Accessibility links

logo-print

დანიელი კარიკატურისტი - ტერაქტის სამიზნე


შენობა, სადაც განთავსებულია Jyllands-Posten-ის რედაქცია კოპენჰაგენში

შენობა, სადაც განთავსებულია Jyllands-Posten-ის რედაქცია კოპენჰაგენში

29 დეკემბერს დანიისა და შვედეთის სამართალდამცველებმა დააკავეს ოთხი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან გაზეთ „იულანდს-პოსტენის“ (Jyllands-Posten) წინააღმდეგ განზრახული ტერაქტის მოწყობაში. სწორედ აღნიშნულ გაზეთში გამოქვეყნდა 2005 წელს წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურა, რამაც მსოფლიოს მუსლიმანთა აღშფოთება გამოიწვია.

ოთხ ეჭვმიტანილს, რომლებიც დანიის პოლიციამ კოპენჰაგენის ცენტრში დააკავა, ჩხრეკისას აღმოაჩნდათ ავტომატური იარაღი, მაყუჩი და სხვა აღჭურვილობა. დანიისა და შვედეთის სამართალდამცავი უწყებები აცხადებენ, რომ ექსტრემისტების თავდასხმის ობიექტი შესაძლოა გამხდარიყო შენობა კოპენჰაგენში, სადაც განთავსებულია იმ გაზეთის („იულანდს-პოსტენის“) რედაქცია, რომელმაც წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები დაბეჭდა.

დანიის იუსტიციის მინისტრმა ლარს ბარფუდმა ექსტრემისტების გეგმა შეაფასა როგორც „ყველაზე საშიში შესაძლო ტერორისტული აქტი დანიაში“, ხოლო დანიის დაზვერვის სამსახურის უფროსმა იაკობ სკაფტმა ეჭვმიტანილები მოიხსენია „ისლამისტებად, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ საერთაშორისო ტერორისტულ დაჯგუფებასთან“:

„მიღებული ნივთმტკიცების შეფასების შედეგად, მივედით დასკვნამდე, რომ საქმე ეხებოდა გარდაუვალ ტერორისტულ აქტს, რომლის დროსაც ეჭვმიტანილებს ‘მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა მოეკლათ’”.

საუბარი იმაზე, რომ დანია შეიძლებოდა გამხდარიყო ისლამისტი ექტრემისტების სამიზნე, დაიწყო 2005 წლიდან, მას შემდეგ, რაც დანიურმა „იულანდს-პოსტენმა“ წინასწარმეტყველ მუჰამედზე კარიკატურა გამოაქვეყნა. მხატვარი კურტ ვესტერგაარდი იყო ავტორი კარიკატურისა, რომელშიც წინასწარმეტყველ მუჰამედს ტურბანის ნაცვლად ასაფეთქებლად გამზადებული ბომბი ხურავს.

ნახატმა აღაშფოთა მსოფლიოს მუსლიმანები, რასაც 2006 წლის თებერვალში მოჰყვა დანიის საელჩოების გადაწვა დამასკოსა და ბეირუთში, ათობით ადამიანის დახოცვა ნიგერიაში, საპროტესტო დემონსტრაციები ავღანეთში, რაც ასევე ძალადობით დასრულდა.

კარიკატურების გამოქვეყნებას ასევე მოჰყვა დებატები სიტყვის თავისუფლების შესახებ. თავად მხატვარი ვესტერგაარდი, რომელსაც არაერთხელ დაემუქრნენ მოკვლით, მოგვიანებით გერმანიაში დააჯილდოეს სიტყვის თავისუფლების დაცვისათვის.

„მუსლიმანი მოღვაწის მიმართ დამოკიდებულებით, რომლის მსგავსადაც ჩვენ შეგვიძლია მოვეპყროთ ქრისტიანულ თუ იუდეურ სომბოლოს, მე და ჩვენ ვავრცელებთ მნიშვნელოვან მესიჯს: თქვენ, მუსლიმანები, არ ხართ უცხოები. თქვენ აქ ხართ და ჩვენ გღებულობთ თქვენ, როგორც ჩვენი ცხოვრების შემადგენელ ნაწილს“.

აღსანიშნავია, რომ 2008 წელს დანიის 20-მა გაზეთმა გადაბეჭდა ვესტერგაარდის კარიკატურა, სიტყვის თავისუფლებისადმი მხარდაჭერისა და მხატვრისადმი სოლიდარობის გამოხატვის ნიშნად. 2009 წლის დეკემბერში შეერთებული შტატების ქალაქ ჩიკაგოში ასევე დააპატიმრეს ორი პიროვნება, რომლებიც დანიური გამოცემის თანამშრომლებზე თავდასხმას გეგმავდნენ.

რაც შეეხება 29 დეკემბერს დანიისა და შვედეთის პოლიციის ერთობლივი ოპერაციის შედეგად გამოაშკარავებულ ტერორისტულ გეგმას, დაკავებულთა შორის ერთი ტუნისელი, ერთი ლიბანელი და ერთიც ერაყელი თავშესაფრის მაძიებელია. ასევე წარმოშობით ტუნისელი შვედეთის მოქალაქე შვედეთში დააკავეს. სხვა დეტალებიდან ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ თავდასხმა 1 იანვრამდე უნდა განხორციელებულიყო.
XS
SM
MD
LG