Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საახალწლო რუტინა


ახალი წელი იმ რუტინის ფონზე, რომელიც ბოლო დღემდე ბევრი ჩვენგანისთვის საქმის შემადგენელი ნაწილია.

დილით ჯერ კიდევ ლოგინში ვფიქრობდი, ახალი წელი… რაზე უნდა გავაკეთო? მასალა მაქვს გასაკეთებელი. ხო, ჟურნალისტი ვარ და მასალა უნდა გავაკეთო ახალ წელზე. ისე, მარტო ვცხოვრობ... ნუ, ძმასთან ერთად…სახლი არეულია, სარეცხი დასარეცხი, ჩემი ძმა სამსახურშია, ამაღამ აეროპორტში ათენებს … მებაჟეა… დედამ დამირეკა, მოდიხართო? … არ ვიცი-მეთქი... ჯერ კიდევ არ ვიცი, 30-ია და ჯერ კიდევ არ ვიცი, იმის მიუხედავად, რომ ძალიან ვცდილობდი დამეგეგმა რაღაცები… არა, ჩემი ფოტოები დავბეჭდე, საჩუქრებად გამოდგება-მეთქი, ჩარჩოებში ჩასმას ვერ ვასწრებ….

არა, თარხანა მეუბნებოდა იმ დღეს, მეო, ხალხი როგორ ხვდება, იმაზე უნდა გავაკეთოო და შენ რას აპირებ, რომ არ გადაიკვეთოს ჩვენი თემებიო… არა-მეთქი, მე უფრო ისტორიულ და კულტურულ ექსკურსზე გავაკეთებ-მეთქი. ხო, გაღვიძებულს ესეც გამახსენდა და ერთი რამ გავიფიქრე, კარგი იდეა იქნებოდა, ცხოვრება ჩქარდება, რუტინაში მეტად ვართ ჩაბმულები, ჯერ სრული კაპიტალიზაციის ხეირი ან უხეირობა არ გვინახავს, მაგრამ…

მოკლედ, მე ჩემსას ვიტყვი და იმათსას, ვისთვისაც რუტინა სულ უფრო ჩქარდება. როცა მუშაობ, ახალი წელი რჩება რაღაც გვერდზე მყოფ მოვლენად, რომელიც არის იქ თავისთვის, რუტინის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი - სამუშაო ელემენტი, ჩემს შემთხვევაში.

ამ ფიქრებით ავდექი, ჩავიცვი… უხ, სახლის გასაღები… გასაღები ჩემს შვედ მეგობართან დამრჩა, მიშკასთან. იმ დღეს 25 დეკემბერს მასთან შევხვდით, მაგიდაზე პატარა ნაძვისხით და გლინტვეინით, რომელიც ნუშებით იყო გაფორმებული. მთელი ევროპა ხვდება ამ დღესო და დაგვპატიჟა. ხო, დილამდე ვილაპარაკეთ, განთიადზე წამოვედი, გასაღები დამრჩა.

ახლა ვხვდები, რომ სახლს ვერ ჩავკეტავ, ჩემმა ძმამ თავისი გასაღები წაიღო… ჩემი მთელი ძვირფასეულობა ჩანთაში ჩავალაგე - ჩემი ლეპტოპი, ჰარდ დრაივი, სადაც ფოტოებს ვინახავ, ჩემი ფოტოაპარატები - და კარი გამოვიხურე. მიშკასთან ავედი. მიშკამ, ფული მჭირდება საჩუქრებისთვისო, სულ ასე ბოლო წამს ვაკეთებ ამასო. მიშკა წარმოშობით ქართველი ქაიშაურია, ერთი კვირით ჩამოვიდა რამდენიმე თვის წინ…

სახლი მიშკასთანაც არეულია, ალბათ, ჩემსაზე მეტად, მაგრამ მიშკა იღიმება. გავაღვიძე, არადა 12 ხდება… ახლა მე და შენ ყავა უნდა დავლიოთო… ოჯახთან ვხვდებიო, მერე ვივლიო, არ შევთანხმებულვართ, ერთად ვიყოთ ან რამე…ჩვენი საერთო მეგობარი გოგოები ახალი წლის ღამეს ბარში მუშაობენ….ქართველისთვის, ალბათ, უცნაური სიმარტივით მიხსნის მიშკა, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, გადასაყრელი ნივთებისგან როგორ შეიძლება ააწყო საახალწლო საჩუქრების შესაფუთი მასალა - მაგალითად, ჩემი ფოტოებისთვის... აიღე ბოთლი, გადაჭერი ორი მხრიდან, შიგ ფოტო ჩაახვიე და შეფუთე, ფორმასაც შეინარჩუნებს და ლამაზადაც იქნებაო…

ახალ წელს რას აპირებ? - ყველას პირზე ახლა ეს ფრაზა აკერია, ვერც ჩვენ გავექეცით. რაღაც ახალი გვაქვს სათქმელი საუბრების გასაგრძელებლად, სოციალური კომუნიკაციისთვის… არადა, ბოლო წამამდე არავინ იცის… მეც გადავდე, გადავდე... სახლში უნდა წავიდე დედასთან... ან მარტო მინდოდა შევხვედროდი. ვიფიქრე, დავჯდები, ვიფიქრებ, რამეს დავწერ, წავიკითხავ, ფოტოებს გადავიღებ სადმე... სიმშვიდე, ბუნება…. დრო ვერ დავგეგმე… ამიტომ ზუსტად არ ვიცი რა უნდა გავაკეთო. ზუსტად მხოლოდ ის ვიცი, რომ ვიმუშაო. მიშკამ, ეს ის დრო,ა როცა ოჯახთან უნდა იყოო, თუ სხვა რამ გეგმა არ გაქვსო. ეს ისეთი მომენტებია, რომლებიც გრჩებაო… გეგმა, რა ვიცი... ტანო მიქსავს როკ კლუბში, პეროვზე სანდროს ბარშიც ხდება რაღაცები... მეგობრები ჯერ არ შევთანხმებულვართ… ბათუმია გატენილიო, მეტროს ესკალატორზე მეუბნება ჩემი ერთი ძველი მეგობარი, სასტუმროებში ადგილები არ არისო…სახლისკენ მივდივარ, კარი რომ ჩავკეტო. ყველაფერი ადგილზე დამხვდა, კარი გამოვიხურე და რადიოსკენ დავიძარი. არეულ სახლში მუშაობაზეც - ანუ წერაზეც - ვიფიქრე, მაგრამ არაგამამხნევებელი გარემო იყო და სახლის ლაგების თავი ნაღდად არ მქონდა. რადიოში ხალხი მუშაობს. მეც ვიმუშავებ.

„1000 ევროიანი თაობა“ გერმანული ფილმების ფესტივალზე გამონაკლისის სახით აჩვენეს ორი კვირის წინ თბილისში…შემთხვევით შევედი, ვიჯექი კინოს კაფეში, ვკითხულობდი, დავინახე, ყველა ადგა და დაიძრა. ამოვიღე განრიგი და შევხედე: „ათასევროიანი თაობა“... ბილეთი ვიყიდე, შევედი. მერე მივხვდი, ის ყველა რაღაც ჭკვიანური ფილმის სანახავად რო, წასულა. მე კი ეკრანზე ტარკოვსკი არ დამხვედრია და ცხოვრების ღრმა დინებებზე არ მიფიქრია. გარშემო იცინოდა ყველა, ვიცინოდი მეც. ცოტა რომანტიკა, ცოტა დრამა, ცოტა ის და ცოტა ეს, რაც ფილმებს ახლავს ხოლმე სალაროში წარმატების მისაღწევად… ესპანური ფილმი თაობაზე, რომელიც რუტინას და აჩქარებულ ცხოვრებას თავს ძლივს აბამს… გვერდზე რჩებათ რაღაცები, რაც უყვართ… მსგავსებები იყო. არადა, ევროპისგან განსხვავებით, აქ ანაზღაურებაც ნაკლებია, თუმცა სისტემა - სულ უფრო მსგავსი… თან, ესპანეთისგან განსხვავებით, გარშემო ამდენი მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანი... განსაკუთრებით ხნიერი ადამიანები, ვინც ცვლილებას ფეხს ვერ უწყობს…

მოკლედ, მოვედი რადიოში. ლიფტი მუშაობს, ხან იჭედება. ერთხელ მეც გავიჭედე, ვაჟკაცურად შევინარჩუნე სიმშვიდე, გოგოებიც გავიცანი… შევედი ოფისში, ჩავრთე კომპიუტერი და დავიწყე გრეგორიანული კალენდრის შესახებ ინფორმაციის კითხვა. იცოდით, რომ ეს აღრიცხვის და წლების სისტემა - მათ შორის, ახალი წელიც - პაპ გრეგორი მეცამეტეს შემოუღია 1582 წელს და ეს მის დაქვემდებარებაში მყოფ ქრისტიანულ სამყაროში გავრცელებულა? მერე ვიფიქრე, ამას ხომ თქვენ თავადაც ნახავთ, ან უკვე იცით ეს ისტორიები. დროც გადის. მოდის ნინო ხარაძე, ხარას ვეძახი, და ამბობს: ”ისეთი წყალი იყო, „კუპალნიკით“ უნდა წავსულიყავიო”. ყველას გაგვეცინა. ხო, ვინც არ იცის, წყალი ჟურნალისტებისთვის, ასე ვთქვათ, ამბავია, რომელიც ინფორმაციას არ შეიცავს. როგორც ბროდსკი ამბობს ერთ- ერთ ლექსში, მე მესმის არა ის, რასაც შენ ამბობ, არამედ ხმა… ასეთი სადღესასწაულოდ, ალბათ, ბევრია. ხარაძის ამ სიტყვებს ვერ მივუსწარი, მაგრამ... ჩამწერი მარანცი ავიღე და ის, რაც რადიოში ჩემ გარშემო ამის შემდეგ ჩავწერე, შეგიძლიათ აუდიოჩანაწერში მოისმინოთ. იმიტომ რომ 31-ია, ხუთი საათი გახდა, მე ბანკში შესვლა და ერთი ორი საჩუქრის ყიდვა მაინც უნდა მოვასწრო.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG