Accessibility links

ახალი წელი რეპატრირებულ მესხებში მესხურ მრავალჟამიერთან ერთად დგება. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ხუციშვილების სამივე შვილმა ფოლკლორული სიმღერები შეისწავლა და ყოველ ახალ წელს მრავალხმიანი ქართული სიმღერით ხვდებიან.

მაჰმადიანი მესხები ისტორიულ სამშობლოს იმ ძველი მესხური საახალწლო ტრადიციებით დაუბრუნდნენ, რომლებიც სამცხე-ჯავახეთში დიდი ხანია დავიწყებას მიეცა. რამდენიმე წლის წინ საქართველოში დაბრუნებული მესხები ამბობენ, რომ ამ რიტუალებს შუა აზიაში მხოლოდ ისინი ასრულებდნენ. მათ სუფრაზე ალკოჰოლურ სასმელს ვერ ნახავთ, სამაგიეროდ, სტუმრებს წვნით უმასპინძლდებიან. შუფრა, ქართული კერძების გარდა, უზბეკური ფლავითა და აზიური მანტით შეავსეს. ძველი მესხური საახალწლო ტრადიციები, ძირითადად, ოჯახის ბარაქას უკავშირდება, – იხსენებს ზაიდა ხუციშვილი.

”მანჯალელუია - ახალციხეში ახალი წელი ამ რიტუალის გარეშე არასოდეს დამდგარა. ახალგაზრდები 31 დეკემბერს კარდაკარ დადიან და ყველა კარზე აკაკუნებენ. მასპინძელმა მათ ხილი და ტკბილეული უნდა დაურიგოს”, – ამბობს თინა აკოფიანი.

სომხური კონიაკი, ღორის ბარკალი, 3 სახის - კომბოსტოს, ვაზის ფოთლებისა და ღერღილის - ტოლმა, სუჯუხი და ბასტურმა – ამ ყველაფრის გარეშე ახალი წლის სუფრა სომხურ ოჯახში წარმოუდგენელია. ახალციხეში მცხოვრებ სომხებს დანარჩენებისგან ის განასხვავებს, რომ ისინი ახალ წლამდე 1 თვით ადრე სუჯუხის მომზადებას იწყებენ. ის ყველაზე რთულად მოსამზადებელი და შრომატევადი კერძია. დაფქულ და შეზავებულ ხორცს საქონლის ნაწლავში ტენიან, რომელიც ჩრდილში უნდა გამოშრეს. ყოველდღიურად მას უხლავით გაბრტყელება სჭირდება. ბაღდასარიანებთან ტრადიციული ეროვნული კერძის მომზადებაში ოჯახის ყველა წევრთან ერთად მათი ქართველი რძალიც ერთვება. ძველი სომხური ტრადიციებით, ოჯახის ყველა წევრი ახალ წელს სახლში უნდა შეხვდეს. ყველაზე განსხვავებული და ძველი რიტუალები ახალციხელ სომხებშია შემორჩენილი, – ამბობს ოფელია ბაღდასარიანი.

ებრაულ სამყაროში ახლა 5771 წელია. ახალი წელი ახალციხელ ებრაელებთან 9 სექტემბერს, ანუ პირველ თიშრეს, საღამოს 9-ის 8 წუთზე დადგა. მიუხედავად ამისა, ისინი ახალ წელს 1 იანვარსაც აღნიშნავენ. ქართველი ებრაელები 2011 წლისთვის ისევე ემზადებიან, როგორც მთელ საქართველოში. ებრაულ ახალ წელს სუფრაზე მარილს ვერ ნახავთ. სამაგიეროდ, აუცილებლად უნდა მიირთვათ ბროწეული და თაფლი, როგორც დიდხანს სიცოცხლისა და სიტკბოების სიმბოლო. შანა ტობა, ანუ ტკბილი წელი - ასე ულოცავენ მესხები ახალციხელ ებრაელებს ახალი წლის შემობრძანებას, – განმარტავს ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარე ახალციხეში სიმონ ლევიშვილი.

სამცხე-ჯავახეთში ძველ მესხურ საახალწლო ტრადიციებს იშვიათად შეხვდებით, თუმცა კვინცხაძეების ოჯახში, ტრადიციული კერძების მომზადების გარდა, იმ რიტუალებსაც ასრულებენ, რომლებიც წინაპრებისგან გადმოცემით იციან. ბედობის დღეს ოჯახის უფროსი თაფლით ყველა წევრს აბერებს, რაც მთელი წლის ტკბილად გატარების სიმბოლოა.
მაჰმადიანი მესხები, ბერძნები, ებრაელები, პოლონელები, სომხები და ადგილობრივი მესხები - მათი საახალწლო ტრადიციები საუკუნეების მანძილზე ერთმანეთს ისე შეესისხლხორცა, რომ დღეს იმის გარკვევაც უჭირთ, რომელი რიტუალი რომელ ერს ეკუთვნის. მიუხედავად ამისა, თითოეულმა ეთნოსმა მაინც შემოინახა ის ტრადიცია, რაც დანარჩენისგან განასხვავებს.
XS
SM
MD
LG