Accessibility links

logo-print
ახალი წლის ღამეს თბილისში ტრაგიკული შემთხვევის გარეშე არ ჩაუვლია. დღესასწაულის აღსანიშნავად გასროლილ ბრმა ტყვიას 11 წლის მოზარდის სიცოცხლე შეეწირა. არაერთ ოჯახს საახალწლო ფეიერვერკი ოთახში აუფეთქდა. გასულ წელთან შედარებით, დაზარალებული ნაკლებია, თუმცა საახალწლო მაშხალებს ისევ არ ახლავს ქართულენოვანი ინსტრუქცია.

რა მოსაწყენი იქნებოდა ახალი წელი საახალწლო ფეიერვერკის გარეშე, არა? წინასაახალწლო დღეებში უამრავი ასაფეთქებელი მაშხალა გაიყიდა. ზოგი მშვიდობიანად აფეთქდა, ზოგსაც გაუთვალისწინებელი და არასასიამოვნო შედეგები მოჰყვა:

”არანაირი ინსტრუქცია არ ეწერა ქართულად ამ ასაფეთქებელს და როდესაც გავისროლეთ, გარეთ კი არ გავარდა, სახლში აფეთქდა. დადგა კვამლი, არაფერი ჩანდა, საშინელი სუნი, მომწამლავი გაზის მსგავსი...ყველაფერი გაიმურა. ჩვენს მეგობარს, ვინც ისროდა, კარგა ხანს არ ესმოდა ყურში; მხარი დაეწვა. ძლიერი დამწვრობა არ იყო, - ამიტომ ექიმისთვის არ მიგვიმართავს, -მაგრამ საკმაოდ უსიამოვნო სიტუაცია იყო”, მოგვითხრობს თეო ბიჭიკაშვილი.

რაღაც გრანდიოზული შემოვარდა, ჩატეხა მინა და ცეცხლი ფარდებს წაეკიდა. არ ვიცით, როგორ მოხდა. ფანჯრებიც დაკეტილი იყო... ძალიან შეგვეშინდა ...
რადგან სერიოზულად არავინ დაზიანებულა, ეს ამბავიც ახალი წლის ღამის კურიოზად იქცა, თუმცა კითხვები საახალწლო ფეიერვერკების ვარგისიანობის, მისი მოხმარების წესების შესახებ ისევ გაჩნდა. რატომ არ აწერია მათ ქართულად მოხმარების ინსტრუქცია, ვინ უნდა აკონტროლებდეს მათ ხარისხს?

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი, რეზო ავალიანი, გვეუბნება, რომ, კანონის არსებობის მიუხედავად, საახალწლო მაშხალებს ქართული წარწერა არ ახლავს. შესაბამისად, ყველა თავისთვის წყვეტს, როგორ უნდა გაისროლოს ისინი. შედეგი ხანდახან სავალალოა ხოლმე.

”კანონით დაწესებულია, რომ ყველა ასეთ ასაფეთქებელ საშუალებას უნდა მოჰყვებოდეს ინსტრუქცია ქართულად, რასაც ვერც ერთ ასაფეთქებელზე ვერ ნახავთ. ყველას გამოყენების თავისი წესი აქვს, ამიტომ მათი ბრმად გასროლა არ შეიძლება. ამას გარდა, არავინ იცის, არის თუ არა დაცული მათი შენახვის წესი. შესაძლოა, დანესტიანებული იყო და ამის გამო გვიან აფეთქდეს. არ ვიცით, რომელი ასაფეთქებელი როდის არის შემოტანილი, ვადაგასულია თუ ახალი... ამ მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს.”

კიდევ ერთ ოჯახში ასეთი ფეიერვერკი პირდაპირ ფანჯარაში შევარდა:

”რაღაც გრანდიოზული შემოვარდა, ჩატეხა მინა და ცეცხლი ფარდებს წაეკიდა. არ ვიცით, როგორ მოხდა. ფანჯრებიც დაკეტილი იყო... ძალიან შეგვეშინდა. კიდევ კარგი, მეზობლებს დავუძახეთ და ცეცხლი ჩაგვაქრობინეს და დამტვრეული მინების გატანაშიც მოგვეხმარნენ.”

როგორც დამწვრობის ცენტრსა და იაშვილის კლინიკაში გვითხრეს, წელს ტრაგიკულად მხოლოდ ერთი შემთხვევა დამთავრდა. 31 დეკემბერს გასროლის შედეგად, ბრმა ტყვიით მუხიანის დასახლებაში 11 წლის გიორგი ჭყოიძე დაიღუპა. გიორგი ლომთათიძემ დანაშაული უკვე აღიარა.

როგორც იაშვილის კლინიკის მენეჯერი თამარ ჩეჩელაშვილმა გვითხრა, მაშხალების აფეთქებისგან დაზარელებული არავინ მიუღიათ:

”წელს არავინ მოუყვანიათ. შარშან უფრო იყო ასეთი შემთხვევები, წელს კი, შესაძლოა იმის გამო, რომ არაერთი სატელევიზიო სიუჟეტი მომზადდა და მოსახლეობას ვაფრთხილებდით, მსგავსი შემთხვევა არ გვქონია.”
XS
SM
MD
LG