Accessibility links

აქციის დაშლისას დაკავებულები ფულად ჯარიმას გადაიხდიან


თბილისის საქალაქო სასამართლომ 400-400-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა დააკისრა 11 პირს, რომლებიც ორშაბათს გმირთა მოედანზე დააკავეს ვეტერანთა საპროტესტო აქციის დაშლისას. როგორც ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას 10 დღის ვადაში გაასაჩივრებს სააპელაციო წესით. სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” ცნობით, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა დღევანდელ პროცესზე დასასწრებად დარბაზში არ შეუშვეს ჟურნალისტები და რამდენიმე პოლიტიკოსი, მათ შორის დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომლებიც მონიტორინგს აპირებდნენ. დარბაზში არ შეუშვეს არც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც საქმის განხილვის მეთვალყურეობა სურდათ. მანდატურებმა მიზეზად ის დაასახელეს, რომ სხდომა მცირე დარბაზში მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, რომ ორშაბათს გმირთა მოედანზე მიმდინარე შიმშილობის მშვიდობიანი აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა და 11 ადამიანი დააკავა. ვეტერანთა მხარდასაჭერად დღეს გმირთა მოედანზე აქცია დაიგეგმა, თუმცა, სამართალდამცავებმა ტერიტორია ე.წ. ცოცხალი ჯაჭვით გადაკეტეს და შეკრებილ მოქალაქეებს აქციის ჩატარების უფლება არ მისცეს.
XS
SM
MD
LG