Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილფისა და პეტროვის თავგადასავალი: საბჭოთა მწერლების ამერიკაში მოგზაურობის გახსენება


საბჭოთა მწერლები ილია ილფი და ევგენი პეტროვი
საბჭოთა მწერლები ილია ილფი და ევგენი პეტროვი
წელს 75 წელიწადი შესრულდა მას შემდეგ, რაც ორმა საბჭოთა ჟურნალისტმა - ილია ილფმა და ევგენი პეტროვმა - აშშ-ში ორთვიანი მოგზაურობა მოაწყო და 16,000 კილომეტრი გაიარა. საუკუნის სამი მეოთხედის გასვლის შემდეგ, მათ მოგზაურობას რადიო თავისუფლების ნიუიორკელი კორესპონდენტი ნიკოლა კრასტევი იხსენებს:

ვაშინგტონმა და მოსკოვმა ცოტა ხნით ადრე დაამყარეს დიპლომატიური კავშირები. აშშ-ში დიდი დეპრესიის ხანა იდგა. საბჭოთა კავშირში ის-ის იყო სტალინის ტერორი იწყებოდა. მეორე მსოფლიო ომამდე მხოლოდ რამდენიმე წელი იყო დარჩენილი.

ასეთი იყო ვითარება მსოფლიოში მაშინ, როცა საბჭოთა ჟურნალისტებმა - ილია ილფმა და ევგენი პეტროვმა - 1935 წლის ნოემბერში ამერიკაში მოგზაურობა დაიწყეს. მაშინ ისინი კომუნისტური პროპაგანდის ორგანოში, „პრავდაში“, მუშაობდნენ.

მოგზაურობის შედეგად დაწერილი წიგნი, „ერთსართულიანი ამერიკა“, 1937 წელს გამოიცა და ათწლეულების მანძილზე საბჭოთა მკითხველებისთვის თანამედროვე აშშ-ის შესახებ ინფორმაციის მთავარ წყაროდ რჩებოდა.

საბჭოთა სივრცეში ილფსა და პეტროვს უკვე კარგად იცნობდნენ და დიდ პატივს სცემდნენ მანამდე გამოცემული ერთობლივი პროექტების - მაგალითად, „თორმეტი სკამის“ და „ოქროს კერპის“ - გამო.

სინა ნაჯაფი ბრუკლინში დაფუძნებული ჟურნალის, „კაბინეტის“, მთავარი რედაქტორია. 2004 წელს სწორედ ამ ჟურნალში გამოქვეყნდა ნაწყვეტები ილფისა და პეტროვის სამოგზაურო ჩანაწერებიდან. ნაჯაფის თქმით, ის და მისი კოლეგები მოიხიბლნენ იუმორით, რომლითაც საბჭოთა ავტორები ამერიკულ ცხოვრებას აღწერდნენ:

„ამან გარკვეულწილად ის სიახლოვე გვაჩვენა, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობდა და რომლის წარმოდგენაც ახლანდელი პერსპექტივიდან რთულია. ისინი აქ იყვნენ, გარკვეული გაგებით, კრიტიკოსების ამპლუაში, თუმცა, ამავე დროს, აღტაცებაშიც მოდიოდნენ აქაური საზოგადოებით, რომელიც მათი საზოგადოების ერთგვარ სარკეს წარმოადგენდა.“

ორი მწერალი ტექსტის დასაწყისში აღიარებს, რომ ნიუ-იორკი ამერიკა არ არის, თუმცა მთელი მოგზაურობის მანძილზე ისინი სწორედ ნიუ-იორკში დაყოფენ ყველაზე მეტ დროს, სამ კვირას.

მანჰეტენში ჩასვლისას ილფი და პეტროვი დასახლდნენ სასტუმროში, რომელიც პარკ ავენიუზე მდებარე ცნობილი ვალდორფ-ასტორიის მოპირდაპირე მხარეს იდგა. მას შემდეგ ის სასტუმრო დაანგრიეს - მის ადგილას ახალი შენობა დგას, რომელშიც კოლგეიტ-პალმოლივის კომპანიას უდევს ბინა.

ამ უბნის ქუჩებზე მიმდინარე ცხოვრების აღწერა „ერთსართულიანი ამერიკის“ საუკეთესო ადგილებს წარმოადგენს.

მწერლები აღწერენ დეტალებს, რომლებიც ნიუ-იორკელებისთვის შესაძლოა ბანალური ყოფილიყო, მაგრამ საბჭოთა მკითხველს ძალიან დააინტერესებდა.

მაგალითად, ისინი დეტალურად ჰყვებიან, როგორ იღებენ ტროტუარზე მოსიარულეები „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ან „ნიუ-იორკ ჰერალდ ტრიბუნის“ ასლებს და შემდეგ ხურდას რკინის ყუთში ყრიან - ამ დროს კი გაზეთების გამყიდველი ლანჩს შეექცევა.

წიგნში ვხვდებით ჭრელ ფერებად შეღებილი ტაქსების აღწერას. იმ დროს ეს მანქანები წითლად, თეთრად ან ფორთოხლისფრად იღებებოდა - დღევანდელი ნიუ-იორკის ცნობილი და სტანდარტული ყვითელი ტაქსების ნაცვლად.

მოთხრობილია სინათლეებისა და ფერების სიჭარბეზე „ტაიმს სკვერზე“, სადაც ავტორები ერთ-ერთ კინოთეატრში საბჭოთა ფილმის სეანსს გადააწყდებიან.

ნაჯაფი ამბობს:

„საქმე ძალიან გონიერ ხალხთან გვაქვს, რომლებიც კარგად გრძნობენ დეტალებს. ამას მათ ტექსტში და შენიშვნებში ხედავთ - ასევე იმ პატარა დეტალებში, რომლებსაც ისინი ამჩნევენ. არადა, ამ დეტალების აღქმისთვის აქ რამდენიმე წელიწადი უნდა ცხოვრობდე და მათი შემჩნევა შეიძლება მაინც რთული იყოს.“

ილია ილფის ერთადერთი ქალიშვილი, ალექსანდრა ილფი, მხოლოდ რამდენიმე თვის იყო, როცა მამამისი აშშ-ში სამოგზაუროდ გაემგზავრა. იმ დროს მოსკოვში ბავშვისთვის საჭირო ნივთები დეფიციტი იყო და ცოლმა, ბავშვის დედამ, მწერალს იმდენი ნივთის ჩამოტანა დააბარა, სულ მცირე, ორი წლის განმავლობაში რომ სამყოფი ყოფილიყო. ალექსანდრა ილფი იგონებს:

„ამერიკიდან ძალიან ცოტა რამე ჩამოიტანა. ჯერ ერთი, მათ საერთოდ არ ჰქონდათ დრო. ამასთან, ისინი პარიზში აპირებდნენ გზად გაჩერებას, სადაც მის ძმისცოლს შეეძლო ეს ყველაფერი ეყიდა.“

მოგვიანებით, როცა ალექსანდრა ილფი ილფისა და პეტროვის ლიტერატურული მემკვიდრეობის განმკარგავი გახდა, მის სავიზიტო ბარათზე დაიწერა: „ილფისა და პეტროვის ქალიშვილი.“

ალექსანდრა იხსენებს, რომ მამამისს და მის პარტნიორს დიდი შურით უყურებდნენ სხვა საბჭოთა მწერლები იმის გამო, რომ მათი ნაწარმოებები ფართოდ იყო თარგმნილი და გამოქვეყნებული დასავლეთში და მათ მოგზაურობაც შეეძლოთ.

ერიკა ვულფი - საბჭოთა ხელოვნების სპეციალისტი და ილფისა და პეტროვის ამერიკაში მოგზაურობის შესახებ წიგნის ავტორი - ამბობს, რომ მწერლებს უცხოეთში გამოცემული წიგნებიდან მოზრდილი შემოსავალი შესდიოდათ, რასაც მოგზაურობებს ახარჯავდნენ:

„ჩემთვის ძალიან საინტერესო ფაქტია ის, რომ 1936-37 წლებში, როცა სტალინისტური საჩვენებელი სასამართლოები იმართება და ტერორმა ის-ის არის სრულ მასშტაბებს უნდა მიაღწიოს, ეს საბჭოთა მწერლები წერენ ტექსტს, რომელიც, დიდწილად, ამერიკული კულტურის მიმართ მათ დამოკიდებულებას ასახავს და მნიშვნელოვან აღტაცებასაც შეიცავს. ამასთან, ტექსტი, ჩემი აზრით, საკმაოდ გულახდილად აღწერს აშშ-ის ნეგატიურ მხარეებსაც - რასიზმს, სიღარიბეს, ქალაქსა და სოფელს შორის უთანასწორობას.“

ნიუ-იორკში სამკვირიანი გაჩერების შემდეგ ილფმა და პეტროვმა ნაცრისფერი ფორდი შეიძინეს და აშშ-ის 25 შტატში ორთვიანი მოგზაურობა დაიწყეს იმ მიზნით, რომ, როგორც თავად წერდნენ, „ნამდვილი ამერიკა“ ეპოვათ.
XS
SM
MD
LG