Accessibility links

logo-print

ოპოზიციამ აქციის დარბევა გააპროტესტა


ვეტერანთა აქციის დარბევა დღეს რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ გააპროტესტა. დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო აცხადებს, რომ ხელისუფლება ყოველდღიურად დგამს ნაბიჯებს დიქტატურისკენ და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს, უმწვავესი რეაგირება მოახდინონ სააკაშვილის ხელისუფლების მოქმედებაზე. ლეიბორისტული პარტიის შეფასებით, ვეტერანებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობით საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ საკუთარი სახე კიდევ ერთხელ აჩვენა. გმირთა მოედანზე ორშაბათს მომხდარ ფაქტს "ერთი კაცის კაპრიზებზე აგებული კლასიკური კორპორაციული კრიმინალი" უწოდა ქართულმა პარტიამ. ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ გმირთა მოედანზე მომხდარი შეაფასა სამართალდამცავთა მიერ ძალის გადამეტებად და ხელისუფლებას ვეტერანებთან გასაუბრება და მათი მოთხოვნების გათვალისწინება ურჩია. გმირთა მოედანზე დაკავებული ვეტერანების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და მომხდარის გამოძიება მოითხოვა დღეს პარტიამ ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები. მისი ლიდერის, ირაკლი ალასანიას, განცხადებით, სასწრაფოდ უნდა გაირკვეს, ვინ გასცა ვეტერანთა მშვიდობიანი აქციის დარბევის ბრძანება და რას წარმოადგენენ ის გაურკვეველი წარმომავლობის სადამსჯელო ბრიგადები, რომლებიც მთელი სამართალდამცავი სისტემის დისკრედიტაციას ახდენენ. თავისუფალი დემოკრატები კატეგორიულად მოითხოვენ დაუყოვნებლივ შეიქმნას სახელმწიფო კომისია ვეტერანთა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით, რათა მომზადდეს ვეტერანთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამა.
XS
SM
MD
LG