Accessibility links

საახალწლო ”რეჟიმმა” ქართული პრესის პერიოდულობაზე სერიოზული გავლენა იქონია. დღეს გამოსული გაზეთები ”ახალი თაობა” და ”საქართველოს რესპულიკაა”. ამ ორი გაზეთის პუბლიკაციებს გადავხედოთ:

”ახალი თაობის” პირველ გვერდზე ყველაზე ყურადღებამისაქცევ ადგილას და ყველაზე მსხვილი შრიფტით გამოყოფილია სათაური: ”მომავალი პრეზიდენტი პაატა ბურჭულაძე იქნება?!”. თუ დაინტერესდებით, ავტორის აზრით, რისი პრეზიდენტი შეიძლება იყოს მომავალში ცნობილი მომღერალი, ნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტობაზეა ლაპარაკი. ტექსტი ასე იწყება: ”პაატა ბურჭულაძე შესაძლოა პოლიტიკაში წავიდეს. კულუარული ინფორმაციით, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა პაატა ბურჭულაძემ იყაროს კენჭი”. ”ახალი თაობის” კორესპონდენტი მკითხველს განუმარტავს: ”ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტის დისტანცირება მოხდება ყოველდღიური პოლიტიკისგან და იგი ნეიტრალური არბიტრის როლში იქნება. ასე რომ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი მაინცდამაინც გამოცდილი პოლიტიკოსი უნდა იყოს, ცდება” - ასკვნის ჟურნალისტი, რომელიც ამავე სტატიაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების სხვადასხვა სავარაუდო შედეგის გაანალიზებასაც ცდილობს: ”იმ შემთხვევაში, თუ მომავალ პარლამენტში არც ერთ ძალას არ ექნება საპარლამენტო უმრავლესობა, ნებისმიერი მცირე პარტიის ხმებს გადამწყვეტი როლი ექნება. სწორედ ამ პატარა პარტიის ხმებზე წავა ”ნადირობა”, რომ მათი დახმარებით ან კოალიციაში შესვლით უმრავლესობა შეიქმნას” - წერს დღევანდელ ნომერში ”ახალი თაობის” ავტორი.

ამავე გაზეთში ქვეყნდება სტატია კომუნალური გადასახადების ზრდისა და ოპოზიციის აქტიურობის დეფიციტის შესახებ: ”საკრებულოში მყოფი ოპოზიციონერები ერთი-ორი საპროტესტო განცხადებით შემოიფარგლნენ. ყველაზე აქტიური თინა ხიდაშელი იყო. დანარჩენები უფრო მსუბუქი პროტესტით შემოიფარგლნენ. მათ შორის, ისინიც, ვინც წყალს საერთოდ უფასოდ გვპირდებოდნენ. გადასახადების გაზრდის გამო თავი არც სხვა ოპოზიციას მოუკლავს. არადა, გვპირდებოდნენ, ხელისუფლებას თქვენს თავს არ დავაჩაგვრინებთო”.

”საქართველოს რესპუბლიკა” პირველ გვერდზე აქვეყნებს ”ქართული აკადემიის” განცხადებას, რომელიც 3 იანვარს აქციის დარბევას ეხება. ამავე გაზეთში იბეჭდება სტატია ბათუმში გამართულ საახალწლო კონცერტზე. ავტორი დეტალურად მიმოიხილავს ამ კონცერტს და ბოლოს წერს: ”არადა, ყოველივე ამის მერე, თურმე, ჩვენი შურთ როგორც რეგიონში, ასევე ევროპაშიც. შურთ ჩვენი. ყველას შურს!!! მეც მშურს. ნორმალური ქვეყნების მშურს. იმ ქვეყნების, სადაც ცაში აფრენილ პრეზიდენტს, საინფორმაციო გამოშვებების ჟურნალისტების ”თხოვნით”, საფრენი ტრასიდან ძალიან მოცილებულ ადგილას მდგომი ბავშვები არ შესჭყივლებენ. იმ ქვეყნების, სადაც ახალი წლის ღამეს ხალხი ქუჩაში იმიტომ კი არ გამოდის, რომ სახლში საჭმელი არა აქვს, არამედ იმიტომ, რომ მართლა უხარია და ზეიმობს” - წერს ”საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი.
XS
SM
MD
LG