Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოქალაქეების დასაქმება პოლონეთში


პოლონეთის დროშა
პოლონეთის დროშა
1 იანვრიდან გარკვეულწილად გამარტივდა პოლონეთში დასაქმების პერსპექტივები საქართველოს, უკრაინის, მოლდავეთის, ბელორუსიისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის. თუმცა ამისათვის საჭიროა, რომ სამუშაოს მაძიებელი ესა თუ ის მოქალაქე ლეგალურად იმყოფებოდეს პოლონეთის ტერიტორიაზე. ნიშნავს თუ არა ეს სამუშაო ადგილების მოძიების გაადვილებას და რას შეცვლის ვარშავის გადაწყვეტილება, მიგრაციის პრობლემების გათვალისწინებით?

პოლონეთმა გადაწყვიტა, რომ ლეგალურ მიგრანტებს კანონიერად მუშაობის უფლება მისცეს მაშინ, როცა ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებში ლეგალურად მყოფი მიგრანტები ვერ სარგებლობენ მუშაობის უფლებით. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველას, ვისაც სურვილი გაუჩნდება, პოლონეთში მუშაობას შეძლებს. პოლონეთის შრომის მინისტრის მიერ ხელმოწერილი განკარგულების მოთხოვნებს განგვიმარტავს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი გიორგი მეხრიშვილი:

ეს არის ძალიან კარგი პოლონეთისთვის, რადგანაც გააკონტროლებენ და შემოსავალი შევა ხაზინაში. ეს არის მთავარი მიზანი ამ კანონის...
”...აპრიორი მოითხოვენ, რომ შენ ჯერ უნდა გქონდეს ლეგალურად ცხოვრების უფლება გარკვეული ვიზის საფუძველზე და მხოლოდ ამის შემდეგ გეძლევა დასაქმების უფლება. რა პერიოდითაც გაქვს ვიზა და ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის უფლება, იმ პერიოდით შეგიძლია დასაქმდე...”

ექსპერტებისთვის ცხადია, რომ როდესაც საქართველოს, რუსეთის, უკრაინის, მოლდავეთისა და ბელორუსიის მოქალაქეებს ოფიციალურად მუშაობის უფლებას აძლევს, იაფი მუშახელის მიზიდვის გარდა, პოლონეთს საბიუჯეტო გადასახადების აღრიცხვიანობის მოწესრიგების სურვილიც ამოძრავებს. საუბარია ფულზე, რომელსაც მუშაობის უუფლებო და ფარულად დასაქმებული ლეგალური მიგრანტები მანამდე ვერ უხდიდნენ მასპინძელ სახელმწიფოს.

დამოუკიდებელი ექსპერტი მიგრაციის საკითხებში, ნანა ნაზაროვა, ფიქრობს, რომ ეს პროცესი რეალურ შედეგს ისევ მხოლოდ პოლონეთის სახელმწიფოს მოუტანს:

რა თქმა უნდა, არის საფრთხე, რომ მოხდეს პროფესიონალი მუშახელის გადინება, რაც საქართველოსაც სჭირდება, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ეს პროცესები იქნება დარეგულირებული და მართვადი...
”ეს არის ძალიან კარგი პოლონეთისთვის, რადგანაც გააკონტროლებენ და შემოსავალი შევა ხაზინაში. ეს არის მთავარი მიზანი ამ კანონის. საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს არაფერს არ შეცვლის, რადგანაც ისინი პოლონეთში, ძირითადად, არალეგალურად იმყოფებიან...”

ნანა ნაზაროვას პროგნოზს, რომ ვარშავის გადაწყვეტილება არაფერს შეცვლის საქართველოს მოქალაქეებისთვის, არ ეთანხმება ეკონომიკის საკითხების ექსპერტი დავით ნარმანია. ის ფიქრობს, რომ დასაქმებასთან დაკავშირებული გამარტივებული წესების საფუძველზე გაიზრდება ლეგალური მიგრანტების რიცხვი და, შესაბამისად, საქართველოსკენაც მეტი ფული წამოვა:

”ეს მიგრანტთა პოლონეთიდან ტრანსფერების გაზრდასაც შეუწყობს ხელს, რადგან არალეგალურად მომუშავეები, ჯერ ერთი, იმდენს ვერ გამოიმუშავებენ და, მერე, ერიდებიან ფულის გამოგზავნას, რათა არ გამოვლინდეს მათი არალეგალურობა”.

დავით ნარმანია არ ფიქრობს, რომ პოლონეთში მიგრანტთა დასაქმების გამარტივება ახლო პერსპექტივაში ზიანს მოუტანს განვითარების პროცესში მყოფ საქართველოს. მუშახელის გადინებას ამ ეტაპზე პრობლემად ვერც გიორგი მეხრიშვილი მიიჩნევს:

”რა თქმა უნდა, არის საფრთხე, რომ მოხდეს პროფესიონალი მუშახელის გადინება, რაც საქართველოსაც სჭირდება, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ეს პროცესები იქნება დარეგულირებული და მართვადი. ამ მხრივ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება და ის ხალხი, ვინც პოლონეთში ან ევროპის სხვა ქვეყნებში იმუშავებს, შეიძენს ისეთ გამოცდილებას, რომელიც მომავალში, საქართველოში უკან დაბრუნებისას გამოადგება. საქართველოში კი ამჟამად იმდენი სამუშაო ადგილი არ არის, რომ ამ ეტაპზე მუშახელის ნაკლებობას განვიცდიდეთ...”

თუმცა იმისათვის, რომ პოლონეთში იმუშაოს, საქართველოს მოქალაქეს, როგორც უკვე ვთქვით, ამ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის უფლება, ანუ ვიზა, ესაჭიროება. პოლონეთის საელჩო კი, შესაძლოა, ზოგიერთების დაკვირვებით, ვიზებს შედარებით მარტივად გასცემს, ვიდრე, ვთქვათ, რომელიმე სხვა ევროპული ქვეყნის საელჩო, მაგრამ ყველა შემთხვევაში აუცილებელია ვიზის გასაცემად საკმარისი საფუძვლის არსებობა. და ამგვარი საფუძველი კონტროლს დაექვემდებარება მას შემდეგაც, როცა - სავარაუდოდ, გაზაფხულზე - ამოქმედდება ვიზების გაცემის გამარტივებული მექანიზმები საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG