Accessibility links

logo-print
გასული წლის მთავარ პრობლემად გორის რაიონში სარწყავი წყლის უქონლობა დასახელდა. ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ქართულ სოფლებში შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდნენ, რადგან მათი შემოსავალი მოსავლის რეალიზაციაზეა დამოკიდებული, მოსავალი კი მოურწყაობის გამო გადახმა. კოკოითის ხელისუფლებამ 2008 წლის ომის შემდეგ სალთვისისა და ტირიფონის სარწყავი არხები გადაკეტა, ამ არხებით კი გორის რაიონის სოფლების დიდი ნაწილი ირწყვებოდა. პრობლემა ვერც ლიახვზე აგებულმა ნიქოზის ალტერნატიულმა წყალსაცავმა მოაგვარა, რადგან კაშხლის ზევით დარჩენილი სოფლებისთვის წყლის მიწოდება შეუძლებელი გახდა. ნიქოზის, ხვითის, ერგნეთის, მეღვრეკისისა და ბროწლეთის მოსახლეობა მეორე წელია პრობლემის მოგვარებას უშედეგოდ ითხოვს.

სარწყავი წყლის პრობლემის მოუგვარებლობაში ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს. ქართული პარტიის წარმომადგენლის, თემურ აფხაზაშვილის აზრით, ხელისუფლებას მართლა ქამრების შემოჭერის პოლიტიკით რომ ემოქმედა, აქამდე პრობლემაც მოგვარდებოდა და კონფლიქტის ზონის სოფლების მცხოვრებლებიც შვებით ამოისუნთქავდნენ.

ხელისუფლება ადასტურებს, რომ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ქართული სოფლები ჩაცვივდნენ. შიდა ქართლის ვიცე-გუბერნატორ ზურაბ ჩხეიძის თქმით, მომავალი წლის დასაწყისში მთლიანად მოგვარდება საირიგაციო პრობლემა. გარდა ამისა, ცენტრალური ბიუჯეტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, სოფლის მეურნეობის განვითარება დაიწყება, რაც ადგილებზე ხეხილის ბაღების განახლებას გულისხმობს.

ნიქოზელები, ერგნეთელები და ხვითელები ახლა გაზაფხულის დადგომას და ხელისუფლების დაპირების შესრულებას ელოდებიან. მათი აზრით, თუ სარწყავი წყლის პრობლემა გაზაფხულამდე არ მოგვარდა, მიწის დამუშავება საერთოდ აზრს დაკარგავს.
XS
SM
MD
LG