Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული წლის კულტურული აფიშა


ბათუმის დრამატული თეატრის შენობა
ბათუმის დრამატული თეატრის შენობა
გასული წლის კულტურულ აფიშას რომ გადახედოთ, ნამდვილად შეგექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ქართული კულტურის დონე უკვე დასავლურ სტანდარტებს მიუახლოვდა... უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, დასავლურ სტანდარტებს მიუახლოვდა ”კულტურული ცხოვრების დონე”... თანამედროვე ქართულ კულტურას კი ჯერ კიდევ უამრავი პრობლემა აქვს გადასაწყვეტი. მაგრამ ”კულტურული ცხოვრება” მართლაც ქუხდა - განსაკუთრებიით ბათუმში, სადაც სხვა რომ არაფერი, პლაჩიდო დომინგო ჩავიდა... საერთოდ, გასულ წელს ერთი სასიამოვნო სიახლე ნამდვილად იგრძნობოდა - კულტურული ცხოვრება გასცდა დედაქალაქის საზღვრებს: ბათუმში, ეგრეთ წოდებულ ”პიაცაზე” გამართული გრანდიოზული კონცერტების გარდა, მოეწყო საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი, თელავში კი ძალიან კარგად ჩატარდა კლასიკური მუსიკის ფესტივალი, რომელსაც სხვაგვარად ელისო ვირსალაძის ფესტივალს უწოდებენ. თელავში ”ჯვარი ვაზისას” კონცერტებში მსოფლიოს სახელგანთქმულმა მუსიკოსებმა მიიღეს მონაწილეობა, თუმცა ეს ფესტივალი უფრო მეტად იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ დამყარდა ცოცხალი კონტაქტი მუსიკოსებსა და მსმენელს, ასევე მომავალ პროფესიონალ მუსიკოსებს შორის - ფესტივალის სტუმრებმა მასტერკლასები მოაწყვეს. ასეთივე ფორმით ჩატარდა ბათუმის კინოფესტივალი, თბილისის კინოფესტივალი ”პრომეთე”. ბოლოს და ბოლოს, კულტურა გასცდა იმ საზღვრებს, რომლებიც მის სტაგნაციას უწყობდა ხელს და ადამიანებს დაუახლოვდა... თანაც, როგორ! კულტურის მუშაკები განმანათლებლის როლში მოგვევლინენ. თითქოს გაგვახსენეს, რომ კულტურა და განათლება, ფაქტობრივად, ერთი და იგივეა.

„მინდა მივულოცო, მიუხედავად ცუდი ამინდისა. სხვათა შორის, როცა კლიმატის ცვლილებაზეა საუბარი, „თბილისობას“ ეს ყველაზე ცუდად დაეტყო... ახლა საკრებულოს წევრებთან ერთად ვსაუბრობდით, ოქტომბრის დასაწყისში ხომ არ გადმოგვეტანა...“

ეს თბილისის მერი, გიგი უგულავაა. კი, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება მთელი წლის მანძილზე ისევ ცდილობდა თავად განესაზღვრა ქვეყნის კულტურული პოლიტიკა - დაეფინანსებინა ის, რაც უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნდა. თბილისის თეატრალური ფესტივალი და ჯაზფესტივალი უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე იგივე კინოფესტივალი, რომელიც კვლავაც მინიმალური სახსრებით ჩატარდა. საქართველოს ხელისუფლება იშვიათად ერთვება დისკუსიაში კულტურული პოლიტიკის შესახებ, რაც არცთუ ისე იშვიათად პატარა სკანდალით სრულდება ხოლმე. გასულ წელს კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი სკანდალი ნიუ-იორკის სიმფონიური ორკესტრის ჩაშლილი გასტროლები იყო... არ გამოინახა ფული ორკესტრის ჩამოსაყვანად საქართველოში, მაშინ როცა გამოინახა ფული ქართული კულტურის დღეების ჩასატარებლად სხვადასხვა ქვეყანაში... ეროვნული კულტურის, როგორც ამბობენ, ”პროპაგანდის” მიზნით... სხვაგვარად რომ ითქვას, ხელისუფლების კულტურული პოლიტიკა დიდად არ შეცვლილა: მთავარია არა ის, რომ კულტურამ და განათლებამ ქართული საზოგადოების ცნობიერება აამაღლოს... მთავარია ფრანგებმა, ინგლისელებმა, ამერიკელებმა გაიგონ, რომ ”კულტურული ერი ვართ” და ”მაგდანას ლურჯა” გვაქვს გადაღებული... მერე რა, რომ ”მაგდანას ლურჯა” შესაძლებელია არაერთხელ აქვთ ნანახი დასავლეთში... სამაგიეროდ, ასეთი ფესტივალები დასავლეთის ქვეყნებში პატარა გასეირნების საშუალებას უქმნის კულტურის მოღვაწეებს. და, რაც მთავარია, კულტურის ჩინოვნიკებს.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ გასულ წელს კულტურის ჩინოვნიკებმაც მოახერხეს ზოგიერთი სერიოზული პრობლემის გადაწყვეტა. მაგალითად, ასე თუ ისე ეშველა თბილისის საოპერო თეატრის ორკესტრს, რომელსაც იტალიელი დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანო ჩაუდგა სათავეში. ჩვენთან საუბარში გაზეთ „24 საათის“ კულტურის მიმომხილველმა სოფო კილასონიამ აღნიშნა, რომ ორკესტრის დონემ უკვე მნიშვნელოვნად აიწია. თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთი გამონაკლისია ქვეყნის კულტურულ პოლიტიკაში - სტალინის ძეგლის ჩამოხსნისა არ იყოს, კულტურულ სივრცეს ქვეყანაში ისევ ზევიდან აშენებენ და მშენებლობის პროცესში იშვიათად მიმართავენ სხვას (მათ შორის, პროფესიონალებს) რჩევისათვის... უფრო მეტიც, გასულ წელს დაიწყო საუბარი იმაზე, რომ შესაძლებელია პარლამენტმა დაამტკიცოს საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვის კანონპროექტი, რაც, თავის მხრივ, აუცილებლად იმოქმედებს კულტურულ მემკვიდრეობაზე... იმდენად იმოქმედებს, რომ, შესაძლებელია, უკვე ხსენებული კულტურის დღეების ჩატარებაც შეუძლებელი გახდეს, ანუ აღარაფერი დაგვრჩეს საჩვენებელი.

არსებითად ასეთი პირობები ზოგჯერ ბიძგიც ხდება მხატვრისათვის დამოუკიდებლად იმოქმედოს. საინტერესოა, რომ იმ დროს, როცა ქვეყანაში სტალინის ძეგლის დემონტაჟთან ერთად საბჭოთა ხელოვნების ”დემონტაჟის” პროცესი დაიწყო, ჟურნალი ”ცხელი შოკოლადი” ახორციელებს პროექტს ”განსაბჭოება” - ქართველი მწერლები, მხატვრები, ჟურნალისტები, სოციოლოგები ქვეყნის რეგიონებს სტუმრობენ და საბჭოთა მითებზე ესაუბრებიან მოსახლეობას. დაიწყო მუშაობა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელსაც ”საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია” ჰქვია, რომლის ერთ-ერთმა წევრმა, დავით ჯიშკარიანმა, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ საბჭოთა მითებისგან გასათავისუფლებლად ჯერ ეპოქის შესწავლაა აუცილებელი - ყოველგვარი აკვიატებული აზრის გარეშე, მეტისმეტი ემოციის გარეშე.

ცხადია, ალტერნატიული კულტურა სწორედ იმიტომაა ალტერნატიული, რომ ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად უნდა განვითარდეს... ალტერნატიული კულტურა დღეს პერფომანსებს, პოლიტიკურ სანახაობასაც გულისხმობს, პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და, როგორც წესი, სწორედაც რომ ძალაუფლების მქონეთა გასაღიზიანებლად კეთდება. გასულ წელსაც მოეწყო ასეთი აქცია - პოეტები, რომლებიც ბუშის ქუჩისთვის სახელის გადარქმევას და მისთვის ამერიკელი პოეტის, უოლტ უიტმენის, სახელის დარქმევას მოითხოვდნენ, პატრულისთვის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. ვიდეომასალაზე ჩანს, რომ პოეტებმა ბუშის ქუჩაზე მოაწყვეს პერფომანსი, - ექსცენტრიკული, ირონიული და თვითირონიული, - რომელიც გარკვეული ბიძგი უნდა გამხდარიყო საზოგადოებისთვის, მედიისთვის, ემსჯელათ იმაზე, თუ რამდენად მართებულია თბილისში იყოს ჯორჯ ბუშის ქუჩა, ემსჯელათ მილიტარიზმსა და მშვიდობისმყოფელთა აქტიურობაზე, ჰუმანისტებსა და ანტიჰუმანისტებზე, პოეტებსა და ”ფიზიკოსებზე”... მაგრამ მსგავსი არაფერი მოხდა - პერფომანსი საზოგადოების ნაწილმა მონათლა ”პოლიტიკურ აქციად”, ნაწილმა ხულიგნობად, ნაწილმა, უბრალოდ, ”სიგიჟედ”. ფილოსოფოს ლელა გაფრინდაშვილს ვკითხეთ, იქნებ ასეთი პერფომანსების მიმართ ქართული საზოგადოების დამოკიდებულება გამოუცდელობამ განაპირობა? იმან, რომ მსგავსი სანახაობის მოწყობის ტრადიცია არ არსებობს ქართულ კულტურაში?

”ზოგადად ჩვენი კულტურისთვის პერფომანსი არაა უცხო; ეთნოგრაფიულ წყაროებში რომ ნახოთ, პერფომანსი ყველაფერთან დაკავშირებით იმართებოდა - კულტურა, სადაც კულტი ბევრია (მაგალითად, შრომის კულტურა ავიღოთ), პერფომანსებითაც მდიდარია... მაგრამ იქ თუ რაღაც კულტს ემსახურებოდა, თანამედროვე პერფომანსები უფრო კრიტიკულია და სოციალურად მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს.”

გასული წელი ისე დასრულდა, რომ ასეთი კრიტიკული, სოციალურად მძაფრი ხელოვნების ნაწარმოები არ შექმნილა. ყველაზე სკანდალური ისევ ერეკლე დეისაძის ნაწარმოები აღმოჩნდა, თუმცა ეს სკანდალიც ვერ გასცდა ქვეყნის საზღვრებს...
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG