Accessibility links

logo-print

საქართველოს 2010 წლის საგარეო პოლიტიკა


რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია გორში

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია გორში

2010 წელს მოვლენებით დატვირთული იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკური ცხოვრება, რომლის უმთავრეს აქცენტს კვლავაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი წარმოადგენდა. სწორედ ამ ძირითადი პრინციპის გათვალისწინებით მიმდინარეობდა საქართველოს თანამშრომლობა გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციებთან თუ მსოფლიოს ცალკეულ ქვეყნებთან. თუმცა კვლავაც თანამშრომლობისა და დიალოგის მიღმა დარჩა რუსეთის ფედერაცია.

შეერთებული შტატების პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არის მყარი. შეერთებული შტატები არ აღიარებს გავლენის სფეროებს ...
მართალია, რუსეთის ფედერაციის ძალისხმევა არც 2010 წელს შეცვლილა, მაგრამ მოსკოვმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების საქმეში მეტი მხარდამჭერი ვეღარ მოიძია. ცხინვალისა და სოხუმის იმედების მიუხედავად, რუსეთის მიმბაძველთა ბანაკში 2010 წელს ისევ მხოლოდ ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ დარჩნენ.

დიდწილად სწორედ არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში, საქართველომ გასულ წელს განსაკუთრებით გაააქტიურა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პროცესი და ამ მხრივ სასურველ შედეგს 23 ქვეყანასთან მიაღწია. მათ შორის არის, მაგალითად: ბოტსვანა, კაბო-ვერდე, ლიბერია, ბრუნეი, მარშალის კუნძულები, დომინიკელთა რესპუბლიკა, სენტ-ლუსია, პერუ თუ პარაგვაი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე გაეროს წევრი 191 ქვეყნიდან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა უკვე დამყარებული აქვს 145 ქვეყანასთან. აბსოლუტური გარანტიები, ბუნებრივია, არ არსებობს, მაგრამ საგულისხმოა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით ქვეყნები ერთმანეთის საზღვრების ურღვეობასაც ადასტურებენ.

მიხეილ სააკაშვილი და ბარაკ ობამა
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მისამართით 2010 წელსაც არაერთხელ გამოიხატა მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მხრიდან. ამ ჭრილში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა შეერთებული შტატები. მხარდაჭერის სიმტკიცეს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პრეზიდენტმა ობამამაც, როცა მან 19 ნოემბერს, ნატოს ლისაბონის სამიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ქართველ კოლეგასთან, მიხეილ სააკაშვილთან. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა ამჟამად არსებული ვითარების არაერთი ასპექტი და ორ ქვეყანას შორის ”ურთიერთობის შემდგომი გაღრმავება” განიხილეს. ამ ურთიერთობის მთავარ საყრდენს კვლავაც ამერიკასა და საქართველოს შორის 2009 წლის 9 იანვარს გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია წარმოადგენს.

შეერთებული შტატები 2010 წელსაც ხშირად და საგანგებოდ უსვამდა ხაზს იმ გარემოებას, რომ რუსეთთან მისი ურთიერთობის გადატვირთვის პოლიტიკა არავითარ შემთხვევაში არ წარიმართება საქართველოს ინტერესების ხარჯზე. ამის შესახებ ლაპარაკობდა სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონიც - მათ შორის, 5 ივლისსაც, როცა ის თბილისს სტუმრობდა:

”შეერთებული შტატების პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არის მყარი. შეერთებული შტატები არ აღიარებს გავლენის სფეროებს. პრეზიდენტმა ობამამ და მე ეს გზავნილი პირდაპირ მივაწოდეთ ჩვენს რუს კოლეგებს. ბოლოს ეს სულ ახლახან იყო, როცა 24 ივნისს ვაშინგტონში ვხვდებოდით ერთმანეთს. კვლავაც მოვუწოდებთ რუსეთს დაემორჩილოს 2008 წლის აგვისტოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს, რომელსაც ხელი მოაწერეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა და პრეზიდენტმა მედვედევმა. ვალდებულებებში ვგულისხმობ ოკუპაციის დასრულებას და რუსეთის ჯარის გაყვანას სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან კონფლიქტამდელ პოზიციებზე. ჩვენ ასევე ვაყენებთ ჰუმანიტარული დახმარების მისაწვდომობის საკითხს ამ ტერიტორიებისთვის და მომავალშიც განვაგრძობთ მუშაობას კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის, საერთაშორისო მექანიზმების და კონსტრუქციული, არაძალადობრივი არხების აღდგენის გზით.”

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, ევროსაბჭოში ევროკავშირის დელეგაციის წინადადებებში, ევროსაბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის ევროპული კომისიის განცხადებებში აღიარებულია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ...
ჰილარი კლინტონის გარდა, რუსეთს საქართველოს წინაშე შეუსრულებელი საერთაშორისო ვალდებულებები დასავლეთის კიდევ არაერთმა გავლენიანმა პოლიტიკოსმა თუ დიპლომატმა შეახსენა. თუმცა რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს 6-პუნქტიანი შეთანხმება აბსოლუტურად შესრულებულად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 18 ოქტომბერს საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დატოვა და მოსკოვის აზრი ვერც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან გაკეთებულმა საპირისპირო შინაარსის განცხადებებმა შეცვალა.

ჰილარი კლინტონის გარდა, რუსეთის ქმედებებს ოკუპაცია 2010 წელს ვაშინგტონის კიდევ არაერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა უწოდა, თუმცა ეს ყველაფერი ჯერჯერობით მხოლოდ ზეპირი განცხადებების სახეს ატარებს. თბილისი იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატების სენატი 2011 წლის დასაწყისში განიხილავს და მიიღებს კიდეც საგანგებო რეზოლუციას, რომელშიც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ”რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებად” იქნება მოხსენიებული. გავიხსენოთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 9 დეკემბერს დარეგისტრირდა და ამან რუსეთის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოს დიპლომატიის წარმატებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ რუსეთთან მიმართებით ტერმინი ოკუპაცია 2010 წელს უკვე მოხვდა საერთაშორისო დონის რამდენიმე დოკუმენტში:

”ლიტვის სეიმის, ესტონეთის პარლამენტის დოკუმენტებში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, ევროსაბჭოში ევროკავშირის დელეგაციის წინადადებებში, ევროსაბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის ევროპული კომისიის განცხადებებში აღიარებულია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ჩვენ ამ მუშაობას გავაგრძელებთ, ვიდრე ეს არ იქნება ისეთივე დამკვიდრებული შეფასება, როგორიც იყო შეფასება, დავუშვათ, ავღანეთის ოკუპაციაზე...”

რეზოლუცია (ნომრით 382), რომელიც გრიგოლ ვაშაძემ ახსენა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ 16 ნოემბერს მიიღო და მასში ოკუპანტად მოხსენიებულ რუსეთს ასევე ეკისრება ვალდებულება საქართველოში განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგებთან დაკავშირებით.

ნატოს ლისაბონის სამიტი
საქართველო ნატოსთვის კვლავაც დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხად რომ რჩება, ანალიტიკოსებს ამას 20 ნოემბერს ლისაბონის სამიტზე მიღებული ორი დოკუმენტიც უდასტურებს. მათი აზრით, სტრატეგიულმა კონცეფციამ და სამიტის მიწურულს მიღებულმა დეკლარაციამ საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხების თითქმის სრული სპექტრი ასახა. ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის გარდა, ეს დოკუმენტები ასევე ძალაში ტოვებენ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. დეკლარაცია ასევე მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და ასევე გააუქმოს ”საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწვეტილება.”

ვალდებულებები რუსეთს 2010 წელს ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმაც არაერთხელ შეახსენა, მათ შორის, ლისაბონიდანაც და თბილისიდანაც, რომელსაც ის 1 ოქტომბერს სტუმრობდა:

”ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას; ჩვენ მტკიცედ მივდევთ არაღიარების პოლიტიკას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით და ასევე მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის 6-პუნქტიან შეთანხმებაში ასახული თავისი ვალდებულებები.”

გავიხსენოთ, რომ სწორედ ნატოს გენერალური მდივნის თბილისში ვიზიტის დღეს, 1 ოქტომბერს, გავრცელდა ინფორმაცია 4 ქართველი ჯარისკაცის ავღანეთში დაღუპვის შესახებ. იმ დღეს ანდერს ფოგ რასმუსენმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მამაცი ქართველი ჯარისკაცები დიდ საქმეს აკეთებენ როგორც ქაბულში, ასევე ჰელმანდის პროვინციაში და რომ ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილით საქართველო ადასტურებს ალიანსისადმი მტკიცე მხარდაჭერას. თავის მხრივ, მადლიერი ალიანსიც ჰპირდება თანადგომას საქართველოს. მუშაობა კვლავაც გრძელდება ნატო-საქართველოს კომისიისა და ყოველწლიური ეროვნული პროგრამის მექანიზმების გამოყენებით.

რაც შეეხება საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან, 2010 წელს ხელი მოეწერა ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივებისა და რეადმისიის ხელშეკრულებებს, რომელთა რატიფიცირებაც უკვე მოახდინა ევროპარლამენტმა. გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ, ეს ხელშეკრულებები, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს შევა ძალაში. 2010 წელს უკვე ჩატარდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების 3 რაუნდი. გავიხსენოთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები გახსნილად 15 ივლისს ბათუმში გამოცხადდა და სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა საქართველოში კეტრინ ეშტონი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და უმაღლესი წარმომადგენელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.

ჩვენ ვაყენებთ ცალმხრივ ინიციატივას, იმის განსაცხადებლად, რომ საქართველო არასოდეს მიმართავს ძალას რუსეთის ოკუპაციის აღსაკვეთად და თავისი კონტროლის აღსადგენად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ...
ასევე 2010 წელს მოეწერა ხელი შეთანხმებას საქართველო-ევროკავშირის ერთიანი საავიაციო სივრცის თაობაზე, რასაც თბილისი მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამოქმედების ჭრილში. აქტიურობით გამოირჩეოდა მუშაობა ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას 2010 წელს ევროკავშირის მხრიდანაც არაერთხელ გაესვა ხაზი. თუმცა ამ ორგანიზაციის მეთვალყურეები ჯერჯერობით ისევ ვერ შედიან რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე. ევროკავშირი, ისევე როგორც სხვა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია თუ სახელმწიფო, მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიას ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც თანამშრომლობისა და ჩართულობის მექანიზმების მაქსიმალურ ამოქმედებას გულისხმობს. ხსენებული სტრატეგია მთავრობამ 27 იანვარს დაამტკიცა და მას შემდეგ კონკრეტული სამოქმედო გეგმაც შემუშავდა.

2010 წელს პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა ეუთოს ყაზახეთის თავმჯდომარეობის მცდელობა ხელი შეეწყო ორგანიზაციის მისიის საქართველოში დაბრუნების საკითხისთვის. ეუთოს წევრ სახელმწიფოებს შორის რუსეთი ერთადერთია, რომელიც კვლავაც ბლოკავს ეუთოს დაბრუნებას საქართველოში და ეს კარგად გამოჩნდა 1-2 დეკემბერს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე სამიტზეც. საქართველოს საგარეო უწყების განმარტებით, ასევე რუსეთის დესტრუქციული პოზიციის შედეგად ჩავარდა ასტანაში ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტის - ეუთოს სამოქმედი გეგმის - მიღება. როგორც ცნობილია, დაახლოებით 9-საათიანი დაძაბული კამათის შედეგად, 2 დეკემბერს ეუთოს 56-მა წევრმა სახელმწიფომ მხოლოდ ზოგადი სახის დეკლარაციის მიღება შეძლო.

ასევე რუსეთის დესტრუქციული პოზიციის გამო, უშედეგო აღმოჩნდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა 2010 წელს ჩატარებული რაუნდებიც, რომლებიც ტრადიციულად ეუთოს, ევროკავშირისა და გაეროს საგანგებო წარმომადგენლების თავმჯდომარეობით მიმდინარეობდა. საერთო სურათი ვერც საქართველოს სამშვიდობო ინიციატივამ შეცვალა. გავიხსენოთ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა 23 ნოემბერს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გაახმაურა საქართველოს ცალმხრივი დაპირება, რომ ქვეყანა არ გამოიყენებს ძალას ოკუპანტებისა და ოკუპირებული ტერიტორიების მისამართით:

მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
”ჩვენ ვაყენებთ ცალმხრივ ინიციატივას, იმის განსაცხადებლად, რომ საქართველო არასოდეს მიმართავს ძალას რუსეთის ოკუპაციის აღსაკვეთად და თავისი კონტროლის აღსადგენად ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ვიხელმძღვანელებთ მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით დეოკუპაციისა და გამთლიანების მისიის შესრულებისას. მაშინაც კი, თუ რუსეთის ფედერაცია უარს იტყვის თავისი ოკუპანტი ძალების გაყვანაზე და გააძლიერებს ადამიანის უფლებების ხელყოფას, საქართველო დაიტოვებს მხოლოდ თავდაცვის უფლებას - ახალი შეტევებისა და ინტერვენციის შემთხვევაში - ტერიტორიის იმ 80%-ზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება.”

საქართველოს ცალმხრივი სამშვიდობო დაპირების წერილობითი ვარიანტი ოდნავ მოგვიანებით საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნათ და ახლა უკვე თბილისი ასეთივე ნაბიჯის გადადგმას მოსკოვის მხრიდან მოელის. მოსკოვი კი, რადგანაც თავს კონფლიქტის მონაწილე მხარედ არ მიიჩნევს, უარს ამბობს მსგავსი სახის დოკუმენტზე და აცხადებს, რომ ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულება საქართველოსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის უნდა გაფორმდეს. ასეთი მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია თბილისისთვის, რომელიც ამ პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით უფრო მტკიცე პოზიციების გამოვლენას თანათავმჯდომარეებისგანაც ითხოვს. მოლაპარაკებათა 2010 წლის ბოლო - მე-14 - რაუნდზე, რომელიც ჟენევაში 16 დეკემბერს გაიმართა, თანათავმჯდომარეების არასათანადოდ მტკიცე მიდგომებმა თბილისი უკმაყოფილო დატოვა. თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველო, მომავლის იმედით, მაინც უჭერს მხარს საერთაშორისო მოლაპარაკებების გაგრძელებას.

საქართველოს მხრიდან არაერთგზის შეთავაზების მიუხედავად, რუსეთმა 2010 წელს უარი თქვა რაიმე სახის პირდაპირ დიალოგზე. უარი ითქვა ასევე საგამოძიებო თანამშრომლობაზე საქართველოში მომხდარი ტერორისტული აფეთქებების საქმესთან დაკავშირებითაც. გავიხსენოთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 7 დეკემბერს გახმაურებული საქმის მიხედვით, აფეთქებების ორგანიზებასა და დაფინანსებაში ეჭვმიტანილია რუსი სამხედრო მაიორი ევგენი ბორისოვი. მოსკოვმა ამ ყველაფერს თბილისის მიერ დადგმული ”შოუ” უწოდა, მაშინ როცა საკმაოდ მწვავე რეაქცია გამოხატა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ 13 ოქტომბრიდან საქართველომ 90-დღიანი უვიზო მასპინძლობა შესთავაზა ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკებში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს.

დაბოლოს, 2010 წლის კიდევ რამდენიმე მოვლენის შესახებ: რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად, წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ, 8 იანვარს შესრულდა პირველი პირდაპირი ავიარეისი მოსკოვსა და თბილისს შორის; ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით, 1 მარტს ამოქმედდა ყაზბეგი-ზემო ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტი. ამ ფაქტის უსაფრთხოების ჭრილში განხილვამ საქართველოში საკმაოდ მწვავე კამათი გამოიწვია. თუმცა ხელისუფლება არ იზიარებს ოპონენტების აზრს, რომ ოფიციალურად გახსნილი საზღვარი გაცილებით ზრდის რუსეთისგან მოსალოდნელ საფრთხეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG