Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2010 წლის შიდაპოლიტიკური მოვლენები საქართველოში


30 მაისის ადგილობრივი არჩევნები
30 მაისის ადგილობრივი არჩევნები
შეიძლება ითქვას, რომ 2010 წლის შიდაპოლიტიკური მოვლენები საქართველოში, ძირითადად, საარჩევნო თემატიკით გამოირჩეოდა. ნაწილობრივ სწორედ 30 მაისის არჩევნებთან დაკავშირებული პროცესების კალაპოტში გამონახეს ან ვერ გამონახეს საერთო ენა გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა. ნაწილობრივ ასევე არჩევნების თემას უკავშირდებოდა კონსტიტუციის თაობაზე მწვავე კამათი და რამდენიმე პოლიტიკური ერთობის დაშლაც. თუმცა საქმე მხოლოდ 30 მაისის არჩევნებს არ შეეხებოდა - 2010 წელს უკვე დაიწყო გარკვეული მზადება მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა კი არჩევნები ხელისუფლების შეცვლის გზად ვერც 2010 წელს დაინახა.

2010 წელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტთან დაკავშირებული ვნებათაღელვით დაიწყო. საბოლოოდ, 15 იანვარს, საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამდებობაზე ზურაბ ხარატიშვილი აირჩია. ის ერთ-ერთი იყო იმ 3 კანდიდატიდან, რომლებიც პრეზიდენტმა არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილი სიიდან შეარჩია. ხოლო პროცესმა საკანონმდებლო ორგანოში მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც ცესკოს კომისიის წევრთა ოპოზიციურმა ნაწილმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან რომელიმე ერთის ასარჩევად კონსენსუსს ვერ მიაღწია. საქმე ის არის, რომ ცესკოში 14 იანვარს გამართულ კენჭისყრას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა, ნაწილმა კი ხმა არავის მისცა.

ცესკოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ კვალიფიციურ პოლიტიკურ ძალებს ამომრჩეველთა სიების მონიტორინგისკენ მოუწოდა. ამომრჩეველთა კარდაკარ გადამოწმების პროცესში, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 200 ათასი ლარი გამოიყო, 5 თებერვლიდან, ნაციონალური მოძრაობის გარდა, საბოლოოდ 10 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ჩაება. ესენია: რესპუბლიკური პარტია, „ახალი მემარჯვენეები“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „საქართველოს გზა“, კონსერვატიული პარტია, „ქართული დასი“, პარტია ”ჩვენ თვითონ”, „ხალხის პარტია“, პარტია „თავისუფლება“ და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა. 14 პოლიტიკური სუბიექტიდან, რომლებსაც კანონი საბიუჯეტო სახსრებით სარგებლობის უფლებას აძლევს, ხელისუფლებისადმი უნდობლობის გამო, უარი თავიდანვე განაცხადეს ლეიბორისტულმა პარტიამ და „ეროვნულმა ფორუმმა“.

სიების მონიტორინგის პროცესში ოპოზიციურმა პარტიებმა აღმოაჩინეს არაერთი არარსებული ქუჩა, კორპუსი თუ ბინა. ასევე ხშირად, მათი მხრიდან საუბარი იყო ეგრეთ წოდებულ ”მიწერილ ამომრჩევლებზე”, რომლებსაც არც კი იცნობდნენ კონკრეტული ბინების მეპატრონეები. მოგვიანებით ისმოდა ოპოზიციონერთა ბრალდებები იმის შესახებაც, რომ აღმოჩენილი დარღვევები სათანადოდ არ აისახა ამომრჩეველთა სიების საბოლოო ვარიანტში. თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებდა ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელმაც მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია 25 მაისს გამართა და განაცხადა, რომ ”ამომრჩეველთა სიაში არსებული ხარვეზი 1%-ს არ აღემატება.”

სწორედ ამ სიებით ჩატარდა 30 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომლის დროსაც პირდაპირი წესით პირველად მოხდა დედაქალაქის მერის არჩევაც. პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის ხმამაღალი პრეტენზიები უკავშირდებოდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებს. ბევრჯერ ითქვა, რომ პოლიტიკურ ძალებს თანაბარი უფლებებით სარგებლობის საშუალება არ ეძლეოდათ. ეს საკითხი ერთ-ერთია იმ ძირითად პრობლემებს შორის, რომლებიც ეუთოს სამეთვალყურეო მისიამ 30 სექტემბერს - არჩევნებიდან 4 თვის შემდეგ - გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშში ასახა. ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა ეუთოს ანგარიშიდან 2 ძირითადი პრობლემა გამოყო:

”ძირითადად, მითითება ხდება საკანონმდებლო ბაზის ხარვეზებსა და კანონის პრაქტიკული გამოყენების ნაკლოვანებებზე, იმაზე, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტს უნდა ჰქონდეს არჩევნებში თანაბარი კონკურენტული საშუალებები. ამ ორი ძირითადი მიმართულებით მოგვიწევს, თავის მხრივ, მუშაობა, რომელსაც მრავალი ასპექტი აქვს და რომელიც ცალკე განხილვის თემა შეიძლება იყოს.”

ეუთოს მეთვალყურეთა საბოლოო ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ და საარჩევნო ადმინისტრაციამ ძალისხმევა არ დაიშურეს პრობლემების პრაქტიკულად მოგვარებისთვის, მაგრამ, ამის მიუხედავად, საზოგადოების ნდობის ხარისხი კვლავაც დაბალ მაჩვენებელზე დარჩა. პრობლემები აღინიშნებოდა საარჩევნო დავების განხილვის პროცესშიც.

თუმცა ვიდრე მმართველი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საგრძნობი უპირატესობით გაიმარჯვებდა, ხოლო გიგი უგულავა დედაქალაქის მერის პოსტს ხელმეორედ - უკვე არჩეული მერის რანგში -დაიკავებდა, ოპოზიციურმა პარტიებმა, ასე ვთქვათ, დიდი ბრძოლები გადაიტანეს. დიდხანს და სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობდა ბრძოლა, მაგალითად, დედაქალაქის მერობის ერთიანი კანდიდატის გამოვლენისთვის და ეს იყო პროცესი, რომელმაც დიდწილად შეუწყო ხელი ოპოზიციური ძალების ხმაურიან გადაჯგუფებებს, დაშლასა თუ გარკვეულ დაპირისპირებას, რაც, ძირითადად, არჩევნების შემდეგ გამოვლინდა.

ამ პროცესში ერთგვარ გამოკვეთილ ფიგურად იქცა მოსკოვის საკმაოდ ხშირი სტუმარი ზურაბ ნოღაიდელი, რომლის პარტიაც - „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ - არჩევნებისთვის შექმნილ პოლიტიკურ გაერთიანებაში -”ეროვნულ საბჭოში” - შედიოდა. ამავე გაერთიანების გამოკვეთილ ძალებს კონსერვატიული პარტია და „ხალხის პარტია“ წარმოადგენდნენ. „ეროვნული საბჭო“ არჩევნების წინ პრაიმერის ჩატარების მომხრედ გამოდიოდა, თუმცა ამ იდეას ძალიან ცოტა მხარდამჭერი გამოუჩნდა.

“„ალიანსი“ მზადაა აქტიურად ჩაერთოს გაერთიანების პროცესში ფორმულით ”ყველა მინუს ერთი” და შევქმნათ ერთობა ყველა რეალურ ოპოზიციურ ძალასთან, გარდა ერთისა. ეს არის ზურაბ ნოღაიდელი და მისი პოლიტიკური გუნდი. ის სრულიად გაურკვეველი ფუნქციით და მისიით მოღვაწეობს დღეს პოლიტიკაში, ხოლო მისი წარსული ჩვენთვის დანაშაულსა და კრიმინალთან არის დაკავშირებული და ჩვენ კრიმინალებთნ არ ვთანამშრომლობთ”, - „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ ეს განცხადება 17 თებერვალს გააკეთა რესპუბლიკური პარტიის ლიდერ დავით უსუფაშვილთან ერთად გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, პოლიტიკური გაერთიანების ”ალიანსი საქართველოსთვის” სახელით. თუმცა ამავე ალიანსის წევრი და გაერთიანების მიერ მერობის კანდიდატად დასახელებული ირაკლი ალასანია თავის პარტიასთან - „თავისუფალ დემოკრატებთან“ - ერთად იმ დროს ჯერ ისევ განაგრძობდა ოპოზიციურ ძალებთან კონსულტაციებს და მერობის ერთიანი კანდიდატის გამოვლენისთვის ბრძოლას. მისი გათვლით, სახელისუფლო კანდიდატის დასამარცხებლად ოპოზიციური პარტიების შესაძლებლობათა გაერთიანება იყო საჭირო.

მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს ჭადრაკის სასახლეში ირაკლი ალასანია, ლევან გაჩეჩილაძე, ზვიად ძიძიგური, კობა დავითაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთის გვერდიგვერდ მდგარი იხილა, ხალხი უკვე შექმნილ დიდ ერთობაზე ალაპარაკდა. ალასანიას კი მას შემდეგ არაერთხელ მოუწია იმის მტკიცება (სხვათა შორის - საკუთარი თანაგუნდელებისთვისაც), რომ მას არასოდეს უფიქრია პოლიტიკური კავშირის დამყარება ზურაბ ნოღაიდელთან და რომ რუსეთთან თანამშრომლობაზე ორიენტირებული პოლიტიკური მიდგომები მისთვის და მისი ალიანსისთვის იმთავითვე მიუღებელი იყო.

ასეა თუ ისე, ალასანია „ალიანსის“ მხარდაჭერილ კანდიდატად ბოლომდე დარჩა და დამოუკიდებელი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება 4 მარტს გამოაცხადა. ამ დღეს ვერის ბაღში გამართული თავყრილობის ინიციატორმა “ქართულმა აკადემიამ”, 24 არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით, თბილისის მერობის კანდიდატად სწორედ ირაკლი ალასანია დაასახელა. შედეგად, 30 მაისის არჩევნებზე გიგი უგულავას მთავარმა კონკურენტმა ირაკლი ალასანიამ, მართალია, დაახლოებით 35%-იანი სხვაობით, მაგრამ მაინც მეორე ადგილი დაიკავა. შემდეგ კი, ალასანიამ თქვა, რომ ”არჩევნები შედგა”, რომ ახლა შემდეგი არჩევნებისთვის მზადებაა საჭირო, რომ დროა, ქვეყანაში ცივილიზებული პოლიტიკური კულტურა დამკვიდრდეს და რომ ამისთვის ის უკვე „ალიანსის“ გარეშე იბრძოლებს:

”გადავწყვიტეთ, რომ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს საკუთარი პოლიტიკური მანქანისა და საკუთარი პოლიტიკური პარტიის გაძლიერება. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ ერთ-ერთ სისუსტედ დავინახეთ სწორედ ის, რომ არ გვქონდა კარგად ორგანიზებული პარტიული სტრუქტურები, რეგიონებში განსაკუთრებით... ამიტომ ორი მიმართულებაა ჩვენთვის პრიორიტეტული: პირველი - საკუთარი პოლიტიკური მანქანის შექმნა და მეორე - საარჩევნო გარემოს თვისებრივი შეცვლისთვის ერთობლივი ბრძოლა. ჩვენ ვრჩებით კოორდინაციის რეჟიმში...”

დაახლოებით წელიწადნახევრიანი არსებობის შემდეგ, „ალიანსი საქართველოსთვის“ ზედმეტი ხმაურისა და დაპირისპირების გარეშე 15 ივნისს დაიშალა. აქვე ვთქვათ, რომ ნოემბრის დასაწყისში პოლიტიკიდან დროებით წასვლის გადაწყვეტილება მიიღო „ალიანსში“ შემავალი კიდევ ერთი პარტიის -„საქართველოს გზის“ - ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც სამუშაოდ გაეროში მიიწვიეს.

იმ დროს, როდესაც „ალიანსი“ დაიშალა, გაერთიანება უკვე დატოვებული ჰქონდა მის ერთ-ერთ თანათავმჯდომარეს, ყოფილ სახალხო დამცველს სოზარ სუბარს, რომელიც 24 ნოემბერს ”ქართული პარტიის” დამფუძნებელ ყრილობაზე დელეგატებმა პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. თანათავმჯდომარეებად არჩეულები არიან ლევან გაჩეჩილაძე და ირაკლი ოქრუაშვილი, პოლიტიკურ მდივნად - ეროსი კიწმარიშვილი, ხოლო გენერალურ მდივნად - ასევე ყოფილი ალიანსელი, კოკა გუნცაძე. ყრილობაზე ითქვა, რომ პარტია მზად არის იხსნას ქვეყანა, რომელიც ”სააკაშვილის გაკოტრებულმა რეჟიმმა უფსკრულის პირას მიიყვანა.”

სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლა წარმოადგენს მთავარ ამოცანას სახალხო კრების შემთხვევაშიც, რომლის დელეგატები და მხარდამჭერებიც პარლამენტის შენობის წინ 25 ნოემბერს შეიკრიბნენ. მართალია, კრების ინიციატორთა მონაცემებით, პარლამენტის წინ იმ დღეს 15 000 ადამიანი მივიდა, მაგრამ ისინი ორჯერ და სამჯერ მეტსაც მოელოდნენ. თუმცა კრებამ მაინც აირჩია გადაწყვეტილებების მიმღები და აღმასრულებელი ორგანოები. დაიგეგმა დაუმორჩილებლობის კომიტეტების შექმნაც.

არსებული ხელისუფლების შეცვლის მსგავსი მიზნების მიუხედავად, „ქართული პარტიისა“ და სახალხო კრების ურთიერთშეხება მხოლოდ მწვავე დაპირისპირებით გამოიხატა. კრიტიკული შეფასებებით დაწყებული პროცესები განსაკუთრებით გამწვავდა დეკემბრის მიწურულს, როდესაც სახალხო კრების ერთ-ერთ ლიდერს ნინო ბურჯანაძესა და ”ქართული პარტიის” ლიდერებს შორის კომენტარების ნამდვილი ომი გაჩაღდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ნინო ბურჯანაძის მეუღლემ ბადრი ბიწაძემ საგაზეთო პუბლიკაციებში ლევან გაჩეჩილაძე ხელისუფლებისგან ფულის აღების მცდელობაში დაადანაშაულა.

ამ დაპირისპირების ფონზე სახალხო კრება დატოვა ჯერ ეკა ბესელიამ, რომელმაც მანამდე ოქრუაშვილის პარტიაც დატოვა, ხოლო შემდეგ, 29 დეკემბერს, სახალხო კრების მიერ არჩეულ ორგანოებში საკუთარი უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვეს „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენლებმა.

მართალია, ნდობის მანდატის სხვა პარტიებისთვის გადაბარების გზით, მაგრამ „ეროვნული ფორუმი“ წარმოდგენილია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესშიც, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. „ეროვნული ფორუმისა“ და ყოფილი „ალიანსის“ პარტიების გარდა, ოპოზიციურ პარტიათა ე.წ. „რვიანში“ არიან ასევე: „საქართველოს გზა“, კონსერვატიული პარტია, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ და „ხალხის პარტია“. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ე.წ.-მა ოპოზიციურმა „რვიანმა“ ხელისუფლებას ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში წარუდგინა სამომავლო არჩევნებთან დაკავშირებული ხედვა და კონკრეტული წინადადებები.

მართალია, ხელისუფლებამ რამდენიმე კვირის მანძილზე უპასუხოდ დატოვა ამ პოლიტიკური ძალების შეთავაზება მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, მაგრამ პროცესი საბოლოოდ მაინც დაიწყო, რასაც წინ უსწრებდა ირაკლი ალასანიას შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან. 8 ნოემბერს რვა ოპოზიციური პოლიტიკური ძალის ნდობის მანდატით აღჭურვილმა ირაკლი ალასანიამ დავით ბაქრაძეს კიდევ ერთხელ ამცნო, რომ საარჩევნო გარემოს შეცვლა აუცილებელია და რომ ის და მისი კოლეგები სრულ მზადყოფნას აცხადებენ პროცესში საქმიანად ჩართვისათვის. პარლამენტში 10 ნოემბერს გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ, ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების კონსულტაციებმა უკვე ცესკოს შენობაში გადაინაცვლა. ალასანია იმედოვნებს, რომ პროცესი პარლამენტის საგაზაფხულო სესიამდე დასრულდება და რომ ოპოზიციური ”რვიანი” საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

მას შემდეგ, რაც ეუთოს მეთვალყურეებმა მეტ-ნაკლებად დადებითად შეაფასეს 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროცესი და საყურადღებო შენიშვნებიც გამოთქვეს, საერთაშორისო თანამეგობრობა აპირებს გულმოდგინედ დააკვირდეს, თუ როგორ ჩააბარებს მომავალი ორი მასშტაბური არჩევნების ტესტებს საქართველო. და ეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმაც აღნიშნა 6 ოქტომბერს ვაშინგტონში, ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის შემაჯამებელ სხდომაზე გამოსვლისას:

”საქართველოს საპარლამენტო არჩევნებმა 2012 წელს და საპრეზიდენტო არჩევნებმა 2013 წელს უნდა დაგვანახვოს, რომ ქვეყნის დემოკრატია არათუ მხოლოდ შეესაბამება, არამედ აღემატება საერთაშორისო სტანდარტებს. ეს იქნება მნიშვნელოვანი საქართველოს ხალხისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.”

მართალია, 2010 წლის ხმაურიანი დისკუსიების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თემა იყო ის, რომ 15 ოქტომბერს დამტკიცებული ახალი კონსტიტუციის მექანიზმები მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ხელისუფლებაში გაძლიერებულ პრემიერ-მინისტრად დარჩენის შესაძლებლობას აძლევს, მაგრამ, მაგალითად, ირაკლი ალასანია დარწმუნებით აცხადებს, რომ ეს გეგმა ვერ განხორციელდება და რომ ”პუტინის მოდელის” გამეორებას საქართველოში არც საერთაშორისო თანამეგობრობა დაუჭერს მხარს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG