Accessibility links

logo-print
დღევანდელ პრესაშიც წაიკითხავთ იმ თემებზე, რაზეც გასული წლის ბოლოს კითხულობდით - იქნება ეს ბურჯანაძე-გაჩეჩილაძის ამბავი თუ პარიზში ოქრუაშვილ-ახალაიას შორის მომხდარი ჩხუბის დეტალები: ”ბურჯანაძისგან ლაჩრულად დისტანცირება სამარცხვინო საქციელია”; ”პარიზული სკანდალის ექსკლუზიური დეტალები”; ”ვინ ვის სცემა ბოლო-ბოლო?!” - ამ სათაურებს პირველ გვერდებზე ნახავთ.

”კვირის პალიტრის” პირველ გვერდზე ყურადღებას იქცევს სათაური, რომლის შემადგენელი სიტყვების პირველი ასოები ქმნის სიტყვას ”SOS” – “საფერავი, ოღონდ სომხურად?!”. გაზეთი მკითხველს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის ნაამბობს სთავაზობს: ”საფრანგეთში მასობრივად იყიდება სომხურ ანსამბლ ”სუხიშვილების” კომპაქტდისკები, ხოლო ხაჭაპურს ”ხაჩატურიანი”, აჩმას - ”აჩმეადინი”, ჩურჩხელას ”არმიანსკოე ჩუდო”, ”შოთის პურს - ”აშოტას პური”, გოზინაყს კი - ”აინუში” ჰქვია”, - ჰყვება რესპონდენტი და იქვე დასძენს: ”მე თუ მკითხავთ, ეს სომხების ბრალი სულაც არ არის. გასდით და რატომაც არა! იმისათვის, რომ უცხოეთის ბაზრებზე ქართული დასახელებები და სავაჭრო ნიშნები დავიცვათ, ამ ქვეყნების კანონების ცოდნა და, სულ ცოტა, პატრიოტიზმის გრძნობაა საჭირო”, - ამბობს ქართველი ემიგრანტი, რომლის მონათხრობსაც ”კვირის პალიტრა” სთავაზობს მკითხველს.

ამავე გაზეთში სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის შიდაპოლიტიკურ ვითარებას მიმოიხილავს და ასეთ პროგნოზს აკეთებს: ”დაიწყება ოპოზიციური სპექტრის კრისტალიზაცია: ზოგიერთი პოლიტიკოსი, პარტია ჩამოიწერება, მოსალოდნელია ოპოზიციური პარტიების გამსხვილებაც და ა.შ. საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ შიდაოპოზიციური დაპირისპირება ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ოპოზიციური კულტურის ამაღლებას”, - ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

რაც შეეხება შიდაოპოზიციურ დაპირისპირებას, ის დღეს გამოქვეყნებული არაერთი ინტერვიუს თემაა. ”ახალი თაობის” კორესპონდენტს უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი ესაუბრა: ”მე მათ პლუსებსაც ვხედავ და მინუსებსაც, მათ შორის - ბურჯანაძისაც. ვხედავ იმასაც, რაც მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაუშავებიათ. მაგრამ დღეს ასე ერთიანად დარაზმვა და ასე ლაჩრულად მისგან დისტანცირება ძალიან სამარცხვინო საქციელია და ხელისუფლების თამაშში ნებსით თუ უნებლიედ ჩართვა”, - ამბობს გელა ნიკოლაიშვილი.
”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში ლევან გაჩეჩილაძე ამბობს: ”როდესაც მტკიცებულების გარეშე, უარგუმენტოდ ლაფს გასხამენ, ეს აღარც პოლიტიკაა და აღარც პოლიტიკური თამაში”. ამავე ინტერვიუში ის ტელეკომპანია ”მაესტროს” დამფუძნებელ მამუკა ღლონტზე ამბობს: ”მას ვენდობი და არ დავუშვებ, რომ ბექაურის მხარეს დგას. ბექაური ეროსი კიწმარიშვილის ჩარევებზე ლაპარაკობს. რით დაადასტურებს ამას?”.

მამუკა ღლონტთან ვრცელი ინტერვიუ ქვეყნდება ”კვირის ქრონიკაში”. ის ეროსი კიწმარიშვილზე ამბობს: ”14 დღეში ”მაესტრო” უნდა გამოიყვანოს კრიზისიდან... მე დავინახე, ”მაესტრო” დგას ფინანსური კოლაფსის წინაშე და თქვენი გაზეთის ფურცლებიდან მივმართავ ბატონ ეროსი კიწმარიშვილს და ვეუბნები, რომ მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება მას”, - ამბობს მამუკა ღლონტი და ”კვირის ქრონიკის” ჟურნალისტის შეკითხვაზე - ”თუ კიწმარიშვილი თქვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, რას აპირებთ?” - პასუხობს: ” ”მაესტრო” გაწყვეტს მმართველ კომპანიასთან ხელშეკრულებას და თუ ის არ გადაიხდის არსებულ დავალიანებას, საქმე გადაეცემა სასამართლოს.”

”ახალი თაობა” წერს, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობა შესაძლოა 200-მდე გაიზარდოს: ”კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ დეპუტატთა რაოდენობის გაზრდა, მმართველი ფრაქციის ზოგიერთი წევრის გარდა, ოპოზიციის ნაწილსაც ხიბლავს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრთა რაოდენობა გაიზრდება, ეს მომავალ პარლამენტს შეეხება.”
XS
SM
MD
LG