Accessibility links

ომის ვეტერანთა აქცია დაარბიეს


ომის ვეტერანთა შიმშილობის აქციის დარბევა

ომის ვეტერანთა შიმშილობის აქციის დარბევა

27 დეკემბერს გმირთა მემორიალთან დაწყებული ომის ვეტერანთა შიმშილობის აქცია მერვე დღეს დარბევითა და ომის ვეტერანების დაკავებით დასრულდა. 20 მოშიმშილე საპროტესტო აქციის შეწყვეტას 6 იანვარს ისედაც გეგმავდა, თუმცა, რატომ მიიღო ხელისუფლებამ მათი ძალის გამოყენებით დაშლის გადაწყვეტილება, ეს კითხვა, კითხვად დარჩა. მოშიმშილეთა აქციის ძირითადი მოთხოვნა სოციალური საკითხებით შემოიფარგლებოდა. ისინი ხელისუფლებისაგან დასაქმებასა და ცოტა მეტ ყურადღებას ითხოვდნენ. ამჟამად ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. მათი სასამართლო პროცესი კი 4 იანვარს, 10 საათზე გაიმართება. როგორც ”ინტერპრესნიუსი” დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძეზე დაყრდნობით იუწყება, დაკავებულებს ადმინისტრაციული წესით გაასამართლებენ. 4 იანვარსვე გაიმართება დაკავებული ომის ვეტერანების მხარდამჭერი აქცია.

გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიიდან საპატრულო პოლიციამ და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა სამართალდამცავებმა მოშიმშილე ომის ვეტერანების დაშლა შიმშილობის მერვე დღეს, დაახლოებით დღის ხუთის ნახევრიდან დაიწყო. ომის ვეტერანები ძალის გამოყენებით საპატრულო პოლიციის მანქანებში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

ჩვენს შეკითხვაზე თუ რატომ დაშალა პოლიციამ მოშიმშილეთა მშვიდობიანი აქცია და რატომ დააკავეს ისინი, სამართალდამცავები შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურთან გვგზავნიან.

გაურკვეველი მიზეზით დააკავეს თანამებრძოლთა გასამხნევებლად მისული ომის კიდევ ერთი ვეტერანი. მას ხელები მაშინ გადაუგრიხეს, როდესაც ის ჟურნალისტებს ესაუბრებოდა.

დააკავეს რადიო “ნაცნობის” გადაცემის წამყვანი გიორგი კორკოტაშვილი. მას პოლიცია ვარაზის ხევის თავში, ჭავჭავაძის გამზირთან წამოეწია. საპატრულო პოლიციის განმარტებით, “მას პოლიცია მხოლოდ სახლამდე მიაცილებდა”. პოლიციამ დააკავა “ქართული პარტიის” ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი წარმომადგენელიც.

რადიო “თავისუფლება” ომის მოშიმშილე ვეტერანებს აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები სოციალურ ხასიათს ატარებდა და ისინი დასაქმებასა და ხელისულების მხრიდან ელემენტარულ ყურადღებას ითხოვდნენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილის კაპიტან მალხაზ თოფურიას განმარტებით, ომის ვეტერანები შიმშილობას 6 იანვრის ჩათვლით გააგრძელებდნენ, შემდეგ კი უფრო ფართომასშტაბიან და გრძელვადიან აქციებზე გადასვლას გეგმავდნენ.

“ეს არის გამაფრთხილებელი აქცია. 6 იანვრიდან კი რეალურ ბრძოლას ვიწყებთ იმ უზნეობის წინააღმდეგ, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ტრიალებს. საქართველო მარტო გეოგრაფიული ტერმინი არ არის, საქართველო არის მისი მოსახლეობა. სამწუხაროდ, დღესდღეობით ბევრად ნაკლებ ადამიანს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ახალი წელი ისე აღნიშნოს, როგორც მას მაგალითად წინა წლებში აღნიშნავდა. არ შეიძლება ასე გაგრძელება. არ შეიძლება მშიერი ბავშვების ხარჯზე, რამდენიმე ღორმუცელა ადამიანის ნეტარებაზე იფიქროს ქვეყანამ”, - ამბობდა მალხაზ თოფურია აქციის დარბევიდან რამდენიმე საათით ადრე რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში.

ის შეღავათები, რომლებითაც დღეს ომის ვეტერანები სარგებლობენ ძალიან მცირეა: 22-ლარიანი საშეღავათო ვაუჩერი კომუნალური გადასახადებისათვის და სამგზავრო ბარათი მხოლოდ თბილისელი ვეტერანებისათვის. თუმცა, როგორც ირკვევა, გარკვეული ცვლილება ამ შეღავათებშიც შევიდა.

ცვლილელების არსსა და შინაარსზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის განკარგულების შემდეგ განხორციელდა რადიო ”თავისუფლებას” ჯანდაცვის სამინისტროს საქვეუწყებო ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი, ნუკრი ცაგარეიშვილი, ესაუბრა. ის ადამიანები, რომლებსაც ვეტერანის სტატუსი 2010 წლის 5 ნოემბრამდე მიენიჭა, 22-ლარიანი საშეღავათო ვაუჩერით კვლავაც ისარგებლებენ. 5 ნოემბრის შემდეგ კი დარეგისტრირებულ ომის ვეტერანებზე ეს შეღავათი აღარ ვრცელდება. მისივე თქმით, ვეტერანთა პრობლემის მოგვარების პრეროგატივა ომის ვეტერანთა დეპარტამენტს არ ეკუთვნის:

”დეპარტამენტს ვერ ძალუძს იმ პრობლემების გამოსწორება, რომლების წინაშეც ომის ვეტერანები დგანან. ეს უშუალოდ ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა. ჩვენ ვინ გვეკითხება. ნეტავ კი შეგვეძლოს რამე. ჩვენ ძირითადად ვაწარმოებთ აღრიცხვიანობას, ვაყენებთ ვეტერანთა შუამდგომლობებს ჯანდაცვის სამინისტროსთან”.

თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროში გადამისამართებულ რადიო ”თავისუფლებას” კვლავ ომის ვეტერანთა დეპარტამენტში გზავნიან და ამბობენ, რომ ვეტერანთა პრობლემების შესახებ სრულ ინფორმაციას ომის ვეტერანთა დეპარტამენტში ფლობენ და შესაბამისად ამ პრობლემებზეც ისინი მუშაობენ.

ომის ვეტერანთა აქციის დაშლიდან ზუსტად ერთ საათში, ვარაზის ხევში საქართველოს პრეზიდენტის ესკორტმა ჩამოიარა. ისინი მუქი მანქანების ჩაწეული მინებიდან ყურადღებით ათვალიერებდნენ გმირთა მემორიალის გასუფთავებულ ტერიტორიას.

ომის ვეტერანები აქციის დარბევიდან რამდენიმე საათით ადრე იმაზეც წუხდნენ, რომ რვადღიანი შიმშილობის შემდეგ, მათ ხელისუფლებიდან არავინ გამოხმაურებია. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მათ ხელისუფლება უკვე ”გამოეხმაურა”, გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავებულია, საპატიო ყარაული მშვიდად დარაჯობს მემორიალს, მარადიული ცეცხლი ისევ ანთია.
XS
SM
MD
LG