Accessibility links

logo-print
2011 წელს ქუთაისი ახალი ბიუჯეტით შეხვდა. ადგილობრივ ხელისუფალთა განმარტებით, ბიუჯეტში პრიორიტეტები ქალაქის უბნების მიხედვითაა გაწერილი. საკრებულოს წევრის, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელის, კახა ნემსიწვერიძის, თქმით, გასული წლის მსგავსად, ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი 2011 წელსაც ქალაქის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯება.

წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტის განხილვა საკრებულოს ხუთ კომისიაში ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა. საკრებულომ აღმასრულებელი ორგანოს მიერ წარდგენილი ბიუჯეტი შესწორებების გარეშე დაამტკიცა, რაც საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა გააპროტესტეს. ოპოზიციური ფრაქციის წევრი, ქრისტიან-დემოკრატი დავით დვალი მიიჩნევს, რომ აუცილებელია მიზნობრივი ტრანსფერისთვის მიმართულების შეცვლა და მისი სოციალურ პროგრამებზე გადანაწილება. საუბარია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპირებაზე, რომ ქალაქში ველობილიკის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 10 მილიონი ლარი გამოიყოფა. ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივით, სასურველია ეს თანხა პენსიებზე 10-ლარიან დანამატს, სოციალურად დაუცველი ოჯახთა სტუდენტების სწავლის თანადაფინანსებასა და მუნიციპალური საავადმყოფოს აშენებას მოხმარდეს.

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში ბოლო ვიზიტისას, ახალი წლის დადგომამდე ორი დღით ადრე, ქუთაისელებს დაჰპირდა, რომ 2011 წელი ქუთაისის წლად გამოცხადდება და ყველა ის დიდი პროექტი გაგრძელდება, რომლებიც გასულ წელს ქუთაისში დაიწყო. პრეზიდენტმა სააკაშვილმა, პარლამენტისა და მთავრობის სახლის შენების გაგრძელებასთან ერთად, ბაგრატის ტაძრის აღდგენის ძირითადი ეტაპის დასრულებაზეც ილაპარაკა.

ქალაქში დაწყებულ მშენებლობებს ქუთაისელთა დიდი ნაწილი იმედისმომცემად მიიჩნევს და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მოლოდინშია. სკეპტიკოსი ქუთაისელების აზრით კი, ხელისუფლების განცხადებების მიუხედავად, მათთვის არაფერი იცვლება და სოციალური პრობლემები მოუგვარებელი რჩება.

ქუთაისის ხელისუფალთ იმედი აქვთ, რომ მიზნობრივი ტრანსფერები 2011 წლის დასრულებამდე გაიზრდება და 100 მილიონ ლარს გადააჭარბებს, რადგან ქალაქში დაწყებული პარლამენტის, მთავრობის სახლისა და სხვა სახელისუფლებო სტრუქტურებისთვის განკუთვნილი მშენებლობები 2012 წლისთვის უნდა დამთავრდეს.
XS
SM
MD
LG