„კავკაზსკი უზელის“ ცნობით უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სტავროპოლის განყოფილების თანამშრომლებმა ცხინვალიდან სტავროპოლში იარაღის მიმწოდებელი არხი გადაკეტეს. მათ დააკავეს ორი ადამიანი, რომლებსაც ირაღი მანქანებში გაკეთებული სამალავებით გადაჰქონდათ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა იარაღი ცხინვალიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გაედინება.

რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა და მესაზღვრეებმა სამი ასეთი შემთხვევა უკვე აღკვეთეს, მაგრამ ეს საქმეს ვერ შველის. რუსების მოთხოვნის მიუხედავად, კოკოითი ცხინვალში იარაღის ამოღებას ვერ ახერხებს, ეს იარაღი კი ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებში ხვდება, რომელიც შესაძლოა ისევ რუსეთის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული.
XS
SM
MD
LG