Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი გაეროს ატომური სააგენტოს წარმომადგენლებს იწვევს, ბირთვული ობიექტების დასათვალიერებლად


ირანმა დღეს დაადასტურა, რომ თავისი ბირთვული ობიექტების დასათვალიერებლად მიიწვია დიპლომატები, რომლებიც აკრედიტებული არიან ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში. ირანის საგარეო უწყების პრესმდივან რამინ მეჰმენპარასტის განცხადებით, მიწვეულებს შორის არიან იმ ექვსი სახელმწიფოს წარმომადგენლებიც, რომლებიც მონაწილეობენ მოლაპარაკებებში ირანის ბირთვული პროგრამის საკითხებზე. პრესმდივნის თქმით, უცხოელი დიპლომატების მიწვევა ირანის „კეთილ ნებას“ ცხადჰყოფს.„ახალი ნაბიჯი - სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების მოწვევა ჩვენი ბირთვული ობიექტების მოსანახულებლად, კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს ჩვენი ქვეყნის კეთილ ნებას, თანამშრომლობასა და მშვიდობიან საქმიანობაში“, განაცხადა ირანის საგარეო უწყების პრესმდივანმა. მისი თქმით, უცხოელი დიპლომატების ვიზიტი გაიმართება ირანის და ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკების მონაწილე დანარჩენი ექვსი ქვეყნის წარმომადგენლების შეხვედრამდე, რომელსაც მიმდინარე თვეში სტამბოლი უმასპინძლებს. ირანთან მოლაპარაკებას აწარმოებენ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე წევრის - შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთის, ჩინეთის - აგრეთვე გერმანიის წარმომადგენლები. დასავლეთში შიშობენ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ბირთვული იარაღის დამზადებას ემსახურება. მაგრამ თეირანი უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG