Accessibility links

ირანი უცხოელ დიპლომატებს იწვევს თავის ბირთვულ ობიექტებზე


ირანი: ურანის გადამამუშავებელი საწარმო თეირანის სამხრეთით, 250 კმ-ში მდებარე ნატანცში

ირანი: ურანის გადამამუშავებელი საწარმო თეირანის სამხრეთით, 250 კმ-ში მდებარე ნატანცში

ირანმა თავისი ბირთვული ობიექტების დასათვალიერებლად მიიწვია უცხოელი დიპლომატები, რომლებიც აკრედიტებული არიან ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში. თეირანის ინიციატივის ფონია მისი ბირთვული პროგრამით გამოწვეული უთანხმოება: როგორც ცნობილია, დასავლეთში შიშობენ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ბირთვული იარაღის დამზადებას ემსახურება. თეირანი კი ამ ბრალდებას უარყოფს.

მიმდინარე თვეში სტამბული უმასპინძლებს ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების მორიგ რაუნდს. მასზე ირანის გარდა, ექვსი სახელმწიფოს - შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩინეთის, რუსეთისა და გერმანიის - წარმომადგენლები შეიკრიბებიან. მანამდე კი ირანმა თავისი ბირთვული ობიექტების დასათვალიერებლად მიიწვია უცხოელი დიპლომატები. ირანის საგარეო უწყების პრესმდივან, რამინ მეჰმანპარასტის განცხადებით, მათ შორის არიან ზემოხსენებული ექვსი სახელმწიფოს წარმომადგენლებიც - თუმცა, როგორც ჩანს, არა ექვსივე სახელმწიფოსი. შეკითხვას, მიიწვიეს თუ არა ამერიკელი დიპლომატები, მეჰმანპარასტიმ უპასუხა: მიწვეული ქვეყნების სია, მასზე მუშაობის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდებაო.

შეერთებული შტატების პირველი რეაქცია იყო სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნის განცხადება, რომ მიწვევა ვერ გაათავისუფლებს ირანს ვალებულებისაგან, ითანამშრომლობს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან.

რაც შეეხება ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების მონაწილე ექვსეულის დანარჩენ წევრებს, უკვე დასტურდება, რომ ირანში მიწვეულებს შორიან არიან ჩინეთისა და რუსეთის წარმომადგენლები. იუწყებიან აგრეთვე, რომ ირანისაგან წერილი მიიღო უნგრეთმაც, რომელიც ევროკავშირის ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარეა.

რომელ ობიექტებზე მიიყვანენ უცხოელ დიპლომატებს, არ დაკონკრეტებულა - ყოველ შემთხვევაში, ირანის საგარეო უწყების პრეს-მდივნის გამოსვლაში. საინფორმაციო სააგენტო ასოშიეიტიდ პრესის ცნობით, მან დიპლომატიური წყაროებიდან შეიტყო, რომ აპირებენ უცხოელებისთვის ბუშერის ბირთვული საწარმოსა და ნატანცის ურანის გადამამუშავებელი საწარმოს ჩვენებას.

რამინ მეჰმანპარასტის განცხადებით, ისლამური რესპუბლიკის ინიციატივა მის „კეთილ ნებას“ ცხადჰყოფს: „ახალი ნაბიჯი - სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების მოწვევა ჩვენი ბირთვული ობიექტების მოსანახულებლად, კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს ჩვენი ქვეყნის კეთილ ნებას თანამშრომლობასა და მშვიდობიან საქმიანობაში“.

ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების წინა რაუნდი დეკემბრის დასაწყისში, ჟენევაში გაიმართა - მოლაპარაკების პროცესში, დაახლოებით, ერთწლიანი პაუზის შემდეგ. თუმცა, მნიშვნელოვანი პროგრესის იმედი ამაო გამოდგა: დასავლეთი კვლავაც შიშობს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება. შესაბამისად, ძალაში რჩება გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ შემოღებული სანქციები და მოთხოვნა, რომ ირანმა შეწყვიტოს ურანის გამდიდრება. მაღალგამდიდრებული ურანი ბირთვული იარაღის დასამზადებლადაც არის გამოსადეგი. ირანი კვლავინდებურად უარს ამბობს ამ მოთხოვნის შესრულებაზე და ირწმუნება, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

ბოლოს ისიც უნდა ითქვას, რომ გაეროს ატომური სააგენტოს ექსპერტები რეგულარულად ჩადიან ირანის ბირთვულ ობიექტებზე, თუმცა ვენაში, სადაც სააგენტოს შტაბ-ბინა მდებარეობს, არცთუ იშვიათად გამოთქვამენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ ირანი სათანადოდ არ თანამშრომლობს გაეროს უწყებასთან.
XS
SM
MD
LG