Accessibility links

logo-print

კოკოითის მმართველობის ბოლო წელი


ერთ-ერთი საჯარო დაწესებულების ინტერიერი ცხინვალში

ერთ-ერთი საჯარო დაწესებულების ინტერიერი ცხინვალში

კოკოითის მმართველობა კიდევ 10 თვეს გაგრძელდება. ნოემბრის დასაწყისში დე ფაქტო რესპუბლიკაში ახალი პრეზიდენტის არჩევა მოუწევთ.

კოკოითიმ უკვე განაცხადა, რომ კონსტიტუციის შეცვლას და მესამე ვადით კენჭისყრას არ აპირებს. მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე დე ფაქტო ლიდერმა მემკვიდრე არ დაასახელა, მაგრამ აღნიშნა, რომ ცხინვალში არიან ახალგაზრდები, რომლებიც ღირსეულად გააგრძელებენ მის პოლიტიკურ კურსს.

დე ფაქტო რესპუბლიკაში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები 2006 წლის 12 ნოემბერს ჩატარდა. ამ დროს ედუარდ კოკოითი მეორე ვადით გახდა პრეზიდენტი. დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუციით, მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ აქვს. ცხინვალში უკვე აქტიურად საუბრობენ კოკოითის მემკვიდრეზე. დე ფაქტო რესპუბლიკის ამჟამინდელი გენერალური პროკურორი, თეიმურაზ ხუგაევი, მისი ნათესავია და მთავარ კანდიდატად მას განიხილავენ.

რაც შეეხება ოპოზიციას, შეიძლება ითქვას, რომ იგი ცხინვალში არ არსებობს. ყველა პარტია, რომელიც ცხინვალში პოლიტიკურ საქმიანობას ახორციელებს, კოკოითთან თანამშრომლობს. დე ფაქტო პრეზიდენტის ნამდვილი ოპოზიცია ამჟამად მოსკოვში იმყოფება. ცხინვალიდან გასულ პირებს კოკოითის მიმართ არა მარტო პოლიტიკური, არამედ პირადი წყენაც აქვთ. ისინი ალბერტ ჯუსოევისა და ჯამბულატ თედეევის - მეტსახელად დიკის - გარშემო არიან გაერთიანებულნი. დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი გენერალური პროკურორი, ახსარ კოჩიევი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ცხინვალში ამჟამად ტირანული რეჟიმია და იქ ნამდვილი ოპოზიციის საქმიანობა შეუძლებელია. მოსკოვური ოპოზიციის წარმომადგენლები ცხინვალში ჩასვლას დიდი ხანია ვერ ახერხებენ, რადგან მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული. ახსარ კოჩიევის აზრით, კოკოითი მემკვიდრეს იმიტომ ირჩევს, რომ მომავალი გარანტირებული ჰქონდეს:

„ეს ადამიანი (კოკოითი) ტირანია. იგი ყველაფერს საკუთარი კეთილდღეობისთვის აკეთებს. არაფერია გასაკვირი იმაში, თუ პრეზიდენტი, ტირანი და სატანა, მემკვიდრეს მოამზადებს, იმიტომ რომ, თუ ის მემკვიდრეს არ შეარჩევს, მაშინ მას საკუთარი ცხოვრების და მომავლის შიში ექნება“.

კოკოითი ამბობს, რომ ყველა დაპირება, რაც მან 2001 წლიდან გასცა, პირნათლად შეასრულა. დე ფაქტო ლიდერი თავის მთავარ დამსახურებად დე ფაქტო რესპუბლიკის რამდენიმე ქვეყნის მიერ აღიარებას მიიჩნევს, რასაც ოპოზიცია კატეგორიულად არ ეთანხმება. მათი აზრით, კოკოითის მმართველობის პერიოდში კორუფციამ დე ფაქტო რესპუბლიკაში არნახულ მასშტაბს მიაღწია. ჩავარდა აღდგენითი სამუშაოების პროცესი და კვლავ მძიმეა დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. დაბოლოს, ოპოზიციის აზრით, დე ფაქტო ლიდერმა ომის დროს საკუთარი ხალხი გასაჭირში მიატოვა და რუსეთში გაიქცა, საიდანაც 58-ე არმიასთან ერთად დაბრუნდა.

როგორც ცნობილია, მოსკოვში შეკრებილი ოპოზიციის წარმომადგენლები ფინანსურად კარგად არიან უზრუნველყოფილნი. ჯუსოევს და თედეევს რუსეთის დედაქალაქში საკუთარი ბიზნესი აქვთ. გარდა ამისა, მათ მხარს უჭერს დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ანატოლი ბარანკევიჩი, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის გმირად არის გამოცხადებული. ამ რესურსით და პრემიერ-მინისტრ პუტინთან სიახლოვის გათვალისწინებით, ოპოზიციას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება, წესით, არ უნდა გაუჭირდეს; თუმცა დე ფაქტო პარლამენტმა, სადაც უმრავლესობას კოკოითის მომხრეები შეადგენენ, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებით, პრეზიდენტობის მსურველთათვის დე ფაქტო რესპუბლიკაში 10-წლიანი ცხოვრების ცენზი დააწესა. ამ ცვლილების მიხედვით, ოპოზიციის ლიდერს ალბერტ ჯუსოევს კენჭისყრაში მონაწილეობა არ შეუძლია. ახსარ კოჩიევს იმედი არა აქვს, რომ ერთი წლის განმავლობაში პარლამენტი გადაწყვეტილებას შეცვლის, მაგრამ ოპოზიცია საპრეზიდენტო სავარძლისთვის მაინც იბრძოლებს.

ცხინვალში წინასაარჩევნო კამპანია მალე აქტიურ ფაზაში გადავა. ქართველი ექსპერტების აზრით, ყველანაირი დაპირისპირების მიუხედავად, დე ფაქტო რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტი კრემლის მიერ შერჩეული კაცი გახდება; ამიტომ მთავარი ბრძოლა კოკოითის და მის ოპოზიციას ახლა კრემლის კარზე მოუწევთ, რათა საკუთარი კანდიდატი უფრო სასურველი გახადოს როგორც პუტინისთვის, ისე მედვედევისათვის.
XS
SM
MD
LG