Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთის ერთგულება დემოკრატიისადმი ეჭვქვეშაა - ამ დროს კი ის ევროკავშირის თავმჯდომარე გახდა


უნგრეთის დროშა
უნგრეთის დროშა
უნგრეთი პირველად გახდა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ. ამის ფონზე ბევრს გაუჩნდა ეჭვი, რომ მედიის შესახებ ახალი კანონი ამ ქვეყანას, უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე დემოკრატიული აღმასვლის შემდეგ, სოციალისტურ ეპოქაში აბრუნებს.

ნახევარი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც უნგრეთში საბჭოთა ტანკები შეიჭრნენ და ამბოხება სისხლში ჩაახშვეს. 20 წლის წინ ეს სახელმწიფო, სოციალისტური ბანაკის წევრი, გერმანიის გამყოფი საზღვრის, ბერლინის კედლის დანგრევის აქტიური მონაწილე იყო - მან პირველმა გაატარა თავის ტერიტორიაზე დასავლეთ გერმანიის მიმართულებით აღმოსავლეთგერმანელი ლტოლვილები. რამდენიმე დღის წინ ახალი ხანა დადგა ამ დემოკრატიის გზაზე დამდგარი ქვეყნის ისტორიაში - ის, ბლოკში გაწევრიანებიდან ექვსი წლის შემდეგ პირველად, ევროკავშირის თავმჯდომარეა. დეკემბრის ბოლოს, ბუდაპეშტში ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, თავმჯდომარეობის პრიორიტეტულ თემად გაფართოება გამოაცხადა. ორბანი ამბობს, რომ ევროკავშირში შესვლა მის მსგავს სხვა ქვეყნებს საშუალებას მისცემს საკუთარი საშინაო საქმეები მოაგვარონ:

მორიგეთავმჯდომარეობას ხშირად გამოწვევად განიხილავენ და ეს არის კიდეც გამოწვევა, მაგრამ მე მაინც სხვაგვარად ვუყურებ მას...
„გვსურს ევროკავშირის გაფართოების იმპულსი კვლავ გავააქტიუროთ. გაფართოება საშინაო პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება ახალ წევრებს, რადგან ვინც იზრდება, ვითარდება და ფართოვდება, მომავლის უფრო დიდი რწმენა აქვს. ევროკავშირს კი იმის მტკიცე რწმენა სჭირდება, რომ აქვს პერსპექტივა“.

უნგრეთი, კერძოდ, აპირებს ხორვატიასთან გაფართოების შესახებ მოლაპარაკება პირველი ივნისისთვის დაასრულოს. თავმჯდომარეობის პერიოდშივე ეს ქვეყანა აპირებს ევროპის კავშირის მასშტაბით იმსჯელონ ევროპელი ბოშების საკითხზე, რადგან, ამ ქვეყნის ოფიციალური პირების აზრით, ეს არ არის მხოლოდ შუა ევროპის პრობლემა. მოელიან ასევე, რომ უნგრეთი შეეცდება მიიღონ ევროპის კავშირის კანონი ახალი ეკონომიკური ზომების შესახებ, რათა საბერძნეთისა და ირლანდიის მსგავსი საბიუჯეტო დეფიციტის გამო კრიზისი არ განმეორდეს. ევროკავშირის პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რუმპემ, როცა უნგრეთის მიერ თავმჯდომარეობის ჩაბარების შესახებ ლაპარაკობდა, ამ ქვეყანას მიმართა: რთული პერიოდი იქნება, მაგრამ თქვენ, ქვეყანა, რომელსაც თავისი განუმეორებელი წვლილი აქვს შეტანილი ევროპის კულტურაში, ხეირსაც ნახავთო:

„მორიგეთავმჯდომარეობას ხშირად გამოწვევად განიხილავენ და ეს არის კიდეც გამოწვევა, მაგრამ მე მაინც სხვაგვარად ვუყურებ მას. ჩემი აზრით, ეს, პირველ რიგში, უნგრეთისთვის შესაძლებლობაა, დაამტკიცოთ თქვენი მზადყოფნა იმოქმედოთ საერთო საქმის, საერთო ინტერესებისთვის და ამას შემატოთ თქვენივე ”არომატი”, რითაც უნგრელები ყოველთვის ცნობილნი იყვნენ“.

ამ ქვეყანაში, დემოკრატიის დაწყებიდან ოც წელიწადში, შემოიღეს კანონი, რომელიც, ფილოსოფიური კუთხიდან რომ შევხედოთ, ერთპარტიული რეჟიმების ერთ-ერთი ყველაზე ტიპური მახასიათებელი იყო...
თუმცა ბევრი შიშობს, რომ ამჯერად უნგრეთი, თავისი ”არომატით”, რომელსაც მოიტანს ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში, ცუდ ”გემოსაც” დაუტოვებს ევროპას. როცა ვან რუმპე ამ სიტყვებს ამბობდა, უნგრეთის პარლამენტი კენჭს უყრიდა მედიის შესახებ კანონს. ეს კანონი კი მედიაზე კომუნისტების მმართველობის დროინდელი სახელმწიფო კონტროლის მსგავს შეზღუდვებს გულისხმობს. ახალი კანონი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესახებ ყველა სუბიექტის ზედამხედველობის უფლებას ანიჭებს მედიის ახალ საბჭოს, რომელიც მხოლოდ მმართველი პარტიის - ორბანის „ფიდესის“ - წევრებისგან შედგება. საბჭო, რომელიც უფლებამოსილია ათეულათასობით დოლარის ოდენობის ჯარიმები დაუწესოს მედიასაშუალებებს, მოელიან, რომ გამოიყენებს თავის ძალაუფლებას, დაიცვას მედია ადამიანის ღირსების შემლახავი და გაუწონასწორებელი ინფორმაციისგან. მის ხელშივე იქნება მედიასაშუალებების რეგისტრაცია, რაც, საფიქრებელია, მათ სახელმწიფო ზეწოლის ქვეშ მოაქცევს. უნგრელი ჟურნალისტები წინ აღუდგნენ ახალ კანონს. კრიტიკულია ახალი კანონის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობაც. საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ეუთომ, ასევე უფლებადამცავმა ჯგუფებმა - მათ შორის, „ფრიდომ ჰაუსმა“ - უარყოფითი შეფასება მისცეს სიახლეს. უნგრელი მწერალი და ჟურნალისტი მიკლოშ ჰარასტი ორი ვადით იყო ეუთოს წარმომადგენელი მედიის უფლებების დაცვის სფეროში. ახლა ის ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში გლობალური პრესის საკითხებს ასწავლის. ჰარასტი უნგრეთის მედიის ახალ კანონს დიდ სირცხვილს უწოდებს:

„ვიქტორ ორბანის მთავრობამ მედიას „პოლიტიკური რეალობის“ ასახვა დაავალა. ასეა ფორმულირებული კანონში. ამ ქვეყანაში, დემოკრატიის დაწყებიდან ოც წელიწადში, შემოიღეს კანონი, რომელიც, ფილოსოფიური კუთხიდან რომ შევხედოთ, ერთპარტიული რეჟიმების ერთ-ერთი ყველაზე ტიპური მახასიათებელი იყო. ამ კანონის თანახმად, ჟურნალისტიკა სახელმწიფოს ერთიანობის სამსახურში უნდა ყოფილიყო“.

ორბანის მთავრობის მიერ ასეთი კანონის შემოღება ბევრისთვის მოულოდნელი იყო, რადგან ორბანს იცნობენ როგორც ანტიკომუნისტ აქტივისტს, უუნარო სოციალისტური მთავრობის პოპულარულ ალტერნატივას, რომელმაც სამართლიან ბრძოლაში დაამარცხა მეტოქე. ამასვე ამბობს და ამის გამოვე გამოთქვამს გაკვირვებას ცნობილი ჟურნალისტი ენ ეპლბაუმი „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც ის წერს, რომ ორბანმა არ იკმარა მოსახლეობის მხარდაჭერა, პარლამენტში სრული უმრავლესობა და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შექმნა საბჭო, რომელმაც უნდა შეცვალოს კონსტიტუცია, დაფინანსება ჩამოართვა აუდიტის სახელმწიფო უწყებას და შეუზღუდა უფლებები უზენაეს სასამართლოს; ახლახან კი მისმა პარლამენტმა მიიღო მედიის შესახებ კანონი, რომელიც ძნელი სათქმელია როგორ იმოქმედებს, თავისი ბუნდოვანი ფორმულირებების გამო. ოდნავ ქვემოთ ეპლბაუმი კონკრეტულ სირთულეებზე ლაპარაკობს: კანონი არა მხოლოდ ადგილობრივი მედიის, არამედ ინტერნეტისა და სხვა გზით მიღებული ინფორმაციის გაკონტროლებასაც გულისხმობს, რაც, როგორც ერთმა უფლებადამცავმა ორგანიზაციამ შენიშნა, შეუძლებელია. მაგრამ, ეპლბაუმის აზრით, ეს, ყოველ შემთხვევაში, გამოიწვევს მასობრივი ზედამხედველობისა და კონტროლის სისტემის შექმნას. სტატიის ბოლოს ეპლბაუმი ორბანს შეახსენებს, რომ ის სოციალისტურ ქვეყანაში გაიზარდა და ამან უნდა შეუშალოს ხელი მის პარტიას, კიდევ ერთი ასეთი ქვეყანა შექმნას. უნგრეთის ახალმა კანონმა მედიის შესახებ რეაქცია გამოიწვია დასავლეთის არაერთ ქვეყანაში. კრიტიკოსთა შორის იყო გერმანიის ადამიანის უფლებათა კომისარი მარკუს ლიონინგი, რომელმაც უნგრეთს მოუწოდა გადახედოს ამ ახალ კანონს, რამდენადაც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, უნგრეთი, არა მხოლოდ უნდა იზიარებდეს ევროკავშირის საერთო დემოკრატიულ პრინციპებს, არამედ უნდა იცავდეს კიდეც მათ. თვითონ ორბანი კრიტიკის მიმართ მდგრადია. მისი თქმით, დასავლეთის არაერთ ქვეყანას აქვს ასეთივე კანონი, ჩვენ კრიტიკის არ გვეშინიაო. თუმცა, მისმა პრესმდივანმა, პეტერ სვიარტომ, განაცხადა, რომ მთავრობას სურს ახალ კანონზე იმსჯელოს.

დაბოლოს, ვიტყვი, რომ ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში უნგრეთისგან, როგორც ყოფილი სოციალისტური ქვეყნისაგან, გარკვეულ მხარდაჭერას მოელიან ადრე მისივე მსგავსი ბედ-იღბლის მქონე ქვეყნები - მათ შორის, საქართველო - ევროკავშირთან დაახლოების საქმეში. როგორც ზემოთაც ითქვა, ზოგადად ბლოკის გაფართოების საკითხს უნგრეთი პრიორიტეტს ანიჭებს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG