Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნამდვილი ქაღალდის წერო“ - იაპონიის მოყვარულთათვის


იაპონიის ისტორიით და კულტურით დაინტერესებულ ადამიანებს 2010 წლის ბოლოს იაპონიის საელჩომ და ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა პაატა ნაცვლიშვილმა სიურპრიზი მოუმზადეს - „ნამდვილი ქაღალდის წერო“ - ასე ჰქვია წიგნს, რომლის წაკითხვის შემდეგაც იაპონური ენის შესწავლა თუ არა, შორეული აღმოსავლეთის ამ უცნაური ქვეყნის მონახულების სურვილი ნამდვილად შეგიპყრობთ.

პირველი, რაც ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ გავაკეთე, „გუგლის“ საძიებო სისტემაში ჩავწერე: „როგორ ვისწავლოთ იაპონური“. რამდენიმე დღის განმავლობაში საკუთარ თავს იაპონურად ხან ვესალმებოდი და ხანაც ვემშვიდობებოდი, მაგრამ მალევე მივხვდი - ეს ძალიან, ძალიან ცოტაა. სამაგიეროდ, „ნამდვილმა ქაღალდის წერომ“ მთელი კვირა მაცხოვრა იაპონიაში.

ეს წიგნი, პირველ ყოვლისა, მათთვისაა, ვისაც უნდა, რომ თევზის ჭერა ისწავლოს, ვისაც უნდა გაიცნოს ან კიდევ ერთხელ გაიხსენოს ქვეყანა, რომელიც, მიწის პირისაგან აღგვილი, სულ რაღაც 20 წელიწადში მსოფლიოს მოწინავე ქვეყანათა რიგში ჩადგა ...
”არის ქვეყნები, რომლებშიც ერთხელ ვიმოგზაურებ, წიგნებს წავიკითხავ, ტელეგადაცემებს ვნახავ და მორჩა, ჩანაწერსაც კი არ გავაკეთებ არანაირს. მაგრამ არის ქვეყნები, რომლებშიც, იმის მიუხედავად, თუნდაც მეორედ ვყოფილვარ თუ არა, განუწყვეტლივ ვმოგზაურობ. ასეთ ქვეყნებს მე ჩემს ქვეყნებს ვუწოდებ და იაპონია ერთ-ერთი უპირველესია მათ შორის”, - წერს წიგნის ავტორი შესავალ წერილში.

”დაახლოებით მსგავსი პროექტები სხვადასხვა ქვეყანაზე ოციოდე წელიწადია მაქვს მომზადებული, მაგრამ იაპონია ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც გამოეხმაურა ამ პროექტს, იაპონიის საელჩომ მაქსიმალური მხარდაჭერა გამოხატა. გამოფენა, ეს წიგნი ერთ მთლიანობაში შეიძლება აღვიქვათ, მით უმეტეს, რომ წიგნშიც რაღაც ნაწილია გამოფენისა. და, საერთოდაც, მე მგონია, რომ დღეს, როდესაც ერთგვარად ერთ მედიას ანაცვლებს მეორე, - ვგულისხმობ გუტენბერგის მედიას - ბილ გეიტსის მედია და ფეისბუქის ქსელი, - ვფიქრობ, ასეთი პოლიფონიური პროდუქტები, როგორიც ეს წიგნი და გამოფენაა, უფრო ეფექტური და შედეგიანიც იქნება მრავალმხრივად.”

თუმცა ამ წიგნზე მუშაობა პაატა ნაცვლიშვილმა იაპონიაში წასვლამდე მრავალი წლით ადრე დაიწყო. ამის დასტურია წიგნის ბოლო - ეფემერების - ნაწილში მოყვანილი მერვეკლასელი ბიჭის ჩანაწერი იაპონელთა რწმენის შესახებ: სილამაზე ბუნების ყველა მოვლენაში არსებობს, ადამიანს კი თვალის სიმახვილე სჭირდება, რათა ის დაინახოს და გამოავლინოს.

”ეს წიგნი, პირველ ყოვლისა, მათთვისაა, ვისაც უნდა, რომ თევზის ჭერა ისწავლოს, ვისაც უნდა გაიცნოს ან კიდევ ერთხელ გაიხსენოს ქვეყანა, რომელიც, მიწის პირისაგან აღგვილი, სულ რაღაც 20 წელიწადში მსოფლიოს მოწინავე ქვეყანათა რიგში ჩადგა”, - გვეუბნება ავტორი.

პაატა ნაცვლიშვილი, წიგნის ავტორი
ისიც უნდა ვთქვა, რომ ამ წიგნის კითხვისას, უბრალოდ, ვერ მოიწყენ. მასში, როგორც ავტორიც წერს, ფაქტობრივად, ხუთი წიგნია გაერთიანებული: იაპონიაში გადაღებული და შემდეგ უკვე თბილისში გამოფენილი ფოტოების ერთგვარი კატალოგი, ლექსების - ტანკებისა და ჰაიკუების - მცირე კრებული, ჟურნალისტური ნარკვევების მოზრდილი ტომი, ეფემერების ალბომი და ძალიან იაპონური ფენომენების ბროშურა.

ყური მიადე
ნიჟარას იაპონურს
შავი ზღვა ღელავს.

ეს ჰაიკუ ოსაკაში გადაღებულ ფოტოს ახლავს. იქ წიგნის ავტორი ორ ქართველ სუმოტორს, ტოჩინოშინს და კოკაის, შეხვდა. კოკაი იაპონურად შავ ზღვას ნიშნავს.

რა იყო მაინც
ის სულ პირველი ბომბი
აქამდე ვკვდები.

ფოტოზე: ჰიროშიმა, მშვიდობის მემორიალური მუზეუმი.
პაატა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ გამოფენაში მოხვდა ყველაფერი, რაც შემდეგ წიგნშიც აღწერა - მათ შორის, ქაღალდის წეროებიც ჰიროშიმას მემორიალთან. რამდენიმე ქაღალდის წერო ავტორმა თურმე თავადაც გააკეთა.

თუ აქამდე არასოდეს გიფიქრიათ, რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ორ ერს -ქართველს და იაპონელს, ამის თობაზე ავტორი წიგნში რამდენიმე საინტერესო დაკვირვებას გვთავაზობს. მაგალითად:

ქართველებიც და იაპონელებიც მებრძოლი სულისანი არიან. შემთხვევითი არ არის, რომ ორივე ქვეყანაში ასეთი პოპულარულია ორთაბრძოლები - ძიუდო და კარატე.
როგორც ქართველები, ისე იაპონელები, ფაქტობრივად, უნათესაო ხალხია.
როგორც იაპონელებში, ისე ქართველებში პატივისცემით სარგებლობენ მოხუცები და ბავშვები.

ორივე ერს ნაკლებად გაუმართლათ მეზობლებში და ერთი ამ მეზობელთაგანი საერთოც კი ჰყავთ, რომელიც უკვე მესამე საუკუნეა პრობლემებს უქმნის იაპონიასაც და საქართველოსაც.

ლამაზი ფოტოებია. ძალიან მომწონს. მეც ვიღებ ფოტოებს, მაგრამ ეს ფოტოები ნამდვილად პროფესიონალურია. თან ისეა შერჩეული, თანამედროვე იაპონიასაც გაცნობს და მის ტრადიციულ ნაწილსაც ...
ენისა და დამწერლობის სრული განსხვავებულობის მიუხედავად, როგორც ქართულში, ისე იაპონურში ხუთ-ხუთი ზუსტად ერთნაირი ხმოვანია: ა, ე, ი, ო, უ.
წიგნში კიდევ ბევრი პარალელს იპოვით.

ამ წიგნის ერთი - ძალიან იაპონური ფენომენების - ნაწილი ყოველთვის გამოგადგებათ, თუ მოგინდებათ მეტი გაიგოთ საკურაზე, რომლის 400 ჯიშიც არსებობს თურმე იაპონიაში და პოეტი არ დარჩენილა, ვისაც მისთვის თუნდაც ერთი ჰაიკუ არ მიეძღვნას... იკებანაზე, ყვავილების არანჟირების ტრადიცულ იაპონურ ხელოვნებაზე... - აქვე გაიგებთ რატომ უდევს ამ უძველეს იაპონურ ტრადიციას საფუძვლად სამი ძირითადი ხაზი - ცის, ადამიანის და მიწის გამომხატველი... ტრადიციულ იაპონურ სამოსზე - კიმონოზე, რომელსაც დღეს უკვე მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იცვამენ... ორიგამზე, რაც სიტყვასიტყვით ფურცლის კეცვას ნიშნავს. იაპონიაში ორიგამის სხვადასხვა მიმდინარეობა არსებობს. 1797 წელს ბუდისტი ბერის, როკოანის, წიგნი ათასი წეროს დაკეცვა გამოვიდა, სადაც ქაღალდის წეროს დაკეცვის 49 მეთოდი იყო განხილული... ჩაის ჯადოქრულ ცერემონიაზე, მთავარ იაპონურ სასმელ საკესა და იაპონურ ანიმეზე.

წიგნში კიდევ შეხვდებით იაპონური თეატრის, კაბუკის, ცნობილ მსახიობს -ნაკამურა კანჯაკუს, ქართველ სუმოტორებს, პირველ ქალს, რომელმაც ევერესტი დალაშქრა... შეიტყობთ ან გაიხსენებთ, როგორ დაიწყეს იაპონიაში ქართული მაწვნის - იმავე კასპიური იოგურტის - წარმოება...

მაგრამ ყველაზე მოულოდნელი წიგნის ბოლო ნაწილია - ეფემერების კოლექცია - ტოკიოს კოშკის სასუვენირო ჯიხურში ნაყიდი ღია ბარათების შესაფუთი ფურცლით დაწყებული და იაპონური ქვითრებითა და ტოკიოს სამხედრო მუზეუმის ბილეთებით დამთავრებული...

პაატა ნაცვლიშვილის ფოტოგამოფენა
პაატა ნაცვლიშვილის იაპონური მოგზაურობის ამსახველ ფოტოგამოფენაზე იაპონიის ელჩს საქართველოში მასაიოში კამოჰარას შევხვდით, რომელმაც გვითხრა:

”ლამაზი ფოტოებია. ძალიან მომწონს. მეც ვიღებ ფოტოებს, მაგრამ ეს ფოტოები ნამდვილად პროფესიონალურია. თან ისეა შერჩეული, თანამედროვე იაპონიასაც გაცნობს და მის ტრადიციულ ნაწილსაც. რაც შეეხება წიგნს - ეს არის პირველი წიგნი ქართულ ენაზე, რომელშიც თითქმის ყველაფერია იაპონიის შესახებ და, რაც მთავარია, ქართულ ენაზე. ვფიქრობ, ეს ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, იმიტომ რომ საქართველო და იაპონია შორსაა ერთმანეთისგან. იაპონიაში საქართველოს შესახებ ძალიან ცოტა რამ იციან. საქართველოშიც - იაპონური კულტურის მიმართ ინტერესი არსებობს, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი კულტურის შესახებ. ასე რომ, პაატას ეს წიგნი, ვფიქრობ, სულ ცოტა, ამ ინფორმაციულ ვაკუუმს შეავსებს. და ვიმედოვნებ, მეტი ქართველი დაიწყებს იაპონური ენის შესწავლას.”

მასაიოში კამოჰარამ ამ მოკლე ინტერვიუს ბოლოს თავისი სავიზიტო ბარათი მაჩუქა. მე მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ, იაპონური ტრადიციის თანახმად, სავიზიტო ბარათის გაცვლა მთელი რიტუალია. ის იაპონელს ორივე ხელით უნდა გაუწოდო, ისიც ასე გთავაზობს საკუთარს, და შემდეგ დაკვირვებით უნდა შეისწავლო ორივე მხრიდან. ამ რიტუალის შესახებ წიგნში წავიკითხე და უკვე ვიცი, აღარ შემეშლება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG