Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში სამთავრობო კრიზისია


პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იუსუფ რაზა
პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იუსუფ რაზა
პაკისტანში სახელისუფლებო კრიზისი დაიწყო მას შემდეგ, რაც პაკისტანის პრემიერ-მინისტრ იუსუფ რაზა გილანის მთავრობამ საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა. ქვეყნის ერთ-ერთმა წამყვანმა პარტიამ, მუტაჰიდა ყაუმის მოძრაობამ, განაცხადა, რომ მთავრობის არასწორი პოლიტიკის გამო ოპოზიციაში გადადის. უმრავლესობის გარეშე დარჩენილი პაკისტანის პრემიერ-მინისტრი კი პოლიტიკური კრიზისის გადაჭრას ახალი კოალიციის შექმნით ცდილობს.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იუსუფ რაზა გილანი ურთულესი ამოცანის წინაშე დგას. იგი მოლაპარაკებას აწარმოებს ოპოზიციის ლიდერებთან პარლამენტში უმრავლესობის აღსადგენად მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა წამყვანმა პარტიამ მმართველი კოალიცია დატოვა. მუტაჰიდა ყაუმის მოძრაობამ კვირას გამოაცხადა, რომ ოპოზიციაში მიდის ნავთობპროდუქტების ბოლოდროინდელი მკვეთრი გაძვირების გამო. პარტიის პოზიცია ჟურნალისტებთან საუბარში გაახმაურა მოძრაობის წევრმა, პაკისტანის ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ფაისალ საბზვარიმ, რომელმაც მინისტრის პოსტი დატოვა:

„ ჩვენ მინისტრთა კაბინეტი 27 დეკემბერს დავტოვეთ, დღეს კი გადავწყვიტეთ დავმსხდარიყავით არა სამთავრობო სავარძლებში, არამედ დავმსხდარიყავით ოპოზიციასთან ერთად როგორც ეროვნულ ასამბლეაში, ისე სენატში. ამასთან, ოპოზიციაში ყოფნის შემთხვევაშიც, ჩვენ გავაგრძელებთ მთავრობის კარგი ნაბიჯების მხარდაჭერას.“

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იუსუფ რაზა გილანი დღეს ხვდებოდა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, რათა 342კაციან ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობა დაიბრუნოს. ახალი კოალიციისათვის კი მმართველ სახალხო პარტიას ოპოზიციის 25 მხარდამჭერის გადაბირება სჭირდება. სწორედ ამდენი პარლამენტარი ჰყავს საკანონმდებლო ორგანოში მუტაჰიდა ყაუმის მოძრაობას, რომელიც პროტესტის ნიშნად ოპოზიციაში გადავიდა. პაკისტანის მმართველი სახალხო პარტიის ლიდერმა რაზა გილანიმ დღეს დამაჯერებლად განაცხადა, რომ გამოსავალი მოიძებნება და მთავრობა დაშლას გადაურჩება.

გილანის იმედი აქვს, რომ მოკავშირედ ახალ კოალიციაში გახდება პაკისტანის მუსლიმთა ლიგა-ნავაზი, რომელსაც ქევყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი უდგას სათავეში. რაზა გილანი 3 იანვარს შეხვდა ნავაზ შარიფის უმცროს ძმას, თუმცა, როგორც პაკისტანის მედია იტყობინება, პაკისტანის მუსლიმთა ლიგა სიტუაციის განვითარებას აკვირდება და გადაწყვეტილების გახმაურებას არ ჩქარობს.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონია პაკისტანის ბრძოლა თალიბანთან და მძიმე ვითარება, რომელიც გასული წლის კატასტროფული წყალდიდობის შედეგად შეიქმნა.

ქვეყნის დაახლოებით 20 მილიონი მოქალაქე დაზარალდა გასულ წელს მომხდარი წყალდიდობის დროს. დასავლეთი ასევე მწვავედ აკრიტიკებს პაკისტანის მთავრობას მის მიერ თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იუსუფ რაზა გილანი და პრეზიდენტი ალი ზარდარი 4 იანვარს ისლამაბადში ავღანეთის მშვიდობის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდებიან. მოსალოდნელია, რომ შეხვედრაზე გაიმართება მსჯელობა საბჭოს ძალისხმევაზე თალიბანის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების დასაწყებად.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG