Accessibility links

2010 წელს ეკონომიკური კრიზისის დაძლევა დაიწყო


მსოფლიო ბანკისა და საქართველოს დროშები

მსოფლიო ბანკისა და საქართველოს დროშები

გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 6 პროცენტით გაიზარდა. ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია მაშინ, როდესაც მსოფლიოს უამრავი ქვეყანა ჯერაც გლობალური ეკონომიკური კრიზისის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელზე მაღალ ტემპს იმ მეტ-ნაკლებ პოლიტიკურ სტაბილურობას უკავშირებენ, რითაც 2010 წელი ხასიათდებოდა. ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საგარეო ეკონომიკურმა დახმარებამ, რომელიც საქართველომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიიღო.

2010 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობა იმედოვნებდა, რომ ქვეყნის ეკონომიკა მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის გავლენას გაუმკლავდებოდა და 2-დან 3 პროცენტამდე გაიზრდებოდა. ბევრს ეჭვი ეპარებოდა ამ პროგნოზის რეალურობაში, მაგრამ გასულმა წელმა საპირისპირო აჩვენა. ეკონომიკური ზრდის მთავარ სტიმულად, ძირითადად, ძველი ლიბერალური კურსის შენარჩუნება სახელდება. თუმცა კი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკური თავისუფლების აქტის ინიციატივით დაპირებული უფრო მეტი ლიბერალიზაცია აღარ განხორციელებულა. ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, საწინააღმდეგო ნაბიჯებიც კი გადაიდგა. მათ შორის სახელდება ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენის გადაწყვეტილება. მთავრობა იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ამ ნაბიჯით ანგარიში გაუწია ევროკავშირის მოთხოვნებს. მთავრობის საპარლამენტო მდივნი გია ხუროშვილი ამბობს:

”როდესაც საუბარი გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყებაზე, დღის წესრიგში დგება იმ ტიპის რეგულაციების შემოტანა, რომელიც ეფექტურად შეძლებს მონოპოლიების წინააღმდეგ ბრძოლას და იქნება საკანონმდებლო გარანტია იმისა, რომ არასოდეს არ იქნება ჩვენს ბაზარზე მონოპოლიები და ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები”.

ეს არ არის ერთადერთი, რაც საქართველომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მისაღწევად გააკეთა, თუმცა შეთანხმების გაფორმებამდე ჯერ კიდევ შორს არის. არადა, ამ მიზნისკენ სწრაფვით იყო განპირობებული წლის მანძილზე გამართული არაერთი დისკუსია მცირე ბიზნესის ხელშეწყობისა თუ ახალი შრომითი კოდექსის შემუშავების შესახებ.

ამ დისკუსიებს საზრდო ევროკავშირის წარმომადგენელთა პოზიციამაც მისცა - კერძოდ, ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარმა შტეფან ფიულემ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური კურსი საჯაროდ დაიწუნა:

”ვფიქრობ, ჩვენ შევძელით აგვეხსნა მათთვის [საქართველოს ხელისუფლებისთვის], რომ განსაკუთრებით პირველი ორი მიმართულება [ასოცირებული შეთანხმება და თავისუფალი ვაჭრობის ზონა], რომელიც ჩვენი მომავალი პარტნიორობის ღერძს წარმოადგენს, მათი მხრიდან სრულ ჩართულობას მოითხოვს და ეს, შესაძლოა, მთლად ვერ მოვიდეს შესაბამისობაში იმ ზოგიერთ იდეასთან, რომელიც ულტრალიბერალური ეკონომიკური გარემოს შექმნას უკავშირდება საქართველოში”.

საქართველოს მთავრობა მთელი წლის მანძილზე იმედს არ კარგავდა, რომ ესტონეთის მსგავსად ლიბერალურ ეკონომიკასაც შეინარჩუნებდა და ევროკავშირთან დაახლოებასაც შეძლებდა.

მიუხედავად ამ იმედისა, მაინც გადაწყდა მცირე ბიზნესის ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრა და მეწარმეთა საგადასახადო დიფერენციაცია მიკრო, საშუალო და დიდ ბიზნესად. ამ ყველაფერმა კი ასახვა პოვა ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტში.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, მართალია, საყოველთაო გადასახადების მოცულობა არ გაიზარდა, მაგრამ რამდენიმე საგადასახადო შეღავათიც გაუქმდა და ზოგიერთი ბიზნესისთვის ახალი გადასახადების დაწესებაც გადაწყდა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზად გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯების დაფინანსების აუცილებლობა დაასახელა.

”ხარჯების ამ დონეზე შესანარჩუნებლად სხვა გზა იმის გარდა, რომ საგადასახადო ტვირთი გადაგვენაწილებინა, არ გვქონდა. პირველი ჩვენი ამოცანა იყო არ მოგვეგონებინა ახალი გადასახადი და არ გაგვეზარდა საყოველთაო განაკვეთები, ვინაიდან არსებობს ჩვენს კოდექსში ძალიან ბევრი შეღავათი. დღგ-ში რაც ჩვენთან შეღავათებია, ამდენი არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ აქვს და სწორედ ამიტომ ჩვენ, პირველ რიგში, დავიწყეთ ფიქრი ისეთი გადასახადის განაკვეთის გაზრდაზე, რაც პირდაპირ შეიძლება გამოისახოს პროდუქციის ფასში. ასეთი გახლავთ აქციზი და შემდეგ სხვადასხვა გადასახადის დაბეგვრისგან განთავისუფლებული ბაზები”.

შეღავათების გაუქმებამ და 18-პროცენტიანი დღგ-ის გადახდის პერსპექტივამ ყველაზე მეტად განათლების ბიზნესი გააღიზიანა. პროტესტი გამოთქვეს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმაც და არასამთავრობო სექტორმაც. შედეგად, მათ შეღავათები შეინარჩუნეს.

პროტესტი არ გამოუთქვამთ კავშირგაბმულობისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოებისა თუ იმპორტის ბიზნესის წარმომადგენლებს. მობილურ კავშირგაბმულობას 10-პროცენტიანი აქციზური გადასახადი ჯერ კიდევ 2010 წლის შემოდგომიდან დაუწესდა, ხოლო სპირტიან სასმელებს ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ უკვე არსებული აქციზური გადასახადი გაუორმაგდებათ.

ლიბერალური ეკონომიკის მომხრეები აქტიურად არ შეწინააღმეგებიან ამ ცვლილებებს, თუმცა კი არ დაუმალავთ უკმაყოფილება და მთავრობას შეახსენეს კიდეც, რომ, საბიუჯეტო ხარჯების ზრდის ნაცვლად, ეკონომიკის სტიმულირება გადასახადებისა და საბიუჯეტო ხარჯების შემცირებითაც შეიძლება. ”თავისუფალი უნივერსიტეტის” წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე კახა ბენდუქიძე ამბობს:

”იმედია, მომავალ წელს კიდევ უფრო მცირე იქნება ბიუჯეტი, ვიდრე წელს არის. სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს, იმიტომ რომ მაშინ მოხდება საბერძნეთიზაცია. ზოგადად მე მიმაჩნია, რომ შეიძლება მოიძებნოს პატარა ეკონომიის ადგილი. გარდა ამისა, ბიუჯეტში არის მრავალი წვრილმანი ხარჯი, სადაც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიის მიღწევა”.

გასულ წლებში საქართველოს ეკონომიკის გამოცოცხლების პოლიტიკის ერთ-ერთი ავტორის, კახა ბენდუქიძის, რეკომენდაციის მიუხედავად, მთავრობამ 2011 წლის ბიუჯეტი ისე დაგეგმა, რომ 2010 წლის ხარჯებს უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გადააჭარბა.

სწორედ გაზრდილი სახელმწიფო ხარჯები სახელდება 10 პროცენტზე მაღალი ინფლაციის მიზეზად. მაგრამ საქართველოს მთავრობა ინფლაციას ხორბლის, შაქრის, წიწიბურისა და სხვა სასურსათო პროდუქციის გაძვირებას აბრალებს. ექსპერტები აცხადებენ, რომ საქართველოში აღნიშნული ინფლაცია მხოლოდ მსოფლიოს ბაზრებზე პროდუქციის გაძვირებით იყოს განპირობებული, მაშინ მეზობელ ქვეყნებში - მაგალითად, სომხეთშიც - ანალოგიური ინფლაცია უნდა იყოს, მაგრამ იქ ინფლაცია მხოლოდ 7 პროცენტს აღწევს.

მიუხედავად სხვადასხვა ეკონომიკური სირთულისა, საქართველომ 2010 წელსაც გააუმჯობესა ეკონომიკური ინდექსები და წინ წაიწია როგორც მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების რეიტინგში, ასევე ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში. ბოლო 5 წლის მანძილზე ეკონომიკური ცვლილებების ინტენსიურად განხორციელებისთვის მსოფლიო ბანკმა საქართველო 2010 წელს მთელ მსოფლიოში პირველ რეფორმატორ ქვეყნად გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG