Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2010 - კულტურა


თეატრალური ფესტივალი
თეატრალური ფესტივალი
”ასაკი, ალბათ, თავისას აკეთებს. მარადიულ თემებზე იწყებ ფიქრს - სიკვდილზე, დავიწყებაზე, მეხსიერებაზე”, - გვითხრა ავტორმა წიგნისა ”პარიზული ჩანაწერები”, კინორეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ 2010 წლის მარტში. ამ წიგნის პრეზენტაციაზე ჟურნალ ”ცხელი შოკოლადის” გამომცემელმა შორენა შავერდაშვილმა აღნიშნა, რომ ლანა ღოღობერიძის წერილები ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული რუბრიკა იყო ჟურნალში, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელოვნების ქართველ მოყვარულებს სწორედაც რომ ამ ”მარადიულ თემებზე” აქვთ მოთხოვნილება; აქტუალური, სოციალურად მძაფრი, ის, რაც დღევანდელობას ასახავს, ისევ ძნელად მკვიდრდება ქართულ კულტურაში. ასე იყო 2010 წელს: ყველაზე პოპულარული კულტურული ღონისძიებები - თბილისის თეატრალური ფესტივალი, თელავის მუსიკალური ფესტივალი ”ჯვარი ვაზისა”, ბათუმის კინოფესტივალი, ჯაზფესტივალი, პლაჩიდო დომინგოს ვიზიტი - ყველაფერი ეს კლასიკური ხელოვნებაა. დიახ, კლასიკაზე მოთხოვნილება კინოფესტივალებზეც კი უფრო დიდი იყო... ქართველი კინოს მოყვარულები უფრო მეტად აბას ქიოროსთამის მასტერკლასით დაინტერესდნენ, ვიდრე ახალი ფილმებით... ცოცხალი შეხვედრებით კლასიკასთან... შესაძლებელია იმიტომ, რომ ახალმა - მათ შორის, ახალმა ქართულმა - კინომ მაყურებლის ერთ ნაწილს გული გაუტეხა: მთელი წელი ისე გავიდა, რომ თეატრსა და კინოში არ შექმნილა რაიმე განსაკუთრებით ახალი, რაზეც საზოგადოება იმსჯელებდა, რაზეც თუნდაც დასავლეთიდან იქნებოდა მოთხოვნილება... ისე მოხდა, რომ ”დერვიშების” მუსიკალურ კლიპებზე და ერეკლე დეისაძის ნაწარმოებზე უფრო მეტს ლაპარაკობდნენ, ვიდრე აკადემიურ თეატრებში მოწყობილ პრემიერებზე. ასეთ პირობებში გასაგებია, რომ დარჩა მოთხოვნილება ხარისხიან კლასიკაზე... მოთხოვნილება, რომელიც მეტ-ნაკლებად დაკმაყოფილდა საქართველოში ჩატარებული ხელოვნების ფესტივალებით.

”მე მგონი, მე უფრო მემატება წლები იმდენად, რომ რაღაცას ვგებულობ და, სამწუხაროდ, მგონია, რომ ქვეყანას არაფერი ემატება...როგორც ჩანს, 20 წელი მაინც არაფერია...” – გვითხრა გულდაწყვეტილმა იური მეჩითოვმა, რომელმაც თავისი დაბადების დღე (მეჩითოვი 60 წლის გახდა) აღნიშნა საიუბილეო - ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის სურათებში, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, სახეებში ამსახველი -გამოფენით. ამ გამოფენამ, რომელიც აშკარად გამოირჩეოდა გასული წლის კულტურულ აფიშაზე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებოდით, რომ კულტურა ყველაფერთან ერთად დროსაც ინახავს და დაგვებადებოდა კითხვა: ინახავს თუ არა დროს თანამედროვე ქართული ხელოვნება, მათ შორის, 2010 წლის ქართული ხელოვნება?.. შეიძლება თუ არა 2010 წელს შექმნილი მხატვრული სახეებით მსჯელობა 2010 წელზე? მიუხედავად იმისა, რომ კულტურული ცხოვრება ქვეყანაში აშკარად გამოცოცხლდა, საეჭვოა, ამ კითხვაზე დადებითად უპასუხოს ვინმემ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG