Accessibility links

logo-print

ომის ვეტერანების მხარდამჭერი აქცია


ომის ვეტერანების მხარდამჭერი აქციის ჩატარებას პოლიციამ ხელი შეუშალა

ომის ვეტერანების მხარდამჭერი აქციის ჩატარებას პოლიციამ ხელი შეუშალა

დაახლოებით ერთ საათს გასტანა დაკავებულ ომის ვეტერანთა მხარდამჭერმა აქციამ, რომელიც გმირთა მემორიალთან იყო დაგეგმილი, თუმცა, საბოლოოდ, ვარაზის ხევის სიღრმეში, ჭავჭავაძის გამზირისაკენ გადაინაცვლა.

დღესვე გაიმართა დაკავებული ვეტერანების სასამართლო პროცესი. თერთმეტივე მათგანს საქალაქო სასამართლომ 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. დაკავებულების ადვოკატის განცხადებით, ისინი განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 იანვარს გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომლის თანახმადაც, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ ადგილზე გამოცხადებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნას აეღოთ კარავი, გაუწიეს მათ ფიზიკური წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. შედეგად, ისინი საპატრულო პოლიციამ დააკავა, თუმცა, საბოლოო ჯამში, პოლიციამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დაკავებულებმა აღიარეს თავიანთი უკანონო ქმედება, და სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, დაკავებულებს დაჰკისრებოდათ ადმინისტრაციული სახდელი მხოლოდ ჯარიმის სახით, 400 ლარის ოდენობით. სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დაკავებულ ომის ვეტერანთა მხარდამჭერი აქცია მიწოლით დაიწყო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. რამდენიმე ათეულმა პოლიციელმა და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან შეკრებილი ომის ვეტერანები და აქციის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები ვარაზის ხევის სიღმეში, ჭავჭავაძის გამზირისაკენ გადააადგილა.

სამართალდამცავების ჯაჭვი ვერც საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის ხმამაღლა ჩაკითხვამ გაარღვია: ”ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ; კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება;
ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო”.

შეიძლება ითქვას, რომ აქცია ვერ შედგა. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, აქციის საინიციატივო ჯგუფის გადაწყვეტილებით, აქცია დროზე ადრე დაიშალა. აქციის დაშლის მიზეზი კი საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, მერაბ ჭიქაშვილმა, ასე ახსნა:

”ჩვენ არ ვაპირებთ არანაირ პროვოცირებას. თქვენ ყველამ კარგად დაინახეთ, როგორ დავემორჩილეთ პოლიციას და ამოვყევით იმ ადგილამდე, სადაც მათ მიგვითითეს. შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ სიტუაციის გამწვავებას, ჩვენ არც ერთი მოქალაქე არ გვემეტება იმისათვის, რომ წავიდეთ სადმე, გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი და მგლების ხროვაში ამოვყოთ თავი. ჩვენ ვიშლებით, ოღონდ ვიშლებით ერთი მოტივით: ის, რაც მოხდა გუშინ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს”.

4 იანვარს გამართული აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია საზოგადოებრივი მაუწყებლისაკენ იყო მიმართული. ისინი ცენტრალურ ტელევიზიას მოვლენების ობიექტურად და სრულყოფილად გაშუქებისაკენ მოუწოდებდნენ.

3 იანვარს მოშიმშილეთა აქციის დროს დაკავებული ომის ვეტერანებისა და მათი მხარდამჭერების სასამართლო პროცესი 4 იანვარს 10 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა ის რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო. საქალაქო სასამართლოში სხდომა დახურულად გამოცხადდა. 11-ივე დაკავებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 163-ე და 173-ე მუხლით გაასამართლეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დაკავებულების ერთ-ერთი ადვოკატი, გელა ნიკოლაიშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ისინი სასამართლოს განაჩენს ათი დღის განმავლობაში გაასაჩივრებენ:

”თითოეულ მათგანს შეუფარდეს 400-ლარიანი ჯარიმა, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტები სრულიად საწინააღმდეგოს მეტყველებდა. მათი მხრიდან არანაირ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. ამ ყველაფრის მიუხედავად, მოსამართლემ უარი განაცხადა ჩვენ მიერ წარდგენილი ვიდეომასალის ხილვაზე, სადაც დასტურდებოდა, რომ პატრულის თანამშრომლები აშკარად ცრუობდნენ, როდესაც ამბობდნენ, რომ ეს ადამიანები მათ აგინებდნენ, წინააღმდეგობას უწევდნენ და ა.შ...”

4 იანვარს სასამართლო პროცესზე არ დაუშვეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ლორთქიფანიძე. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, მას საქალაქო სასამართლოს მანდატური დაკავებით დაემუქრა.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ შიმშილობის აქცია, რომელიც ომის ვეტერანებმა, სოციალური მოთხოვნებით, გმირთა მემორიალთან 27 დეკემბერს დაიწყეს, თბილისის მერიის ადმინისტრაციისაგან ნებადართული იყო. ამას მოწმობს 27 დეკემბრით დათარიღებული წერილი, რომელიც ომის ვეტერანებმა ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის უფროს ირაკლი აბესაძისაგან მიიღეს. თუ რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ მოშიმშილეთა მშვიდობიანი აქციის დარბევა და აქციის მონაწილეთა დაკავება, ეს კითხვა კვლავ პასუხგაუცემელი რჩება, მით უმეტეს, რომ, ისევ და ისევ მოშიმშილე ომის ვეტერანების განცხადებით, შიმშილობის აქცია კიდევ სამ დღეს გასტანდა და დასრულდებოდა.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ნუგზარ წიკლაურის, დამოკიდებულებას ვეტერანთა აქციის დარბევისადმი, ის აცხადებს, რომ ვეტერანებმა დაღუპულ გმირთა ხსოვნის მემორიალთან ლეიბები და ”ლეჟანკები” არ უნდა დაყარონ. მისი თქმით, მემორიალის ანტისანიტარიის ბუდედ ქცევა მიუღებელია და ამ მხრივ ერთგვარი ეთიკის ნორმები საქართველოშიც უნდა დამკვიდრდეს.

4 იანვარს გავრცელდა საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალური განცხადებაც, რომლის თნახმადაც, ის საქართველოს მთავარ პროკურორსა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს მოთხოვნით, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები, კერძოდ, დააყენონ იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც 2011 წლის 3 იანვარს, გმირთა მოედანზე მიმდინარე ომის ვეტერანთა აქციის დაშლის დროს, საქართველოს კანონმდებლობა დაარღვიეს.
XS
SM
MD
LG