Accessibility links

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სპეციალურმა საბჭოებმა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ 31 პატიმრის საქმეზე ზეპირი მოსმენა გამართეს. რამდენი პატიმარი დატოვებს ვადაზე ადრე ციხეს და, საერთოდ, რამდენად ეფექტურად მუშაობენ საბჭოები და ის კომისია, რომელიც პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს წყვეტს?

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამმა სპეციალურმა საბჭომ დღეს 31 პატიმრის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ ზეპირი მოსმენა გამართა და 27 მსჯავრდებულის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თეა სუხიშვილის, განცხადებით, დარჩენილი 4 პატიმრის საქმეზე, სავარაუდოდ, ხვალ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია იმსჯელებს:

”პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭოები დღეს შეიკრიბნენ ზეპირ მოსმენაზე და განიხილეს 31 მსჯავრდებულის საქმე, გადაწყვეტილება მიიღეს და დააკმაყოფილეს 27 მსჯავრდებული. ვადაზე ადრე გათავისუფლებულთა შორის 3 არასრულწლოვანი და ერთი ქალია. არასრულწლოვანთა შორის ერთი გოგონაა”.

ერთხელ თუ მოხვდები ციხეში, იქიდან გამოღწევა, კანონი რომც განიჭებდეს ამის უფლებას, მაინც მიუღწეველი რამეა...
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 2 ოქტომბრიდან მოყოლებული, პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლების შესაძლებლობას ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ორგანო განიხილავს: ერთი - სამინისტროს შიგნით არსებული აღმოსავლეთ საქართველოს, დასავლეთ საქართველოსა და არასრულწლოვანთა საბჭო; მეორე - პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია, რომელიც საბჭოების მიერ გამოტანილ უარყოფით დასკვნებს ხელახლა განიხილავს. კომისიას შეუძლია ეს დასკვნა შეცვალოს ან დაეთანხმოს.

სასჯელაღსრულების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ საბჭოში სამინისტროს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შედიან, კომისიაში კი - სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე, პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საბჭო თვეში ერთხელ იკრიბება, კომისია კი - სამ თვეში ერთხელ. წევრები როტაციის წესით იცვლებიან.

ორივე ორგანოს ეფექტურობასა და გადაწყვეტილების მიღების ადეკვატურობაში ეჭვი ეპარება არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ადვოკატს მანანა კობახიძეს. ის ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში პატიმართა რაოდენობა 25 ათასს აჭარბებს, ვადაზე ადრე გათავისუფლება ან შეწყალება კი წელიწადში 200-მდე პატიმარს ეხება, რაც, მანანა კობახიძის შეფასებით, ძალიან მცირე რიცხვია და იმაზე მიუთითებს, რომ ციხის ადმინისტრაცია და, ზოგადად, პოლიტიკა პატიმრების მიმართა ქვეყანაში გადაჭარბებულად მკაცრია:

ძალიან ბევრი პირველად, ან მსუბუქი დანაშაულისთვის მსჯავრდებული ადამიანი, ასევე დაავადებული, ან მძიმე სენით დაავადებული პატიმარი ვადამდე ადრე გათავისუფლებისა და შეწყალების მიღმა რჩება...
”ეს არის ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, რაც გამოცხადებულია 2003 წლიდან და რასაც ცალსახად და საჯაროდ აფიქსირებენ. სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ ერთხელ თუ მოხვდები ციხეში, იქიდან გამოღწევა, კანონი რომც განიჭებდეს ამის უფლებას, მაინც მიუღწეველი რამეა. ამ შეთხვევაში უნდა იყო ძალიან თავდახრილი, შენი უფლებებისთვის არამებრძოლი, არამომჩივანი პატიმარი, რომელიც ციხის ადმინისტრაციას არ შეაწუხებ, არავის არ შეაწუხებ და ამ შემთხვევაში შენი საქმე შეიძლება განიხილონ - ისიც გამოშვებამდე ერთი-ორი თვე რომ გექნება დარჩენილი. აი, დაახლობით ასეთი სიტუაციაა”, - მიიჩნევს ადვოკატი მანანა კობახიძე.

ჩვენ ვცდილობდით დავკავშირებოდით პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის წევრებს, მათ შორის პარლამენტის წევრს, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ეკა ხერხეულიძეს, მაგრამ მან ტელეფონზე არ გვიპასუხა. ამავე კომისიის ოპოზიციონერი წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე კი ფიქრობს, რომ კომისია და საბჭო სრულიად არაეფექტურად მუშობენ; გაუგებარია კრიტერიუმები, რომლებითაც პატიმრებს ვადაზე ადრე გათავისუფლება ეხებათ. ხშირ შემთხვევაში კი პატიმრებს მაშინ ათავისუფლებენ, როცა მათ სასჯელის ერთი ან ორი თვე აქვთ დარჩენილი.

”ძალიან ბევრი პირველად, ან მსუბუქი დანაშაულისთვის მსჯავრდებული ადამიანი, ასევე დაავადებული, ან მძიმე სენით დაავადებული პატიმარი ვადამდე ადრე გათავისუფლებისა და შეწყალების მიღმა რჩება მაშინაც კი, როცა მათ კანონითაც და ვადითად ეკუთვნით აღნიშნულ პროცედურებზე გაყვანა. ამაზე ძალიან აბსურდულ პასუხებს ვიღებთ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭოდან და კომისიიდან. იქიდან მოდის ხოლმე დაუსაბუთებელი და ტრაფარეტული წერილები, პასუხით, რომ სასჯელს არ მიუღწევია თავისი მიზნისთვის. ეს არის აბსურდი და საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა”, - ფიქრობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე.

კანონი პატიმრობის შესახებ სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულის შემთხვევაში პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების ვადებს ადგენს. ყველაზე მძიმე შემთხვევაში პატიმარს სასჯელის ¾ მაინც უნდა ჰქონდეს მოხდილი. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში დღეს არ დაგვიკონკრეტეს იმ 27 პატიმართაგან, რომლებიც ვადაზე ადრე დატოვებენ საპატიმროს, ვის რა სასჯელი და რა ვადა ჰქონდა დარჩენილი. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით კი, 2010 წლის განმავლობაში ვადაზე ადრე სულ 171 პატიმარი გათავისუფლდა.
XS
SM
MD
LG